Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განხეთქილება მაღაროელებს შორის


მთავრობის კანცელარიასთან ჭიათურის მაღაროების მუშების ოცკაციანმა საინიციატივო ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა
მთავრობის კანცელარიასთან ჭიათურის მაღაროების მუშების ოცკაციანმა საინიციატივო ჯგუფმა საპროტესტო აქცია გამართა
ჭიათურის მაღაროების მუშების ოცკაციანმა საინიციატივო ჯგუფმა საპროტესტო აქციები თბილისშიც გამართა. პირველ ნოემბერს მათ სახელმწიფო კანცელარიასთან მოიყარეს თავი და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა წერილობით მოითხოვეს, წინა ღამით კი მაღაროებში არსებული მძიმე სამუშაო პირობები და დაბალი ხელფასები პრეზიდენტის რეზიდენციასთან გააპროტესტეს. 1 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ მაღაროელების ნაწილი სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა. სრულად გაფიცული რჩება მხოლოდ ითხვისის მაღარო, - აცხადებენ ”ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციაში. მაღაროელების ნაწილი კი აცხადებს, რომ ამ ინფორმაციას პროვოკატორები ავრცელებენ. რა ხდება ჭიათურაში და გაიყო თუ არა მაღაროელების აზრი?

ჭიათურელი მუშები - სულ ოცი ადამიანი - მაღაროელთა გაფიცვის დაწყებიდან მე-17 დღეს თბილისში, სახელმწიფო კანცელარიის შენობის წინ, კიბეებზე სხედან, იქვე კარგად ცნობილი შინაარსის პლაკატები კიდია: ”მუშა და არა მონა”, ”მიშამ შექმნა მონობა”. მუშები ამბობენ, რომ ყველას ბანკის ვალი აქვს, მათ ჯანმრთელობაზე არავინ ზრუნავს, სამუშაო პირობები აუტანელია, უფლებები - დარღვეული, წელიწადში ორჯერ ავად გახდომის შემთხვევაში, სამსახურიდან გაუშვებენ. გაფიცვის მე-17 დღეს კი მათ კვლავაც არა აქვთ ნათელი პასუხები - დაკმაყოფილდება თუ არა მათი მოთხოვნები. ნარიმან ჩაჩანიძის, გელა და რომან შეყილაძეების, ჯაბა გურულისა და სხვების მოთხოვნა უცვლელია: ხელფასების 50%-ით გაზრდა და პრემიების გაცემა.

”ადამიანი ორჯერ რომ გახდეს ავად წელიწადში, შეიძლება? ჩვენთვის არ შეიძლება. რადგან მეორედ თუ ვიავადმყოფეთ, გვეუბნებიან, რომ მეორედ იმ 30 დღიანი ბიულეტენის გამოყენება აღარ შეგვიძლია, კომპანიას აღარ ჭირდები. არ უნდა იყოს ზეწოლა, არ უნდა გვეშინოდეს მათი, რომ როცა მოუნდებათ, მაშინ გაგვაგდებენ, მუშტს დაგვიბრახუნებენ და გვეტყვიან, თუ არ გინდა, წადი. სად წავიდე ჩემი ქალაქიდან...”
ყველა მაღარო მუშაობს, ითხვისის მაღაროს გარდა. პირველი ცვლის ხალხი თავად მივიდა სამსახურში, უნდათ მუშაობა, არ უნდათ ეს გაფიცვა ...
მაკა კვარაცხელია

კანცელარიიდან ჭიათურელი მუშების წარმომადგენელი, გამამდიდრებელი ფაბრიკა-მაღაროს მუშა-მოსამსახურე როლანდ აბდუშელიშვილი გამოდის. მან მუშების სახელით პრემიერ მინისტრის სახელზე წერილი დატოვა. მაღაროელები ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ, მოთხოვნები სხვაც ბევრია:

”ჩვენს კომპანიაში აუცილებლად უნდა შემოვიდეს აუდიტი, რომელიც შეისწავლის კომპანიის ფინანსურ საქმიანობას და ყველა დარღვევას. გვინდა ნახონ და შეისწავლონ ასევე ჩვენი სამუშაო პირობები, რა გაუსაძლის გარემოში ვიყავით, გვინდა გავიგოთ ჩვენი შრომის ფასი, გვინდა ვიცოდეთ რა ღირს ის, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ, რომ ამის მიხედვით მოვითხოვოთ ადეკვატური ხელფასი. ვისი მონობის ქვეშ ვართ, ვინაა ჩვენი ინვესტორი, ისიც კი არ ვიცით”.

იმის გასარკვევად, კვლავაც გრძელდება თუ არა მოლაპარაკებები და როგორია ”ჯორჯიან მანგანეზის” პასუხი მუშების მოთხოვნებზე, რადიო თავისუფლებამ კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს მაკა კვარაცხელიას მიმართა. მან გვითხრა, რომ, ითხვისის მაღაროს გარდა, ხუთი მაღარო უკვე ამუშავდა. მაღაროელები თავად მოითხოვდნენ მუშაობის დაწყებას და ისინი დილიდან შევიდნენ კიდეც მაღაროებში - დაახლოებით 1000-კაცზე მეტი.

”ყველა მაღარო მუშაობს, ითხვისის მაღაროს გარდა. პირველი ცვლის ხალხი თავად მივიდა სამსახურში, უნდათ მუშაობა, არ უნდათ ეს გაფიცვა. მათ წინა პარასკევსაც მოითხოვეს მაღაროში შესვლა. უბრალოდ, დიდი აცდენაა ჯგუფებს შორის, ერთმანეთში ვეღარ თანხმდებიან”, - გვითხრა ჭიათურაში მყოფმა მაკა კვარაცხელიამ, რომელსაც ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით.

”ჯორჯიან მანგანეზში” ასევე ამბობენ, რომ მუშების ძირითადი მოთხოვნები დაკმაყოფილდა. კერძოდ: დაწყებულია აზომვითი სამუშაოები და მალე გაუმჯობესდება მათი სამუშაო გარემო, ნაყიდია ტექაღჭურვილობა, რომლის ჭიათურამდე ტრანსპორტირებასაც ცოტა დრო დასჭირდება. რაც შეეხება ხელფასს, 100%-ით მისი გაზრდა, როგორც ამას მუშები მოითხოვდნენ, მსოფლიო საბაზრო ფასებიდან გამომდინარე, მაკა კვარაცხელიას თქმით, შეუძლებელია. ”ჯორჯიან მანგანეზის” რეალური შეთავაზება მუშებისადმი მათი ხელფასის 32 %-იანი გაზრდაა.
გუშინწინ ზურაბ ტყემალაძეც იყო ჩამოსული და ცხრასაათიანი მოლაპარაკება მიდიოდა ითხვისის მაღაროელებსა და ”ჯორჯიან მანგანეზს” შორის და თითქოს რაღაცაზე შეთანხმდნენ, მაგრამ მეორე დღეს მუშებმა ისევ შეცვალეს პოზიცია ...
მალხაზ წერეთელი

ამ დრომდე გაფიცულები არიან ითხვისის მაღაროს მუშები. ერთ-ერთი მათგანი, გოჩა ქვათაძე, გვეუბნება, რომ ჭიათურაში არც სხვა მაღაროები ამუშავებულა და რომ ამ ინფორმაციას ცალკეული პროვოკატორები ავრცელებენ.

სიტუაცია რომ კვლავაც დაძაბული რჩება და ბოლო დროს ჭიათურელ მუშებს შორის გარკვეული განხეთქილება შეინიშნება, ამას არ უარყოფს არც ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი ჭიათურაში მალხაზ წერეთელი. ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებს, რომ, ითხვისის მაღაროს გარდა, სხვა მაღაროების ნაწილი ამუშავდა და მუშები მაღაროებში საკუთარი სურვილით შევიდნენ. ჭიათურის მაჟორიტარი მიიჩნევს, რომ გაფიცვამ გარკვეული შედეგები უკვე მოიტანა - ამ საკითხით დაინტერესებულია ახალი მთავრობა და უფრო დეტალურად მას სპეციალური საგამოძიებო კომისია შეისწავლის. ამიტომ, მისი აზრით, ახლა უმჯობესია გაფიცვიდან სამუშაო რეჟიმში გადასვლა:

”გუშინწინ ზურაბ ტყემალაძეც იყო ჩამოსული და ცხრასაათიანი მოლაპარაკება მიდიოდა ითხვისის მაღაროელებსა და ”ჯორჯიან მანგანეზს” შორის და თითქოს რაღაცაზე შეთანხმდნენ, მაგრამ მეორე დღეს მუშებმა ისევ შეცვალეს პოზიცია და რასაც ეგენი ითხოვენ დღეს, ამ პირობების შესრულება ამ ეტაპზე, მიუხედავად მოთხოვნების სამართლიანობისა, შეუძლებელია. ამიტომ ვფიქრობთ, რომ იქნებ ჯობდეს მათ მუშაობა განაგრძონ და ჩვენი საგამოძიებო კომისიაც შექმნისთანავე შეუდგება საკითხის შესწავლას“.

პირველ ნოემბერს ჭიათურელ მუშებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა სტუდენტურმა გაერთიანებამ „ლაბორატორია 1918-მა“, რომლის წარმომადგენელი, გიორგი გაბელია, ამბობს, რომ მუშების ინტერესებს ბოლომდე დაიცავენ.

ჯერჯერობით უცნობი რჩება გაფიცული მაღაროელებიდან რამდენი დაუბრუნდება სამუშაო ადგილს და ვინ განაგრძობს აქციებს. მაღაროებში არსებული ვითარება, როგორც ითქვა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს, რომელიც ჯერ არ შექმნილა.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG