Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირების გამკაცრებას აპირებს


ავტორი: ირინა გურული

ვადაგადაცილებული სესხებისა და დაუფარავი ვალდებულებების თემა ბოლო წლების საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოციალური თემაა, რომელიც ლარის კურსის ვარდნასთან ერთად სულ უფრო და უფრო გამწვავდა. ამ ფონზე იზრდება ბანკების წინააღმდეგ განწყობებიც, მაშინ როცა საბანკო სექტორის სტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წლებში ვადაგადაცილებული სესხების წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2 პროცენტი იყო. მათი 45.4 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ დაუფარავი სესხებისა და შესაბამისი ქმედებების - ქონების დაკარგვის თუ მოსახლოების სხვა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში „ჩავარდნის“ - მიზეზი ძირითადად არა ბანკები, არამედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ლომბარდები, მევახშეები, ონლაინსესხების სხვა ფინანსური წყაროები ხდებიან.

სწორედ ამ ფონზე, საქართველოს პარლამენტში ამბობენ, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონტროლი უნდა გაძლიერდეს. "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ" საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პროექტი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოამზადა და განსახილველად მთავრობას გადაუგზავნა. დოკუმენტის შინაარსი ოფიციალურად ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ ახალ კანონპროექტში მიკროსაფინანსო და ონლაინსესხების ორგანიზაციათა რეგულირებისა და ანგარიშგების ფორმებზე იქნება საუბარი.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები რეგულირების ქვეშ ისედაც არიან, - ისინი შესაბამის ინფორმაციებს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს წარუდგენენ, - თუმცა, კანონპროექტის ავტორთა აზრით, რეგულაცია სრულყოფილი უნდა იყოს.

მათი ინიციატივით, რამდენიმე ცვლილება უნდა მოხდეს. ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, თუ იურიდიული კაპიტალის წილის ფლობა ამწუთში 15 პროცენტია,იგი30 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს. ლაპარაკია, ასევე, ფინანსური ინსტიტუტების წილის ფლობაზე. ამასთან, ეროვნულ ბანკს უნდა ჰქონდეს უფლება შესაბამისი ინფორმაცია მოითხოვოს. როდესაც არასწორი ქმედებებისათვის გარკვეული საჯარიმო სანქციების წესდება, ეს სანქციები უნდა ეფუძნებოდეს გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც შემოწმებების შედეგად იქნება გამოთხოვილი და ა.შ.

მანამდე კი მიკროსაფინანსო სექტორი დეპოზიტების ფლობის უფლებას ითხოვს. როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციაში აცხადებენ, დეპოზიტების მიღების შემთხვევაში, მათ კლიენტებისთვის დამატებითი მომსახურების გაწევა შეეძლებათ, რაც მომხმარებლებს დანაზოგების გაკეთების საშუალებას მისცემს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კიდევ ერთი მოთხოვნა ამ სექტორის სტატუსის განსაზღვრას ეხება. როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში აცხადებენ, მიკროსაფინანსო სექტორის უფლებები როგორც დეპოზიტების ფლობის, ასევე სესხის გაცემის მიმართულებით უნდა გაიზარდოს.

XS
SM
MD
LG