11 ივლისს მსოფლიო მოსახლეობის დღე აღინიშნება, რომლის მთავარი გზავნილი წელს უსაფრთხო მშობიარობა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობაა. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში და რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა?
უკანასკნელი ინფორმაცია ერთ-ერთ სამშობიარო სახლში 22 წლის ქალის გარდაცვალების შესახებ დაახლოებით ერთი კვირის წინ გავრცელდა. ამ ფაქტს წინ კიდევ ერთი მშობიარეს სიკვდილი უძღოდა: 27 წლის ქალი საკეისრო კვეთისას გარდაიცვალა. ორივე შემთხვევაში გარდაცვლილების ახლობლები ბრალს ექიმებს სდებენ:
- დაგვიბარეს, ოპერაცია უნდა გავუკეთოთო, საშვილოსნო უნდა ამოვჭრათო. ჩვენ ვუთხარით, ოღონდ გოგო გადარჩეს და რაც გინდათ, ის გააკეთეთო.
- ერთადერთი შვილი მომიკლეს, ერთადერთი. სამი ობოლი დატოვა.
მედიის საშუალებით უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების სამშობიარო სახლებში ახალგაზრდა ქალების გარდაცვალების ფაქტის შესახებ. უსაფრთხო მშობიარობა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა - ეს არის მსოფლიო მოსახლეობის დღის წლევანდელი გზავნილი, რომელიც გაეროს თაოსნობით ყოველ 11 ივლისს 1987 წლიდან აღინიშნება. თუკი სტატისტიკურ მონაცემებს ჩავხედავთ, როგორც გაეროს მსოფლიო მოსახლეობის დღის ოფიციალურ ვებსაიტზეა მითითებული, დედამიწაზე ყოველდღე მშობიარობის პროცესში 800 ქალი კვდება, დაახლოებით 2 მილიარდამდე ახალგაზრდა კი ისე აღწევს რეპროდუქციულ ასაკს, რომ არ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დაიცვან საკუთარი ჯანმრთელობა, რათა მომავალში შვილები ეყოლოთ.
როგორც ირკვევა, რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემები შვილოსნობის ასაკში მყოფი ქალების ავადობისა და სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია. გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის პროგრამის ანალიტიკოსი ლელა ბაქრაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მსოფლიო მოსახლეობის დღის მთავარი მიზანია კიდევ ერთხელ გაამახვილოს საზოგადოებებისა და მთავრობების ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ყველა ორსულობა უნდა იყოს სასურველი და ყველა მშობიარობა - უსაფრთხო. მისი თქმით, რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია. მისი თქმით, დღეს შესაძლებელია კონსულტირება ოჯახის დაგეგმვის მომსახურებაზე, ხელმისაწვდომია თანამედროვე კონტრაცეპტიული მეთოდები იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული არასასურველი ფეხმძიმობა და აბორტი, რაც ქალის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის; ფუნქციონირებს ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის უფასო მომსახურება.
”ამ პროგრესს ადასტურებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის მესამე ეროვნული კვლევა, რომელიც 2010 წელს ჩატარდა საქართველოში. ამ კვლევამ აჩვენა, რომ, 1999 წლიდან მოყოლებული, შობადობის მაჩვენებელმა პირველად გადააჭარბა ხელოვნური აბორტების ჯამურ მაჩვენებელს საქართველოში. ანუ საქართველოში იმაზე მეტი ბავშვი დაიბადა, ვიდრე აბორტი გაკეთდა”, - ამბობს ლელა ბაქრაძე.
თუმცა, ლელა ბაქრაძის თქმით, იმისთვის, რომ პროგრესი შენარჩუნდეს, აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მოსახლეობის ცოდნის ამაღლებას რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, ანუ იმ ცოდნის გაღრმავებას, რომელიც საბოლოოდ მიიყვანს ახალგაზრდა მოსახლეობას ქცევის შეცვლამდე. როგორც ლელა ბაქრაძე ამბობს, ამისათვის საჭიროა, რომ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩაიდოს ასაკზე მორგებული სასწავლო კურსი. მისივე თქმით, აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს თანაბარი ხელმისაწვდომობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებაზე და, ბოლოს, ეს მომსახურება უმაღლეს ხარისხს უნდა აკმაყოფილებდეს:
”ხარისხიანი მომსახურება უნდა იყოს ხელმისაწვდომი ერთნაირად როგორც ქალაქის, ასევე სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის; ის უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა სოციალური ფენისა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლისთვის; დაბოლოს, ექიმებს, ექთნებს და ბებიაქალებს ჰქონდეთ ცოდნა, პროფესიონალიზმი და უნარ-ჩვევები იმისათვის, რომ სტანდარტული და ხარისხიანი მომსახურება გასწიონ.”
ამ ეტაპზე დამუშავების პროცესშია 2011-2012 წლების მონაცემები საქართველოში დედათა სიკვდილოანობის შესახებ. თუმცა, საქსტატის მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სამმართველოს უფროსის პაატა შავიშვილის ინფორმაციით, 2010 წელს საქართველოში დაფიქსირდა დედათა გარდაცვალების 13 შემთხვევა, რაც გაცილებით ნაკლებია 2009 წლის მონაცემებზე, რომელთა მიხედვითაც, ორსულობისა და მშობიარობიდან 42 დღის განმავლობაში 32 ქალი გარდაიცვალა. რაც შეეხება საქართველოში შობადობას, პაატა შავიშვილის თქმით, უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად იმატა შობადობის მაჩვენებელმა. 2011 წელს საქართველოში დაახლოებით 59 ათასი ბავშვი დაიბადა, მოსახლეობის ბუნებრივი ზრდის მაჩვენებელმა კი 8 000 შეადგინა. 2012 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა 4 მილიონ 497 ათას 600 ადამიანს შეადგენს, რაც 0,6 პროცენტით მეტია 2011 წლის პირველი იანვრის მაჩვენებელზე. პაატა შავიშვილი მოსახლეობის მატების მიზეზს ხსნის:
”2011 წელს საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად 20 000 ადამიანი შემოვიდა. ამას ემატება ბუნებრივი მატების 8 000-იანი მაჩვენებელი დაბადებასა და გარდაცვალებას შორის, რაც, წინა წლისგან განსხვავებით, საბოლოოდ, 28 000 ადამიანით მეტ მოსახლეს გვაძლევს საქართველოში.”
რაც შეეხება შობადობის მაჩვენებლის ზრდას, მოსახლეობის კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორი ირინა ბადურაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ტენდენცია დიდხანს არ გასტანს და რამდენიმე წელში შობადობის ზრდა შეჩერდება. ამის მიზეზს კი ის ასე ხნის:
”საქართველოში იმრავლა იმ ქალთა წილმა, რომლებმაც მეორე შვილი გააჩინეს უფრო ადრე, ვიდრე აპირებდნენ გაჩენას. ეს განპირობებულია ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილიზაციის ფონით. და როგორც კი ეს პროცესი ამოწურავს თავის თავს, შობადობა ისევ იმ სტაბილიზაციისა და შემცირების ტენდენციას დაუბრუნდება."
როგორც ირინა ბადურაშვილი ამბობს, აუცილებელია ქვეყანაში განხორციელდეს დემოგრაფიული პოლიტიკა, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებს, ეკონომიური მდგომარეობის თვალსაზრისით, ნაკლებშვილიან ოჯახებთან გაათანაბრებს და, გარდა ამისა, დედებს მიეცეთ საშუალება, რომ შვილების გაჩენამ მათ კარიერულ ზრდაში ხელი არ შეუშალოს. ირინა ბადურაშვილის თქმით, ეს ფაქტორები არა მხოლოდ დემოგრაფიული სიტუაციის გამოსასწორებლად არის მნიშვნელოვანი, არამედ ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისა და მთავრობის ვალდებულებაა.
დემოგრაფები და სტატისტიკოსები საქართველოში შობადობის ზრდის სამ ძირითად მიზეზზე საუბრობენ: რეგისტრაციის მოწესრიგება, შობადობის კალენდრის გადმოწევა, რაც გულისხობს დაგეგმილი შვილების გაჩენის ვადების შემჭიდროებას და, მესამე, ეს გახლავთ საქართველოს პატრიარქის განცხადება, რომ ყოველ მესამე შვილს თავად მონათლავს. როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში საქსტატის მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სამმართველოს უფროსი პაატა შავიშვილი აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც ისინი ბავშვთა შობადობის რიგითობას დააკვირდნენ, აღმოჩნდა, რომ პატრიარქის ინიციატივის შემდეგ საკმაოდ მაღალია მესამე და მეოთხე შვილის გაჩენის მაჩვენებელი. როგორც ის აღნიშნავს, წინა წლებთან შედარებით, 20-25 პროცენტით არის მომატებული მესამე და მეოთხე ბავშვის გაჩენა.