3 ნოემბერს ე.წ. ”კაბელების საქმესთან” დაკავშირებით, რომლის გამოც თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანს წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი, მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დაკითხვაზე იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი. თავდაცვის მინისტრის პოზიცია უცვლელია: ის დარწმუნებულია დაკავებული თანამშრომლების უდანაშაულობაში, ხოლო საგამოძიებო პროცესის გამჭვირვალობისთვის ირაკლი ალასანია საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის მასალების გასაჯაროებას მოითხოვს. ე.წ. ”კაბელების საქმის” მასალებზე „საიდუმლო“ გრიფის მოხსნას მოითხოვენ ადვოკატებიც. მთავარი პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს ”პოლიტიკური სპეკულაციების” შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა - კვლავაც თავს იჩენს ეჭვები და შეკითხვები.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსი ბატიაშვილი მთავარი პროკურატურის შენობაში 14:00 სთ-ზე გამოცხადდა და გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა. ის არ უარყოფს, რომ კომპანია „სილქნეტში“ მას მართლაც ჰყავს ნათესავი, თუმცა მათ შორის არ შემდგარა კომუნიკაცია სახელმწიფო შესყიდვის პერიოდში. საქმე ის არის, რომ, ბრალდების მხარის განცხადებით, ბატიაშვილი „სილქნეტის“ ფინანსური დირექტორის ახლო ნათესავია და სწორედ ამიტომ ჩნდება გარკვეული შეკითხვები. მართალია, ტენდერში გამარჯვებულ ”სილქნეტთან” კონტრაქტს, რომელიც 2013 წლის დეკემბერში გაფორმდა, ალექსი ბატიაშვილის ხელმოწერა ახლავს, მაგრამ 2013 წლის აგვისტო-სექტემბერში, როდესაც საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდა და „სილქნეტი“ გამარჯვებულად გამოცხადდა, ბატიაშვილი ჯერ არ იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე მსახურობდა და თავდაცვის უწყებაში სამუშაოდ გასული წლის ნოემბრის ბოლოს გადაიყვანეს.
ჩავხედე საქმეს, იმ მასალებს, რაც ჩვენ გაგვაჩნდა და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად ბოლომდე ვარ დარწმუნებული ჩვენი ბიჭების უდანაშაულობაში...ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია კვლავაც იმეორებს, რომ თავისი ხელქვეითების უდანაშაულობაში მისხალი ეჭვიც კი არ შეაქვს. ამის დამტკიცება კი, მინისტრის შეფასებით, მხოლოდ გამჭვირვალე საგამოძიებო პროცესის პირობებშია შესაძლებელი:
”ჩავხედე საქმეს, იმ მასალებს, რაც ჩვენ გაგვაჩნდა და, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად ბოლომდე ვარ დარწმუნებული ჩვენი ბიჭების უდანაშაულობაში და დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს საათებში გადაწყდება ამ საქმეზე „საიდუმლო“ გრიფის მოხსნის საკითხი და წარიმართება ტრანსპარანტულად ეს გამოძიება”.
რამდენად გამართლდება ალასანიას პროგნოზი, ჯერჯერობით გაურკვეველია. მთავარი პროკურატურისთვის გაუგებარია თავდაცვის სამინისტროს განცხადებები „საიდუმლო“ გრიფის მოხსნასთან დაკავშირებით. უწყების მიერ 3 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ”მთავარი პროკურატურა როგორც გამოძიების საწყის ეტაპზე, ახლაც მზად არის ხსენებული დოკუმენტაციისათვის გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნის შესაძლებლობის შესწავლის მიზნით, მოთხოვნის შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები და დოკუმენტაცია მიაწოდოს კომპეტენტურ ორგანოს, რომლის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, სწორედ თავდაცვის მინისტრი ან მისი მოადგილეა უფლებამოსილი ხსენებულ დოკუმენტებს მოხსნას „საიდუმლო“ გრიფი და არა საქართველოს პროკურატურა”. მთავარი პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს ქმედებებში პოლიტიკური სპეკულაციების ნიშნებს ხედავს:
”თავდაცვის სამინისტროს განცხადებები, თითქოსდა „საიდუმლო“ გრიფი ამ მასალებს საქართველოს პროკურატურამ მიანიჭა და განზრახ არ ხსნის ამ მასალებს „საიდუმლო“ გრიფს, არის სიცრუე და მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციას. საზოგადოების საყურადღებოდ კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ სწორედ თავდაცვის სამინისტრომ მოახდინა ხსენებული შესყიდვის გასაიდუმლოება, რომლითაც 2 618 004 ლარის ღირებულების ქონება და მომსახურება შეისყიდა 6 720 877 ლარად, რითაც გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 872.6 ლარი”.
”თავდაცვის სამინისტროს არც ერთ განცხადებაში არ დაუფიქსირებია პოზიცია, თითქოს „საიდუმლო“ გრიფი ამ მასალებს პროკურატურამ მიანიჭა და, მით უმეტეს, არ განუცხადებია, რომ გრიფს საგამოძიებო უწყება განზრახ არ ხსნის”, - ამ სიტყვებით უპასუხა თავდაცვის სამინისტრომ მთავარ პროკურატურას. 3 ნოემბერს, საღამოს, გამოქვეყნებულ განცხადებაში თავდაცვის უწყება აღნიშნავს იმასაც, რომ სამინისტრომ წერილით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების დედნების ან ასლების გადაცემასთან დაკავშირებით. ეს მასალები, საქართველოს კანონმდებლობით, გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველსაყოფად არის საჭირო, რათა, თავის მხრივ, თავდაცვის სამინისტრომ მიმართოს შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, დოკუმენტების განსაიდუმლების პროცედურების დადებითად გადაწყვეტის მიზნით. სწორედ ამ პროცედურის შემდეგ შეძლებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, როგორც გრიფი ,,საიდუმლოს“ მიმნიჭებელი ორგანო, აღასრულოს მიღებული გადაწყვეტილება აღნიშნულ დოკუმენტზე გრიფი ,,საიდუმლოს“ მოხსნის თაობაზე.
იმით, რაც მოხდა, ძალოვან სტრუქტურაში დაირღვა ის დაუწერელი წესი, რაც გულისხმობს მოქმედი მინისტრის პატივისცემას ძალოვანების მხრიდან. ყველა მინისტრი პატივს სცემს ძალოვანებს და იგივეს მოითხოვს მათგანაც...თეა წულუკიანი
რადიო თავისუფლება შეეცადა მთავარ პროკურატურაში გაერკვია საქმის მასალების გადაცემა-არგადაცემის საკითხი, მაგრამ ამის გარკვევა ვერ მოხერხდა. ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა და რა ვადებში მოხდება მასალების გადაცემა.
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების საქმეს ათასგვარი ეჭვი, ვარაუდი თუ შეკითხვა უკავშირდება, თუმცა გამოძიების დასრულებამდე მხოლოდ მინიშნებები კეთდება და კატეგორიული შეფასებების გაკეთებისგან თავს იკავებენ, მათ შორის, ირაკლი ალასანიას უშუალო თანაგუნდელებიც. ერთადერთი, რაზეც ღიად კეთდება აქცენტი - ეს არის ის, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება 28 ოქტომბერს, მინისტრის საქართველოში არყოფნის დროს, მოხდა. ასე მაგალითად, როგორც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აღნიშნავს, ”ყველა გამომძიებელსა და პროკურორს უნდა ესმოდეს, რომ როდესაც მინისტრი წასულია მივლინებაში, თუკი გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს, უნდა დაელოდოს, ვიდრე მის თანამშრომლებს დააკავებს:
”იმით, რაც მოხდა, ძალოვან სტრუქტურაში დაირღვა ის დაუწერელი წესი, რაც გულისხმობს მოქმედი მინისტრის პატივისცემას ძალოვანების მხრიდან. ყველა მინისტრი პატივს სცემს ძალოვანებს და იგივეს მოითხოვს მათგანაც”.
თუ დანაშაული იქნა დადასტურებული, ამ შემთხვევაში, გამომდინარე მინისტრის პოზიციიდან, რომელმაც მთელი პასუხისმგებლობა, ფაქტობრივად, უკვე თავის თავზე აიღო, ბუნებრივია, ალბათ, ის თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ...გია ხუხაშვილი
3 ნოემბერს, საღამოს, ”ქართული ოცნების” ოფისში გაიმართა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ”თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაში მონაწილეობდა ამ პოლიტიკური ძალის ლიდერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. მას და პრემიერ-მინისტრს შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ, ხოლო როგორც, მაგალითად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ალასანიამ ”დამატებითი არგუმენტები წარმოადგინა” და ამ არგუმენტებს, შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების თანახმად, პრემიერიც გაეცნობა. ამასთან, შეხვედრის შემდეგ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობას, რომელიც 8 ნოემბერს გაიმართება, პრემიერ-მინისტრი, კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება.
საკითხმა უკვე მიიღო პოლიტიკური ელფერი, - ამბობს ჩვენთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს მისი მრჩეველი გია ხუხაშვილი. მისი დაკვირვებით, პოლიტიკური ფიგურები თავ-თავიანთი პოზიციების გამომჟღავნებას არ ერიდებიან, რასაც საქმე სამართლებრივი კალაპოტიდან პოლიტიკურ კალაპოტში გადაჰყავს - ეს კი საკმაოდ საფრთხილოა, როცა საქმე ძალოვან სტრუქტურებს ეხება. გია ხუხაშვილის აზრით, პროცესი უკვე იმდენად მაღალ რეგისტრშია ასული, რომ შეუძლებელია რომელიმე მხარემ თავი აარიდოს პასუხისმგებლობასა და სასჯელს:
”თუ დანაშაული იქნა დადასტურებული, ამ შემთხვევაში, გამომდინარე მინისტრის პოზიციიდან, რომელმაც მთელი პასუხისმგებლობა, ფაქტობრივად, უკვე თავის თავზე აიღო, ბუნებრივია, ალბათ, ის თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ... ხოლო თუ არ იქნა დადასტურებული დანაშაული, ამ შემთხვევაში დგება მინიმუმ პროკურატურის პასუხისმგებლობა. შეიძლება ცოტა უფრო უარესადაც იქნეს საქმე ამ შემთხვევაში”.
თავისი ხელქვეითების უდანაშაულობის მტკიცებით ალასანიამ პროცესს გადაასწრო და იჩქარა, მიაჩნია პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს. ის თვლის, რომ ამგვარი სვლა წამგებიანია მინისტრისთვის, რადგანაც მისი თანამშრომლების უდანაშაულობა გამოძიებამ და სასამართლომ უნდა დაამტკიცოს. ამასთან, როგორც ვახტანგ ძაბირაძემ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის ბრალის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, ხელისუფლებამ შეცდომები უნდა აღიაროს და ამან უხერხულობა არ უნდა შექმნას, რადგანაც ყველასათვის ნათელია, რომ პროკურატურაში პროფესიონალი კადრების დეფიციტია და შეცდომები პოლიტიკური სარჩულის გარეშეც მოსალოდნელია.