Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეთვალყურეები 8 ოქტომბრის არჩევნებზე


საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30 აგვისტოს საქართველოში მუშაობას შეუდგა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE /ODIHR) გრძელვადიან მეთვალყურეთა მისია, რომელიც მონიტორინგს გაუწევს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს. თუმცა ეს ორგანიზაცია ჯერჯერობით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ დარეგისტრირებულა. ამ ეტაპზე ცესკოში რეგისტრაცია გაიარა 24–მა საერთაშორისო და 43–მა ადგილობრივმა სამეთვალყურეო ორგანიზაციამ. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ საარჩევნო უბნებზე მეთვალყურეობის მანდატი არა აქვს, საარჩევნო პროცესში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების აქტიურად შესწავლას გეგმავს სახალხო დამცველის ოფისი.

მეთვალყურეები 8 ოქტომბრის არჩევნებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:05:45 0:00
გადმოწერა

წინასწარი ინფორმაციით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 15 ქვეყნის 26 მეთვალყურით იქნება წარმოდგენილი. 30 აგვისტოს მისიის წევრები შეხვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს, რომელიც გამოთქვამს იმედს, რომ ეუთოს სტრუქტურასთან 1999 წელს დაწყებული თანამშრომლობა წელსაც შედეგიანად გაგრძელდება:

„წელს ამ არჩევნებს დააკვირდება რეკორდული რაოდენობის მონიტორი, ეუთოს მისიის ფარგლებში. ეს არის მისია, რომელიც მოწვეულია საქართველოს მთავრობის მიერ და ჩვენი მიზანია, რომ წინასაარჩევნო პროცესი და ასევე არჩევნები წარიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, რათა, პირველ რიგში, იყოს ჩვენი საზოგადოებსი ნდობა და, ასევე, რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოების ნდობა“.

დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ოდირის გრძელვადიანი მეთვალყურეებიამა თუ იმ ქვეყანას არჩევნებამდე 6-8 კვირით ადრე სტუმრობენ, ხოლო უშუალოდ არჩევნების დღისთვის მათ რამდენიმე ასეული მოკლევადიანი მეთვალყურე უერთდება. როგორც წესი, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE /ODIHR) მისიას საგანგებო ინტერესი უკავშირდება, რადგანაც სწორედ ამ მისიის საბოლოო შეფასებები და დასკვნები წარმოადგენს ძირითად და სანდო ორიენტირს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

ამ ეტაპზე ძირითადი ტენდენციებია: ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები, ასევე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება – არაერთი შემთხვევა, რასაც პრაქტიკულად მთელი საქართველოს მასშტაბით ვხედავთ. აღსანიშნავია, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტების ცვლილებები...
მიხეილ ბენიძე

ოდირის გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი მეთვალყურეების საერთო რიცხვის შესახებ ჯერჯერობით არაფერი იციან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რადგანაც ეუთოს სტრუქტურას რეგისტრაცია ჯერჯერობით არ გაუვლია. როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ჯერ კიდევ საკმაო დროა, რადგანაც საერთაშორისო ორგანიზაციების რეგისტრაციის ვადა 1 ოქტომბერს ამოიწურება. მიქელაძის თქმით, ამ ეტაპისთვის ცესკოში24 საერთაშორისო სამეთვალყურეო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული:

„საერთაშორისო ორგანიზაციებიდან (უკვე დარეგისტრირებულია) ისეთი ცნობილი ორგანიზაციები, როგორიც არის, მაგალითად, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI) ანდა, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში. რაც შეეხება სხვა საელჩოებს, არჩევნების დაკვირვების სურვილი გამოთქვა, მაგალითად, ბრიტანეთის საელჩომ და ნიდერლანდების სამეფოს საელჩომ საქართველოში. რაც შეეხება სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებს, მოგვმართა, მაგალითად, ყაზახეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, კორეის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ და, ასევე, მაგალითად, ნამიბიის, მექსიკის, იორდანიის, ლატვიის, ესტონეთის, ინდოეთის საარჩევნო კომისიებმა“.

რაც შეეხევა ცესკოში დარეგისტრირებულ ადგილობრივ სამეთვალყურეო ორგანიზაციებს, მათი რიცხვი ამ ეტაპზე 43-ს შეადგენს. დარეგისტრირების მსურველებს კი ამის გაკეთება 28 სექტემბრამდე შეუძლიათ. უკვე დარეგისტრირებულთა სიაშია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“. ცესკოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული სიის თანახმად, „სამართლიან არჩევნები“ 84 მეთვალყურეს ითვლის. იმის გამო, რომ დარღვევების დიდი ნაწილი არჩევნებამდე არაერთი კვირით ადრე იჩენს თავს, ორგანიზაცია გრძელვადიანი მონიტორინგის პროცესშია ჩართული და უკვე მოამზადა რამდენიმე შუალედური ანგარიშიც. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილ ძირითად დარღვევებზე ლაპარაკობს:

„ამ ეტაპზე ძირითადი ტენდენციებია: ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები, ასევე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება – არაერთი შემთხვევა, რასაც პრაქტიკულად მთელი საქართველოს მასშტაბით ვხედავთ. აღსანიშნავია, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტების ცვლილებები. ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს – ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ჩვენ რა ფაქტებიც გამოვავლინეთ, არ წარმოადგენს ოფიციალურად საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, მაინც საყურადღებო ტენდენციაა, რადგანაც, შესაძლოა, სწორედ ამ ახალი პროგრამების დაწყება და გარკვეული საბიუჯეტო ცვლილებები, დაფინანსების გაზრდის მიზნით, იყოს სწორედ მიმართული საარჩევნო საკითხებზე“.

30 აგვისტოს მიხეილ ბენიძე, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ერთად, სახალხო დამცველს ხვდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ მესამე სექტორმა და ომბუდსმენმა ერთმანეთთან კონკრეტული გეგმები შეათანხმეს უფრო ოპერატიული და ნაყოფიერი მუშაობისთვის. უჩა ნანუაშვილის თქმით, ომბუდსმენის ოფისის 26 მობილური ჯგუფი ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების აღმოჩენასა და შესწავლაზე იქნება ორიენტირებული. სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს მჭიდრო თანამშრომლობას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, მათ შორის, ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლის კუთხით, და, მით უმეტეს, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ომბუდსმენის ოფისს არა აქვს უშუალოდ საარჩევნო უბნებზე არჩევნების მიმდინარეობის მეთვალყურეობის მანდატი.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG