ბოლო დღეებში ვლადიმირ პუტინს მეტად დატვირთული გრაფიკი აქვს. შეიძლება, სხვა დროსაც დატვირთული ჰქონდეს, მაგრამ ახლა თვალში მომხვდა: 8 აგვისტოს ბაქოში შეხვდა აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტებს, 9 აგვისტოს სანქტ-პეტერბურგში – თურქეთის პრეზიდენტს, 10 აგვისტოს მოსკოვში – სომეხ კოლეგას. მათთან ერთად ის ხან ისლამისტ ექსტრემისტებთან ბრძოლის გზებზე მსჯელობს, ხანაც – სირიის ომისა თუ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივებზე, და ამას აკეთებს სწორედ მაშინ, როცა საქართველოში ვიხსენებთ აგვისტოს ომის მძიმე დღეებს, ვიხსენებთ, როგორ „მოაგვარა“ რუსეთის ლიდერმა „სამხრეთ ოსეთის კრიზისი“ (მაშინ პუტინს, მართალია, „პრემიერ-მინისტრი“ ერქვა“, მაგრამ ქვეყნის მმართველი რომ სწორედ ის იყო, ყველას კარგად მოგვეხსენება).
პოლიტოლოგობა სულაც არ არის საჭირო კრემლის გზავნილის ამოსაცნობად: როცა საქართველო და დასავლეთი აგვისტოს ომზე საუბრობენ და მოსკოვს მოუწოდებენ, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს სამშვიდობო შეთანხმება, გააუქმოს საქართველოში ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება, პუტინი თავს მშვიდობისმყოფელი ქვეყნის ლიდერად წარმოსახავს –ძალად, რომელსაც მსოფლიომ ანგარიში უნდა გაუწიოს, განსაკუთრებით, როცა გვერდს უმშვენებენ ჰასან როჰანი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი, ანუ მასავით დასავლეთზე განაწყენებული ავტოკრატული რეჟიმების მეთაურები.
ფოტოები მრავლისმეტყველია: ერთმანეთს ტკბილად უღიმიან და ხელს ართმევენ ავტოკრატები, რომლებსაც ბევრის გაფუჭება შეუძლიათ. მათი ძალაც ამაშია...