Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტი გამჭვირვალობა - მესამე სექტორის იარაღი


საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ და „ჯამპსტარტ ჯორჯია“ ყველაზე გამჭვირვალე დაფინანსების მქონე ანალიტიკურ არასამთავრობო ორგანიზაციათა შორის დასახელდნენ. კვლევა ჩაატარა „ტრანსპარიფაიმ“ (transparify.org), რომელიც ადგენს ფინანსური გამჭვირვალობის საერთაშორისო რეიტინგს, 47 ქვეყანაში მოქმედი 169 ორგანიზაციის მონაცემების საფუძველზე. რამდენად გამჭვირვალეა საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება და მიზნები?

საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო - 250 ათასი დოლარი, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ - 13 ათასი დოლარი, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში - 67 ათასი ევრო, ევროკომისია - 112 ათასი ევრო - ესაა არასრული ჩამონათვალი იმ ორგანიზაციებისა და მათ მიერ გამოყოფილი თანხმებისა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“ და მისი ხელმძღვანელი, ეკა გიგაური, თავიანთ ვებსაიტზე აქვეყნებენ, შესაბამის პროგრამებსა და კვლევებთან ერთად:

„ჩვენი საქმიანობით გვინდა, რომ ვაჩვენოთ კარგი მაგალითი, - მათ შორის, მთავრობას, - რადგანაც ჩვენ მონიტორინგს ვუწევთ მთავრობას, როგორც ხარჯვის, ასევე ტენდერების თვალსაზრისით. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფო სახსრების ხარჯვა უნდა იყოს გამჭვირვალე, ბუნებრივია, თუ ჩვენი რესურსების ხარჯვაც იქნება გამჭვირვალე“.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ორგანიზაციების გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ისინი თავად მოუწოდებენ მთავრობას და ხელისუფლებას იყვნენ გამჭვირვალე... ჩვენ გამოვიყენეთ ხუთვარსკვლავიანი სისტემა...
ჰანს გუტბროდი

იმას, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სრულად ასაჯაროებსდაფინანსების წყაროებს, ადასტურებს „ტრანსპარიფაის“ აღმასრულებელი დირექტორი ჰანს გუტბროდი, რომლის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 47 ქვეყანაში მოქმედი 169 პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტიდან დაფინანსების წყაროების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას იძლევა მხოლოდ 49 ორგანიზაცია, რომელთა შორის, გარდა „გამჭვირვალობისა“, არის ასევე საქართველოში დაფუძნებული „ჯამპსტარტ ჯორჯია“ და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი. ჰანს გუტბროდის თქმით, ის ანალიტიკური ცენტრები, რომლებიც დაფინანსებას დახურულ კარს მიღმა იღებენ, მთელ სექტორს ულახავენ სახელს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ორგანიზაციების გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ისინი თავად მოუწოდებენ მთავრობას და ხელისუფლებას იყვნენ გამჭვირვალე... ჩვენ გამოვიყენეთ ხუთვარსკვლავიანი სისტემა. ხუთი ვარსკვლავის მინიჭება ნიშნავს, რომ ორგანიზაცია ძალიან გამჭვირვალეა, დაფინანსების წყაროების თვალსაზრისით, ხოლო თუ ორგანიზაციას ვარსკვლავი არ აქვს, ეს ნიშნავს, რომ ის მალავს ან არ წარმოაჩენს დაფინანსების წყაროებს. წელს მეორედ ვატარებთ კვლევას და მოხარულები ვართ, რომ, წინა წელთან შედარებით, შედეგები უკეთესია და ბევრად უფრო მეტი ორგანიზაცია ცდილობს იყოს გამჭვირვალე“, განაცხადა „ტრანსპარიფაის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს გუტბროდმა, რომლის მიერ „ძალზე გამჭვირვალე“ ორგანიზაციად დასახელებული ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია 13 წლის განმავლობაში, ანუ დაფუძნების დღიდან, ამკვიდრებს ოქროს სტანდარტს - მოქმედებს სრული გამჭვირვალობის პირობებში და ამისკენვე მოუწოდებს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, განსაკუთრებით, ბოლო დროს საეჭვოდ შექმნილებსა და მომრავლებულებს:

მიდის შეტევა სწორედ იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში თავისი საქმიანობით ამტკიცებდნენ იმას, რომ არიან მიუკერძოებლები, არ ემსახურებიან რომელიმე პოლიტიკური პარტიის დავალებას...
ნინო ევგენიძე

„სხვა ორგანიზაციებმაც გამჭვირვალე უნდა გახადონ დაფინანსების წყაროები. ჩვენი დონორები კი არიან მსოფლიოში წამყვანი დონორი ორგანიზაციები, რომელთა გამჭვირვალობა საყოველთაოდაა აღიარებული და რომლებიც ჩვენს ქვეყანას ეხმარებიან დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარებისა და აღმავლობის მიმართულებით. ამიტომ ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს და მოვუწოდებთ სხვებსაც, იყვნენ გამჭვირვალენი და ანგარიშვალდებულნი საკუთარი ხალხის მიმართ, თუ რაში ხარჯავენ ამ ფულს“.

ავტორიტეტიან არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმამ სისტემატური ხასიათი მიიღო მას შემდეგ, რაც მესამე სექტორის მუშაობის მიმართ ნეგატიური პოზიცია გამოხატა ბიძინა ივანიშვილმა, თუმცა ყოფილი და მოქმედი ხელისუფლებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების კრიტიკას არ იღებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე:

„მიდის შეტევა სწორედ იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში თავისი საქმიანობით ამტკიცებდნენ იმას, რომ არიან მიუკერძოებლები, არ ემსახურებიან რომელიმე პოლიტიკური პარტიის დავალებას, არამედ ემსახურებიან იმ პრინციპებს, რომელსაც სამართლიანობა, ახალი სისტემის დამკვიდრება და ძველი მანკიერი სისტემის შეცვლა ჰქვია“.

ნინო ევგენიძის თქმით, შემთხვევითი არაა, რომ საქართველოში დაფუძნებული რამდენიმე ასეული არასამთავრობო ორგანიზაციიდან გამჭვირვალედ მხოლოდ მცირე ნაწილი მუშაობს. დავით მჭედლიძეც, რედაქტორი საიტისა „ენპეო-ჯი“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას აკვირდება, ამბობს, რომ პოლიტიკური ჯგუფი, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ახალისებს ისეთი ორგანიზაციების შექმნას, რომლებიც მესამე სექტორის ავტორიტეტიანი სუბიექტების დისკრედიტაციას ეწევიან:

„მუშაობენ კონკრეტულ ჯგუფებზე, პოლიტიკურსა თუ ფინანსურზე, რათა გაანეიტრალონ რომელიმე ორგანიზაცია, რომელიც აკრიტიკებს ხელისუფლებას ან ხელისუფლების რომელიმე პოლიტიკურ ნაბიჯს“.

თუმცა ამგვარ თავდასხმებს არასამთავრობო ორგანიზაციები მეტი გამჭვირვალობით უპირისპირდებიან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, რომ დაფინანსების წყაროების გახსნით მოქალაქეები იოლად გაერკვევიან ორგანიზაციების მიზნებსა და ამოცანებში.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG