საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა მინისტრთა კაბინეტის წევრების დანიშვნის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, მინისტრები ოფიციალურად შეუდგნენ თანამდებობრივი უფლებამოსილების შესრულებას. 28 ნოემბერს მინისტრის თანამდებობაზე პირველი სამუშაო დღე ჰქონდათ ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებს, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კი ფინანასთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა. რის გაკეთებას აპირებენ მთავრობის ახალი წევრები პირველ რიგში და რას ურჩევენ მათ პოლიტიკისა და ეკონომიკის ექსპერტები?
საქართველოს მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკასთან, რომლის ზრდის ტემპი, საგარეო თუ სხვა სახის ფაქტორების გამო, მნიშვნელოვნად შენელდა. ეკონომიკის ახალი მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ მისი უწყების ძალისხმევა მიმართული იქნება დასაქმების მაჩვენებლისა და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისკენ:
„ეკონომიკა არის ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენ ერთად - ახალი გუნდით, ახალი მთავრობით - დავძლევთ ყველა ამ გამოწვევას, რომელიც ჩვენს წინაშე დგას“.
გიორგი გახარიას თქმით, უნდა შემცირდეს სავაჭრო დეფიციტი, რისთვისაც საჭიროა ექსპორტის წამახალისელებელი ნაბიჯების გადადგმა, რაც, საბოლოო ჯამში, დადებით ასახვას პოვებს ეროვნული ვალუტის კურსზეც. ლარის დევალვაციის შეჩერება და 2017 წლის ბიუჯეტის შედგენა იქნება ფინანსთა ახალი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის, მთავარი საზრუნავი.
„ხვალ საქართველოს მთავრობის წინაშე წარსადგენი გვაქვს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც შემდეგ საქართველოს პარლამენტში უნდა განიხილონ. ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება ფინანსთა სამინისტროში. დარწმუნებული ვარ, რომ ფიანანსთა სამინისტრო, როგორც მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანაში, ძალიან მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ქვეყნის სწრაფი განვითარების მიმართულებით“, განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომლის თქმით, 2017 წლის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 30 პროცენტი სოციალური სფეროს დაფინანსებას მოხმარდება, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე კი 20-მდე დაიხარჯება. სწორედ ამ თანხით აპირებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების ახალი მინისტრი, გიორგი ალავიძე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.
თუმცა პოლიტიკისა და ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ მთავრობას ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად განსაკუთრებული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. თორნიკე შარაშენიძის თქმით, უმთავრესი პრობლემა ლარის არასტაბილური კურსი და ეკონომიკის ზრდის დაბალი ტემპია, რაც ვერ შეიცვლება მიდგომების შეუცვლელად:
„მიდგომების შეცვლის გარეშე გაუჭირდება სერიოზულად, იმიტომ რომ გარე ფაქტორებიც არ უწყობთ ხელს. რეგიონში საკმაოდ მძიმე სიტუაციაა: რუსეთსა და უკრაინაში კრიზისი, აზერბაიჯანშიც მაღალია კრიზისის საფრთხე. ეს ყველაფერი მოქმედებს ჩვენზე. ამას ემატება ბიუროკრატიაზე გაზრდილი ხარჯები, რაც ხელს არ უწყობს ეკონომიკის წინსვლას და რამე თუ არ მოიფიქრეს და შეცვალეს არსებითად, გაუჭირდებათ ძალიან - ეს არის, ჩემი აზრით, მთავარი გამოწვევა. საგარეო პოლიტიკაში გარღვევებს არავინ არ ელოდება, თუმცა თუ არ იქნება უვიზო მიმოსვლა უახლოეს მომავალში, ესეც დაარტყამს ახალი მთავრობის პრესტიჟს, თუმცა მთავარი მაინც ეკონომიკაა“, უთხრა თორნიკე შარაშენიძემ რადიო თავისუფლებას.
ეკონომიკას მიიჩნევს მთავარ გამოწვევად ლევან კალანდაძეც, რომლის თქმითაც, ეროვნული ვალუტის გამყარების მიზნით, სახელმწიფოს მხარდაჭერითა და სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ბიზნესსესხები მხოლოდ ლარში უნდა გაიცეს, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრული სახელმწიფო ადმინისტრაციული ხარჯები კი უნდა შეიზღუდოს, რის საფუძველზე, შესაძლოა, 200-250 მლნ ლარის ეკონომია გაკეთდეს. ლევან კალანდაძე ასახელებს ორ ძირითად პრობლემას:
„პირველი უკავშირდება ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხს და მეორე ეს არის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც, ერთი მხრივ, ხელშემწყობი უნდა გახდეს თავად ფინანსური სტაბილურობისა, სწორი ხარჯვითი პოლიტიკის განხორციელებისა. ამავდროულად, 2017 წლის ახალი ბიუჯეტი უნდა გახდეს ეკონომიკის ზრდაზე ორიენტირებული გარემოს ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი“.
ლევან კალანდაძე მთავრობას ურჩევს, ასევე, მთელ რიგ პროდუქტზე აქციზის გადასახადის გაზრდას და სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული აქტივების - მათ შორის, ე. წ. მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების - სრულ ან ნაწილობრივ პრივატიზებას. რაც შეეხება ქვეყნის წინაშე არსებულ საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებს, უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის შეცვლა და ევროკავშირის ქვეყნებში მოახლოებული არჩევნები, კონსერვატორებისა და ევროსკეპტიკოსების წარმატებები საქართველოს ხელისუფლებისაგან მეტ აქტიურობას მოითხოვს. მთავრობამ ახლავე უნდა დაამყაროს ინტენსიური კავშირები როგორც ტრამპის ადმინისტრაციასთან, ასევე იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებსაც აქვთ პერსპექტივა ხელისუფლებაში მოსვლისა ევროკავშირის წამყვან სახელმწიფოებსა და ყოფილ საბჭოთა სივრცეში.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ მოძრაობებს ძალიან დიდი როლი აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება შემხვედრი ნაბიჯები აშშ-დან თუ ევროკავშირის ქვეყნებიდან. მით უმეტეს ახლა, როცა ყველა ელის ძალიან მნიშვნელოვან და არცთუ სასიამოვნო გარდაქმნებს როგორც ამერიკის, ასევე ევროპის საგარეო პოლიტიკაში. ასეთ დროს, მით უმეტეს, საქართველოს მართებს ძალიან სწორი ანალიზი მიმდინარე პროცესების და ძალიან ინტენსიური ურთიერთობები და ინტენსიური შეთავაზება საქართველოსი, როგორც უმნიშვნელოვანესი პარტნიორისა ამ რეგიონში“, უთხრა რადიო თავისუფლებას ხათუნა ლაგაზიძემ, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევად მიიჩნევს, ასევე, უსამართლო საარჩევნო სისტემას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საზოგადოების რეალური განწყობების ასახვას საქართველოს პარლამენტში, რაც, თავის მხრივ, იწვევს საზოგადოების მღელვარებასა და დესტაბილიზაციას.