Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარტვილის სოფელ ტალერში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა რამდენიმე მოთხოვნით. აქციაზე მყოფი 40-მდე ადგილობრივის განცხადებით, მათ სურთ ელექტროენერგია, რომელიც დიდი ხანია განრიგით მიეწოდებათ, სრული დატვირთვით აღდგეს. ტალერის მცხოვრებლების თქმით, მათ ასევე არ მიეწოდებათ ბუნებრივი აირი და, მიუხედავად იმისა, რომ გვერდით სოფლებში გაზი უკვე შეიყვანეს, აქ შესაბამისი სამუშაოები ჯერაც არ დაწყებულა. აქციის მონაწილეთა ცნობით, მუდმივად იგვიანებს პენსიების ჩარიცხვაც. ადგილობრივი ლალი გულორდავას განცხადებით, მათ არაერთხელ მიმართეს გამგეობას, თუმცა უშედეგოდ:

„ბოლო ათი დღის განმავლობაში არც ნიავი იყო, არც გრიგალი, არც უბრალო პატარა პრობლემაც კი ბუნებაში და შუქი მაინც არ გვქონდა. სოფელი ითხოვს იმას, რომ შუქი მაინც იყოს, ეს ელემენტარული რაღაც და მერე სხვა დანარჩენი, რაც მოჰყვება ამ სიკეთეს, პენსია იქნება თუ გაზი იქნება - ის, რაც აუცილებელია ადამიანის მინიმუმისთვის“.

„გვაქვს პრობლემა - არ გვაქვს შუქი. გვაინტერესებს როდის მოგვარდება ეს პრობლემა. ბავშვები გვყავს, ავადმყოფებიც გვყავს სახლში და ძალიან ცუდ დღეში ვართ“, - ამბობს ლამზირა კვარაცხელია.

საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს შეხვდა გამგებლის წარმომადგენელი სოფელ ტალერში შაკა ნაჭყებია. მან ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა აქციაზე ჩამოთვლილი პრობლემების არსებობა და მათი მოგვარების პირობაც დადო:

„ის პრობლემები, რაზეც მოსახლეობა საუბრობს, მე პირადად არ ვუარყოფ. მე ვიყავი ამ ყველაფერში ჩართული. გუშინწინ წვიმა რომ იყო და შუქი რომ ჩაქრა, მე იმ წვიმაში ვიდექი და ვაკონტროლებდი სიტუაციას, მართლა იყო ეს ასე თუ არა. გუშინწინ შუქი მართლაც იყო ავარიულად გამორთული, მაგრამ გვპირდებიან, რომ ეს მომავალში არ გაგრძელდება. რაც შეეხება პენსიასთან დაკავშირებულ თემას, დღეს ჩვენთან სოფელ ტალერში ბანკი არ არის. ჯერ ირიცხება სოციალური და მერე პენსია. გვიან მოხდა სოციალურის ჩარიცხვა, ხვალ მოდის და ხვალ დარიგდება პენსია. მე ვპირდები მოსახლეობას, რომ 2 თვეში ტალერში იქნება ბანკი“.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, გამგებლის წარმომადგენლის თქმით, სოფლებში ეტაპობრივად მიმდინარეობს გაზის შეყვანის პროცესი.

მარტვილის გამგეობის წარმომადგენლის პარალელურად, სოფელ ტალერში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების საპასუხოდ განმარტებას ენერგოკომპანია „ენერგო პრო ჯორჯიაც“ აკეთებს. კომპანიის დასავლეთ საქათველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა ურიდიამ განაცხადა, რომ შეისწავლიან მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზს:

„კომპანია ცდილობს, რომ მსგავს შემთხვევაში მოახდინოს სწრაფი და ოპერატიული რეაგირება, თუმცა უნდა ითქვას, რომ კომპანიას ამ დროისთვის აქვს რთული ფინანსური მდგომარეობა, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიას რამდენიმე თვეა გაუძვირდა შესასყიდი ელექტროენერგიის ფასი. ამის გამო ყველა ტექნიკური სამუშაოები და, მათ შორის, გამრიცხველიანების პროცესიც შეჩერებულია. რაც შეეხება კონკრეტულად სოფელ ტალერს, კომპანიის მიერ შესწავლილი და გათვალისწინებული იქნება ყველა პრობლემა და ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოვფხვრათ, ისევ და ისევ კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით“.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში გამართული საპროტესტო აქცია ერთ საათს გაგრძელდა. მისი მონაწილეები გამგებლის წარმომადგენელთან გასაუბრების შემდეგ დაიშალნენ.

XS
SM
MD
LG