Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მძღოლებმა ზუგდიდში გაფიცვა შეწყვიტეს


ავტობუსების და მიკროავტობუსების მძღოლები ზუგდიდში
ავტობუსების და მიკროავტობუსების მძღოლები ზუგდიდში

სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებმა ხუთდღიანი გაფიცვა შეწყვიტეს, ისინი მუშაობას ხვალ დილიდან განაახლებენ. გაფიცვის პარალელურად ისინი საპროტესტო აქციების შეწყვეტას არ გეგმავენ და აცხადებენ, რომ ქუჩაში პროტესტს პერმანენტულად, საჭიროების მიხედვით გააგრძელებენ. მათი ცნობითვე, სოლიდარობის ნიშნად ზუგდიდელ მძღოლებს გამაფრთხილებელი აქციებით საქართველოს სხვა ქალაქებშიც შეუერთდებიან.

აქციის მონაწილეებმა გაფიცვის შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შპს „ავტოსადგურმა“ სატრანსპორტო კომპანია „მეტრო +“-სთან 20 იანვარს დადებული ხელშეკრულება ცალმხრივად გააუქმა. როგორც შპს-ეს ადვოკატმა ჯიტა გულუამ ჟურნალისტებს განუცხადა ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტისთვის შესაძლოა ავტოსადგურს ფულადი ჯარიმა დაეკისროს. ადვოკატის განმარტებით, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თავიდანვე ხელშეკრულება იყო სამართლებრივად გაუმართავი, რადგან „მეტრო +“ -თან თანამშრომლობის შესახებ შპს-ეს ყველა მეწილე თანაბრად არ იყო ინფორმირებული.

„გაუქმდა ხელშეკრულება. ირა ნადარაიამ, რომელიც არის ამ შპს-ეს საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირი გააუქმა ეს ხელშეკრულება. ეტყობა მიხვდა შეცდომას, რომელიც დაუშვა და ხელშეკრულება ცალმხრივად გააუქმა“.

მეიჯარის ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული არ იყო „მეტრო +“. მისი დირექტორის, დავით დიდიშვილის განცხადებით, მათთვის ავტოსადგურიდან არავის მიუმართავს. კომპანია განცხადების გაკეთებას შპს-დან ოფიციალურ წერილის მიღების შემდეგ გეგმავს.

თავის მხრივ სამართლებრივად საქმის წარმოების შემთხევაში საკუთრ დახმარებას მძღოლებს საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირების პრეზიდენტი, ლავრენტი ალანია ჰპირდება. მანვე დღეს გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ისიც ქუჩაში მძღოლების გვერდით დადგება. ლავრენტი ალანიას ცნობით, მძღოლები უკვე მუშაობენ სერვისის დასახვეწად და რისთვისაც გარკვეული დროც უნდა მიეცეთ.

„ხვალიდან აქ ფუნქციონირებას დაიწყებს ჩვეულებრივი ავტოსადგური. „მეტროს“ ავტობუსები აქ ვერ შემოვლენ. თუ ამ საქმეს სამართლებრივ ჭრილში გადაიტანენ, ჩვენ მზად ვართ. „ავტოსადგურის“ იურისტები, პროფკავშირების იურისტები მზად არიან დაიცვან აქ დასაქმებული მძღოლების ინტერესები“, - განმარტა მან.

სამგზავრო სერვისის დახვეწის და გაუმჯობესების პირობას იძლევიან მძღოლები. მათ განმარტეს, რომ ხშირ შემთხვევაში მგზავრებისგან ისმოდა გარკვეული უკმაყოფილება, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია. ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსის მძღოლის, ბესიკ თაქთაქიშვილის განცხადებით, მიკროავტობუსები, სადაც 20 ადგილი იყო განთავსებული უკვე დაუბრუნდა ქარხნულად მისთვის დაწესებულ სტანდარტს და გადაკეთდა 18-ადგილიან მიკროავტობუსებად:

„ხალხს არაფერს არ ვერჩით, მადლობა და ბოდიშის მეტი არაფერი გვეთქმის. როგორც ასეთი, რომ ჩვენ დავიშლებით და ვიღაცას, რომ ეგონოს დაიფანტნენ და წავიდნენო, ეს ასე არ არის. ერთს დავიძახებთ და დღეს, რომ ვართ 500, ვიქნებით 2000, 3000 და მეტი“.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით დასაქმებული მძღოლები მეხუთე დღეა გაფიცულები არიან. მათ არაერთხელ სცადეს გზის გადაკეტვაც. აქციის მონაწილეებმა ორშაბათს კვერცხები და საღებავები ესროლეს კონკურენტი კომპანიის ავტობუსებს და მუშაობის უფლება არ მისცეს. მაშინ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 7 მძღოლი დააკავეს. საპროტესტო აქციის მონაწილეების თქმით, „მეტრო+“ ის ამუშავების შემთხევაში, შესაძლოა კონკურენციას ვერ გაუძლონ და უმუშევრები დარჩნენ. აქციის მონაწილეების ცნობით, საუბარია რეგიონის მასშტაბით მცხოვრებ 200-ზე მეტ მძღოლზე, რომელთა ოჯახების მთავარი შემოსავალი სატრანსპორტო ბიზნესია.

XS
SM
MD
LG