მისი ქანდაკებები თითქმის ყველა კონტინენტზე გამოფენილა. მარინა ხუციშვილის ფერადოვან მუსიკოს ქალებს იხილავთ, პირველ რიგში, ევროპაში, საფრანგეთში, სხვათა შორის, მონტე-კარლოში, სადაც მონაკოს პრინცი ალბერ მეორე პირადად იყო ერთ-ერთი ნამუშევრის გახსნაზე, ასევე - ნიცაში.
პოეტი ვარ, მიყვარს მუსიკა და ეს გრძნობა უნდა გამომეხატა ფორმაში და გადავწყვიტე გამეკეთებინა სამუსიკო ინსტრუმენტი ქალის სხეულის სახითო, უთხრა მარინა ხუციშვილმა, თავის დროზე საქართველოში ცნობილმა პოეტმა, "უხილავი ფარდის" წამყვან ოქროპირ რუხაძეს. მარინა, ასე იცნობს მას ხელოვნების სამყარო, 1980-იანი წლების ბოლოს წავიდა უცხოეთში. გერმანიის - მაინის ფრანკფურტის - გავლით, ჯერ პარიზში მოხვდა, საიდანაც სამხრეთში, კოტ-დ'აზურზე, კანში გადასახლდა და იქ ცხოვრობს, როგორც თავისუფალი ხელოვანი. მისი ერთ-ერთი „მუსიკოსი“ ნიცის ბულვარზე დგას, ლეგენდარულ სასტუმრო "ნეგრესკოს" წინ.