Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარტინ ლუთერ კინგის „ოცნება“: „ფერდობი დავაკდება და მთაგრეხილები გასწორდება“


მარტინ ლუთერ კინგი ზუსტად 50 წლის წინ გამოვიდა ვაშინტონში, აბრაამ ლინკოლნის მემორიალთან, 250 ათასი ამერიკელის წინაშე თავისი სახელგანთქმული სიტყვით - „ჩემი ოცნებაა“..., რომელშიც აფროამერიკელმა ბაპტისტმა ქადაგმა, შავკანიანთა უფლებებისთვის მებრძოლმა, რასებს შორის თანასწორობის თავისი ხედვა გაუზიარა „სამუშაო ადგილებისა და თავისუფლებისთვის ვაშინგტონისკენ სვლის“ მონაწილეებს. 1963 წლის 28 აგვისტოს ვაშინგტონში გამართულ ამ მსვლელობაში მეოთხედი მილიონი ადამიანიდან 60 ათასი თეთრკანიანი იყო. მარტინ ლუთერ კინგთან ერთად ამ მსვლელობაში მონაწილეობდნენ შავკანიანთა სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათი თავკაცები, სხვა არაერთი, უფლებადაცვით სახელგანთქმული, მებრძოლი და მუსიკოსი. მარტინ ლუთერ კინგი ბოლო გამომსვლელი იყო. მას სურდა თავდაპირველი ვერსიიდან ამოეღო ამ ორატორული ხელოვნების შედევრის უმთავრესი პასაჟი, რომელიც იწყება სიტყვებით „ჩემი ოცნებაა“, მაგრამ მსვლელობის მონაწილემ, გოსპელისა და სპირიჩუელსის გამოჩენილმა შემსრულებელმა მაჰალია ჯექსონმა არ დაანება პასტორს ამ ჭეშმარიტად ბიბლიური არსის მქონე სიტყვების გამოტოვება და, თურმე, უკვე ქადაგების დაწყების შემდეგ, შეუძახა, „დოქტორო კინგ, თქვენი ოცნებების შესახებაც გვითხარითო“. სიტყვა შედგა. გარდა იმისა, რომ მარტინ ლუთერ კინგი აქ ოცნებაზე ლაპარაკობს, ის ხალხს უხსნის, რომ 1963 წელი არა დემოკრატიული ნორმების განხორციელების შედეგი, არამედ დასაწყისი უნდა იყოს, თეთრკანიანებისა და შაკკანიანების რასობრივი სეგრეგაციის დასრულების დასაწყისი. ამერიკაში არასოდეს დამყარდება სიმშვიდე, სანამ ზანგს არ ექნება ყველა სამოქალაქო უფლებაო, ამბობს კინგი, ვინც იმედოვნებს, რომ ზანგი დაკმაყოფილდება იმით, რომ გულს მოიფხანს, მწარე სიმართლის მოწმე გახდება, თუ ყველაფერი ძველებურად გაგრძელდაო.
მღელვარების ქარიშხლები კვლავაც შეარყევენ ჩვენი სახელმწფოს საძირკვლებს, სანამ არ გათენდება მართლმსაჯულების დღეო, ირწმუნება ამ თითქმის 17 წუთიანი გამოსვლისას მარტინ ლუთერ კინგი, რომელიც მიმართავს ალუზიებს ძველი და ახალი აღთქმიდან, აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან, ასევე ლინკოლნის სახელგანთქმული გეტისბურგის მიმართვიდან, მისივე მონათა ემანსიპაციის შესახებ განცხადებიდან.

„ჩვენ არ დავკმაყოფილდებით“ - ესაა მარტინ ლუთერ კინგის ფრაზა, რომელიც ემყარება ძველი აღთქმისეული, ამოს წინასწარმეტყველის ფორმულას: არ ვიქნებით კმაყოფილი, „სანამ წყალივით, დაუწყვეტელი ნაკადულივით არ იდინებს სამართალი და მართლმსაჯულება “. ასევე ბიბლიიდან მომდინარეა, ესაია წინასწარმეტყველს ეკუთვნის მარტინ ლუთერ კინგის მიერ მოხმობილი სიტყვები: „ყოველი ტაფობი მაღლა აიწევს და ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება, ფერდობი დავაკდება და მთაგრეხილები გასწორდება“. ეს არის ჩვენი იმედიო, მიმართავდა ამერიკელი უფლებადამცავი თავის 250 ათას თანამოქალაქეს 50 წლის წინ ვაშინგტონში. ამ ოცნებას ღრმად აქვს ფესვები გადგმული ამერიკის ოცნებაში - ჩემი ოცნებაა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი ქვეყანა აღდგეს და იცხოვროს თავისი კრედოს ჭეშმარიტი გაგებით, ეს სინამდვილე ჩვენთვის თავისთავად ცხადია: ყველა ადამიანი თანასწორადააო გაჩენილი.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG