Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ფანჯიკიძე: "ვერ ვუღალატებთ ქართველი ერის არჩევანს"


მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ის ტოვებს მინისტრის პოსტსა და კოალიცია "ქართულ ოცნებას". ფანჯიკიძის თქმით, თანამდებობებს ტოვებს მისი ოთხივე მოადგილეც: დავით ზალკალიანი, თამარ ბერუჩაშვილი, დავით ჯალაღანია და ვლადიმერ გურგენიძე. ისევე როგორც ირაკლი ალასანიამ, რომელიც პრემიერ-მინისტრმა 4 ნოემბერს გადააყენა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან, ფანჯიკიძე აცხადებს, რომ საფრთხე ემუქრება საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო ორი წლის განმავლობაში მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე. ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ გასული ორი წლის განმავლობაში ჩვენმა გუნდმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე მიაღწია შესაძლებლის მაქსიმუმს“, განაცხადა ფანჯიკიძემ.

„ჩვენ ვხედავთ, რომ არათუ ჩვენი მომავალი საქმიანობა, არამედ ჩვენ მიერ მიღწეული შედეგებიც არის საფრთხის ქვეშ“, - განაგრძო მან, „ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსი, საქართველოს ევროპული მომავალი არის საქართველოს მოსახლეობის ქართველი ხალხის არჩევანი, ეს არის ის, რასაც მოსახლეობამ მხარი დაუჭირა 2012 წლის არჩევნებზე. და ჩემს გუნდს, იმ ადამინებს, რომლებსაც შეგვეძლო და გვევალებოდა ამ მიზნის პირდაპირ შესრულება, არ შეგვიძლია ვუღალატოთ ქართველი ერის ამ არჩევანს და დღეს თუნდაც ჩვენი ამ ნაბიჯით არ დავანახოთ მათ ის საფრთხეები, რის წინაშეც ქვეყანა რეალურად დგას“, განაცხადა ფანჯიკიძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა, რომელიც საქართველოს მთავარი მომლაპარაკებელი იყო ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე, მაია ფანჯიკიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უბრუნდება ირაკლი ალასანიას პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ რიგებს. გუშინ პოსტი დატოვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმაც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრების გადადგომაში ხედავს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის ნიშნებს. ღარიბაშვილმა ეს შეფასება გამოთქვა ბრიფინგზე, რომელიც მოჰყვა თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას გადაყენებას და საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ალექსი პეტრიაშვილის გადადგომას.

„პოლიტიკოსების და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებები და თანამდებობების დემონსტრაციულად დატოვება აშკარად ატარებს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის ნიშნებს და აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან აღნიშნა ასევე, რომ მთავრობა განუხრელად ადგას ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანია და ვერავინ შეძლებს, თავის თავზე მიიწეროს ქართველი ხალხის ევროპული ორიენტაცია. ეს სიტყვები იყო მინიშნება ალასანიას, ფანჯიკიძისა და პეტრიაშვილის განცხადებებზე, რომ საფრთხე ემუქრება საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს.

XS
SM
MD
LG