Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედია ცესკოს მიერ დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ


საპროტესტო აქცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასტან
საპროტესტო აქცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასტან
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ცესკოს მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც არჩევნების დღეს კენჭისყრის უბანზე ფოტო და ვიდეოგადაღებას ზღუდავს, ერთობლივად გააპროტესტეს. ჟურნალისტები ცესკოს დადგენილების გაუქმებისა და საარჩევნო კოდექსის პატივისცემისკენ მოუწოდებდნენ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ კი დადგენილების გასაბათილებლად სასამართლოში შესატან სარჩელს ამზადებს. შეგახსენებთ, რომ დადგენილება, რომელიც არჩევნების დღეს ფოტო და ვიდეოგადაღებას ზღუდავს, ცესკომ, 5-საათიანი სხდომის შედეგად, 24 სექტემბერს გვიან ღამით მიიღო. მას კრიტიკა მიღებისთანავე მოჰყვა. დადგენილებას მხარი ცესკოს 10-მა წევრმა დაუჭირა, მხოლოდ 2 წევრი აღმოჩნდა წინააღმდეგი, სხდომას არ ესწრებოდა ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი.

24 სექტემბრის ღამის 12 საათზე რეგიონალური მედიის ასოციაციის თავმჯდომარის ია მამალაძის რეაქცია ცესკოს 5- საათიანი მსჯლობის შედეგად მიღებული დადგენილების შესახებ ასეთი იყო:

”ეს არის კიდევ უფრო უარესი ვარიანტი, ჩემი აზრით, ვიდრე იყო წინა. იქ ჩვენ ვიცოდით, რომ ცალსახად გვეკრძალებოდა ფოტო-ვიდეოგადაღება. ახლა შემოდის რეგულაციები, რომელიც პრაქტიკულად კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას და ყველა მანამდე მიღებულ გადაწყვეტილება, რომლებიც გამჭვირვალობას და მონიტორინგს უკავშირდება, არის ფუჭი და ჩვენ პრაქტიკულად ვერაფერს ვერ მივაღწიეთ დღეს.”

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა ფოფხაძის კითხვა, თუ რატომ გადაწყვიტა ცესკომ დააწესოს ფოტო და ვიდეოგადაღების შეზღუდვა კენჭისყრის უბანზე სწორედ ახლა, როდესაც არჩევნებამდე სულ რაღაც ორიოდე დღეა დარჩენილი და, ამასთანავე, როცა საარჩევნო კანონი ამას არ ითხოვს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან პრაქტიკულად პასუხგაუცემელი დარჩა:

”რატომ ისმის თამამი კითხვა, რატომ ასეთი შეზღუდვები, რამ განაპირობა ეს და რა პრობლემებს იწვევდა ის რეგულაციები, რაც მანამდე არსებობდა, ჩვენ, სამწუხაროდ, ამაზე პასუხები ვერ მოვისმინეთ.”

ცესკოს დადგენილებით კმაყოფილები ჩანდნენ კომისიის წევრები, ორის გარდა. კონსერვატორებმა და მრეწველებმა დადგენილებას მხარი არ დაუჭირეს. ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ერთადერთი შეზღუდვა, რაც მედიას უწესდება, შემდეგია:
გამჭვირვალობა არის საფრთხის ქვეშ, ცალსახად. ანუ ეს ზღუდავს მედიის მუშაობას და, შესაბამისად, ვერ მივიღებთ ჩვენ ასე გამჭვირვალე არჩევნებს ...
შორენა შავერდაშვილი

”შეზღუდვა ის არის, რომ, ვთქვათ, იქ კონკრეტული ადგილი უნდა დაფიქსირდეს, საიდანაც მოხდება გადაღება და ადგილი ისე განვსაზღვრეთ, რომ ადგილიდან ჩანდეს საარჩევნო ყუთი, რაც მთავარი წერტილია.”

ცესკოს თავმჯდომარის მიერ ერთადერთ შეზღუდვად დასახელებული ფიქსირებული ადგილი უბანზე გადაღებისას არ არის ასევე ერთადერთი შეზღუდვა მედიის წარმომადგენლებისთვის. მაგალითად, ჟურნალ ”ლიბერალის” მთავარმა რედაქტორმა 25 სექტემბერს ცესკოსთან გამართულ ჟურნალისტთა აქციაზე თქვა, რომ პრობლემაა შეზღუდვა, რომელიც ფოტო და ვიდეოგადაღებას თავისუფალ რეჟიმში მხლოდ 10 წუთის განმავლობაში ითვალისწინებს; პრობლემაა ისიც, რომ საარჩევნო კენჭისყრის უბნიდან გასულ ოპერატორს და ფოტოგრაფს უკან დაბრუნების უფლება აღარ აქვს და რადგან აქამდე არც ერთ არჩევნებზე მედიას საარჩევნო პროცესის წარმართვისთვის ხელი არ შეუშლია, შორენა შავერდაშვილს, მედიის სხვა წარმომადგენლების მსგავსად, მიაჩნია, რომ ეს არის მცდელობა არჩევნები მედიის ნაკლები კონტროლით წარიმართოს:

”გამჭვირვალობა არის საფრთხის ქვეშ, ცალსახად. ანუ ეს ზღუდავს მედიის მუშაობას და, შესაბამისად, ვერ მივიღებთ ჩვენ ასე გამჭვირვალე არჩევნებს.”
მათთვის მსგავსი შეზღუდვების დაწესება ამ მცირე დროში, როდესაც ისინი ვერ მოახდენენ ამ ცოდნის შეძენას, ეს არის პრობლემა, ეს შეზღუდვა კი, თავისი არსით, არის უკანონო ...
ნათია კაპანაძე

გარდა იმისა, რომ ცესკოს მიერ დადგენილი ახალი რეგულაციები ზღუდავს მედიას, ის ჟურნალისტებს აყენებს კიდევ ერთი აუცილებლობის წინაშე - ეს არის ახალი რეგულაციების ცოდნა, ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის კოორდინატორი ნათია კაპანაძე. მისი სიტყვებით, მედიას უკვე გავლილი აქვს ტრენინგები, თუ როგორ უნდა იმუშაოს არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე. ჟურნალისტებს ამ დადგენილების გამო არჩევნებამდე 7 დღით ადრე ახალი ცოდნის შეძენა მოუწევთ. გარდა ამისა, ცესკოს დადგენილება ვერ აკმაყოფილებს მიზანშეწონილობის კრიტერიუმს, დასძენს ნათია კაპანაძე:

”როდესაც 7 დღეში არჩევნებია და როდესაც საქმე ეხება გამოხატვის თავისუფლების ისეთ მნიშვნელოვან სუბიექტებს, როგორიც არის მედიის წარმომადგენლობა, მათთვის მსგავსი შეზღუდვების დაწესება ამ მცირე დროში, როდესაც ისინი ვერ მოახდენენ ამ ცოდნის შეძენას, ეს არის პრობლემა, ეს შეზღუდვა კი, თავისი არსით, არის უკანონო და ის, კანონიერების გარდა, მიზანშეწონილობის კრიტერიუმსაც ვერ აკმაყოფილებს.”

ნათია კაპანაძისვე სიტყვებით, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ამზადებს სარჩელს ცესკოს დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე. სასამართლოსთვის მისამართად საიასა დ მედიას მხოლოდ ერთი დღე აქვთ დარჩენილი - 26 სექტემბერი. სასამართლომ სარჩელი მიმართვიდან 2 დღეში უნდა განიხილოს. მედიის წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ ორშაბათს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ ძალიან მცირე დროში მოხერხდეს რეალური ცვლილების მიღება.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG