კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი 30 მარტს საქართველოდან დასმულ შეკითხვებს ონლაინ რეჟიმში პასუხობდა. საქართველოს ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში, კიდევ ერთხელ გამეორდა ნატოს სურვილი დაუახლოვდეს საქართველოს და დაეხმაროს ქვეყანას თავდაცვითი პოტენციალის გაზრდაში. პარალელურად, შესაძლებელია თანამშრომლობა ნატოს ცალკეულ ქვეყნებთან, თავდაცვითი საშუალებების მოპოვების თვალსაზრისით, და ეს არის საკითხი, რომლის გამოც ერთმანეთს საქართველოს ხელისუფლება და „თავისუფალი დემოკრატები“ დაუპირისპირდნენ.
ჯეიმს აპატურაისთვის დასმული შეკითხვების უმრავლესობა იყო იმის გაგების მცდელობა, თუ როდის უნდა მოელოდეს საქართველო მეტს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან და რა შეიძლება იყოს ეს მეტი?
მაგრამ ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ ნამდვილად არ იცის, თუ რა შეიძლება მიიღოს საქართველომ, მაგალითად, ვარშავის სამიტზე 2016 წლის ზაფხულში, ანდა როდის და როგორ გადაწყვეტენ ნატოს წევრი ქვეყნები ალიანსის გაფართოებას. თუმცა ერთი რამ ცხადია: ნატო კვლავაც ერთგულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ (მას შემდეგ, რაც სტანდარტებს დააკმაყოფილებს) საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. გარდა ამისა, ჯეიმს აპატურაი ამბობს, რომ სწრაფი ტემპით მიმდინარეობს „არსებითი პაკეტით“ გათვალისწინებული გეგმის შესრულების პროცესი, საქართველოს მთავრობა გულმოდგინედ მოქმედებს და რომ ერთობლივი წვრთნა 2015 წლის ზაფხულში გაიმართება. წერილობით გაგზავნილ შეკითხვებს ჯეიმს აპატურაი 30 მარტს ასევე წერილობით პასუხობდა. ის საქართველოს მიერ თავდაცვითი საშუალებების მოძიების შესაძლებლობაზეც აკეთებს აქცენტს:
„საქართველოში ჩვენ ვქმნით ერთობლივ საწვრთნელ ცენტრსა და თავდაცვითი პოტენციალის განვითარების სკოლას, რა მიზნითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მივავლენთ ექსპერტებს. პარტნიორების ჩართულობით ნატოს წვრთნა საქართველოში ამ წელს ჩატარდება. არსებითად, ეს იქნება მეტი ნატო საქართველოში - როგორც ხედვის ჩამოყალიბების, ასევე კონკრეტული დახმარების კუთხით. თუკი ცალკეული ქვეყნები გადაწყვეტენ საქართველოს დახმარებას ორმხრივ ფორმატში, აღჭურვილობის მიწოდებისა თუ წვრთნის თვალსაზრისით, ეს მხოლოდ შეავსებს ნატოს ძალისხმევას“.
ჩვენ ნაბიჯებს ვდგამთ მხოლოდ წინ, მათ შორის - საჰაერო შესაძლებლობების განვითარების კუთხით, მათ შორის – ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარების კუთხით...მინდია ჯანელიძე
წევრი ქვეყნების საქართველოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ნატო უკვე კარგა ხანია ლაპარაკობს და, კერძოდ, მას შემდეგ, რაც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოსთვის თავდაცვითი საშუალებების მიწოდების მოთხოვნით მიმართა. ის პერიოდულად ატყობინებდა მედიას, რომ პროცესი ამ მხრივ წარმატებით მიიწევდა წინ. ამ კუთხით, საგანგებო ყურადღების ცენტრში მოექცა საფრანგეთი. პოსტიდან გათავისუფლებამდე მხოლოდ მიანიშნა, ხოლო გათავისუფლების შემდეგ ირაკლი ალასანიამ არაერთხელ განაცხადა, რომ საფრანგეთში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს მას თავდაცვის ამჟამინდელმა მინისტრმა მინდია ჯანელიძემ დაურეკა და მემორანდუმისთვის ხელმოწერაზე უარის თქმა მოსთხოვა, მაგრამ ის ამ მოთხოვნას არ დაემორჩილა. თავად მინდია ჯანელიძე, როგორც მან 30 მარტს განაცხადა, უსაფუძვლოდ მიიჩნევს ოპონენტების ეჭვებსა და შიშს საქართველოს მიერ თავდაცვითი შესაძლებლობების დაკარგვის თაობაზე:
თავდაცვითი შეიარაღების გადმოცემაზე ხელის შეშლა არის სახელმწიფო მავნებლობა. რა თქმა უნდა, ეს საკითხი არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის... რა თქმა უნდა, მე არ მისაუბრია და არც ვისაუბრებ ამ თემის ტექნიკურ დეტალებზე...ირაკლი ალასანია
„ჩვენ ნაბიჯებს ვდგამთ მხოლოდ წინ, მათ შორის - საჰაერო შესაძლებლობების განვითარების კუთხით, მათ შორის – ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების განვითარების კუთხით... ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და ყოველი ზედმეტი სიტყვა - მით უმეტეს, საიდუმლო თემებზე ღიად და საჯაროდ საუბარი - მხოლოდ ზიანის მომტანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკავონ და ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხებზე საუბარს. ყველაფერი არის ძალიან კარგად“.
მართალია, მინდია ჯანელიძის გვარი მართლაც ფიგურირებდა ირაკლი ალასანიას კომენტარებში, მაგრამ მას ის მხოლოდ შემსრულებლად მიიჩნევს და საფრანგეთთან წარმატებული მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაში მთელ პასუხისმგებლობას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აკისრებს.
„თავდაცვითი შეიარაღების გადმოცემაზე ხელის შეშლა არის სახელმწიფო მავნებლობა. რა თქმა უნდა, ეს საკითხი არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის... რა თქმა უნდა, მე არ მისაუბრია და არც ვისაუბრებ ამ თემის ტექნიკურ დეტალებზე... მაგრამ გადაწყვეტილებების მიღების ხელშეშლა რომ იყო, ეს არის ფაქტი და ამაზე, ბუნებრივია, მას მომავალში პასუხი მოეთხოვება“, – განაცხადა 26 მარტს ირაკლი ალასანიამ, პრემიერ-მინისტრის კრიტიკის საპასუხოდ.
ამ ეტაპზე ზუსტი დასკვნების გამოტანა ძნელია, რადგანაც, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მხარეები დეტალებს არ აკონკრეტებენ. თუმცა, როგორც ირაკლი ალასანია აცხადებს, მის მიერ საფრანგეთში ხელმოწერილ მემორანდუმს მოქმედების ვადა მარტის ბოლოს ამოეწურება და თუკი საქართველოს მთავრობა ამას დაუშვებს, მაშინ ის იძულებული იქნება საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდოს ამ საკითხთან დაკავშირებით.