გორში "შენების მოძრაობის" წარმომადგენელი ირმა პაპიძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ღია აგიტაციას ეწევიან საარჩევნო უბნებთან და არის ამომრჩეველთა მოსყიდვის მცდელობის შემთხვევებიც. ოპოზიციური პარტიების ბრალდებებზე პასუხად "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა მარლენ ნადირაძემ არ უარყო, რომ საარჩევნო უბნებთან მისი თანაპარტიელები მართლაც ახდენენ მხარდამჭერთა მობილიზაციას, მაგრამ ეს, ნადირაძის თქმით, კანონდარღვევა არ არის. ამის შესახებ იუწყება ჩვენი გორელი კორესპონდენტი გოგა აფციაური.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ მოითხოვს, ბათილად ცნონ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის 46-ე საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთი. როგორც ზუგდიდში ორგანიზაციის წარმომადგენელმა დათა აქუბარდიამ განაცხადა, ორმა ამომრჩეველმა ხმა მისცა როგორც გადასატანი ყუთის გზით, ისე უბანზე, ერთიანი სიის საშუალებით. „გადასატანი ყუთის ამომრჩეველთა სიაში 35 ადამიანი იყო. ყუთის დაბრუნების შემდეგ იქ ოცდათხუთმეტივე ხელმოწერა იყო, მაგრამ ამასობაში სიაში მყოფი ორი ამომრჩეველი უბანზე მივიდა და ხმა მისცა. ჩვენმა დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი და ვითხოვთ ყუთის ბათილად ცნობას“ - ამბობს აქუბარდია. უბანზე საჩივრის დაწერას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა უბნის თავმჯდომარე რუსუდან ფანგანსა და „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი კანდიდატის თემურ ლიპარტიას მამას, ავთანდილ ლიპარტიას შორის, რომელიც უბანზე ხმის მისაცემად იყო მისული.
როგორც ფანგანი ამბობს, ავთანდილ ლიპარტიამ მას სიტყვიერი შეურცხყოფა მიაყენა. დაპირისპირებაში ჩაერთო უბნის თავმჯდომარის ძმა, რომელიც ადგილზე ამომრჩევლის სტატუსით იმყოფებოდა. „ევროპული საქართველოს მაჟორიტარი კანდიდატის მამამ უბნის ტერიტორიაზე დებოში მოაწყო, რაზეც ჩივილს ვაპირებთ“, - განაცხადა რუსუდან ფანგანმა. როგორც ჩვენი ზუგდიდელი კორესპონდენტი თამარ ზანთარაია იუწყება, საოლქო საარჩევნო კომისიაში ადასტურებენ, რომ მათთან შემოსულია „სამართლიანი არჩევნების“ საჩივარი.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის ბრიფინგი საარჩევნო მედიაცენტრში.
დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის ელჩები გარდაბანში დამკვირვებლებს შეხვდნენ.