მძღოლების საპროტესტო აქციის ფონზე გაემგზავრა კომპანია „მეტრო ჯორჯიას“ ავტობუსი ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით. ტრანსპორტი, სადაც რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა, შეძახილებითა და სტვენით გააცილეს მძღოლებმა.
ავტობუსის უსაფრთხოდ გაყვანა პოლიციამ უზრუნველყო. სამართალდამცავებმა უფლება არ მისცეს აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი გადაეკეტათ. ასეთი მცდელობა მათ დღეს რამდენჯერმე ჰქონდათ. შეხლა-შემოხლისას, ჯამში, 6 მძღოლი დააკავეს, ერთი კი მსუბუქად დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მძღოლები საპროტესტო აქციას აგრძელებენ მოთხოვნით, არ დაუშვან ზუგდიდში კომპანია „მეტრო ჯორჯიას“ შემოსვლა:
„ეხლა თუ ასე უნდათ, ყოველდღე თუ ასეთი დაცვა ეყოლება ამ „მეტროს“ და ასე დაცვით გაატარებენ, ვინ დაჯდება?! ან სად წავლენ? როგორ წავლენ? მე არ ვიცი, როგორ შეძლებენ ამას. დიდი რაღაცა მოყვება... სისხლის ღვრა მოყვება. უკვე გაფრთხილებული გვყავს ამის შესახებ. სისხლის ღვრამდე მივა ეს საქმე“, ამბობს აქციის მონაწილე მურმან ჩალაძე.
არც ჩემი ძმა, არც სხვა პიროვნებები ჩემს ბიზნესში არ ერევიან. შესაბამისად, მე არ ვიყენებ, ასე ვთქვათ, პრივილეგიებს. ის არის ქალაქის მერი, მას მისი საქმე აქვს, მე ვარ ამ ბიზნესში...ვახტანგ კაკულია
მძღოლები ირწმუნებიან, რომ ახალი კომპანია სატრანსპორტო ბაზარზე კანონდარღვევით შემოდის. მათივე თქმით, ავტოსადგომი, სადაც „მეტრო ჯორჯიას“ ავტობუსი დგება, ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას შეაფერხებს.
ბრალდებებს არ იზიარებენ „მეტრო ჯორჯიაში“. მისი კომერციული დირექტორის დავით დიდიშვილის განცხადებით, კანონის სრული დაცვით აქვთ გაფორმებული ხელშეკრულება ახალ ავტოსადგომთან და მზად არიან ნებისმიერ მსურველს წარუდგინონ ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია:
„მესამე კლასის ავტოსადგურია, რომელიც შეესაბამება ყველა ნორმას, ყველა იმ ვალდებულებებს, რაც საჭიროა. მათი უფლებაა აპროტესტონ, ყველაფერი ილაპარაკონ როგორც მათ აწყობთ, ისე. ილაპარაკონ, ჩვენგან არაა პრობლემა არანაირი“.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კომპანიას ბევრად დიდი გეგმები აქვს და სურს სატრანსპორტო ბაზრის მონოპოლისტი გახდეს სამეგრელოს რეგიონში. მძღოლებისავე განმარტებით, ამაში მას ფოთის მერიც უწყობს ხელს, რომლის ძმა, ვახტანგ კაკულია, „მეტრო ჯორჯიას“ დამფუძნებელია.
„მაქვს უფლება ვაწარმოო ბიზნესსაქმიანობა და ამ უფლებას მე ვიყენებ. არც ჩემი ძმა, არც სხვა პიროვნებები ჩემს ბიზნესში არ ერევიან. შესაბამისად, მე არ ვიყენებ, ასე ვთქვათ, პრივილეგიებს. ის არის ქალაქის მერი, მას მისი საქმე აქვს, მე ვარ ამ ბიზნესში“, აცხადებს მძღოლების საპასუხოდ ვახტანგ კაკულია.
კონკურენტი კომპანიის წინააღმდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები იანვარსა და თებერვალშიც გაიფიცნენ. მათი მოთხოვნით, მაშინ შპს „ავტოსადგურმა“ სატრანსპორტო კომპანია „მეტრო ჯორჯიასთან” 20 იანვარს დადებული ხელშეკრულება ცალმხრივად გააუქმა. მძღოლებმა ერთ-ერთ აქციაზე კვერცხები და საღებავები ესროლეს „მეტრო ჯორჯიას“ ავტობუსებს და მუშაობის უფლება არ მისცეს. მაშინ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 7 მძღოლი დააკავეს. საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, კომპანიის ამუშავების შემთხევაში, შესაძლოა კონკურენციას ვერ გაუძლონ და უმუშევრები დარჩნენ. აქციის მონაწილეების ცნობით, საუბარია რეგიონის მასშტაბით მცხოვრებ 200-ზე მეტ მძღოლზე, რომელთა ოჯახების მთავარი შემოსავალი სატრანსპორტო ბიზნესია.