ლაგოდეხის #15 საოლქო საარჩევნო კომისიის კაბალის ნომერ #18 უბანზე პარტიების - "ქართული ოცნებისა" და "ევროპული საქართველოს" კოორდინატორები საარჩევნო უბნის შესასვლელ კართან სხედან და ამომრჩევლის რაოდენობას აღრიცხავენ. ორივე პარტიის წარმომადგენლები ერთმანეთს ადანაშაულებენ ამომრჩეველზე ზეწოლაში, - გვატყობინებს დავით ჭაბაშვილი ლაგოდეხიდან.
მარნეულის მერობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" ამჟამად ქალაქ მარნეულიდან 15 კილომეტრში, სოფელ კუტლარში იმყოფება, სადაც, მისი განცხადებით, 55-ე საარჩევნო უბანზე არჩევნები დარღვევით მიმდინარეობს. მისი თქმით, გაურკვეველი სტატუსის ადამიანები იმყოფებიან საარჩევნო უბანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, და ზეწოლას ახდენენ ამომრჩეველზე, - გვატყობინებს დავით მჭედლიძე.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმარტება გააკეთა ზოგიერთი პარტიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის და ასევე, ტელეფონით მიღებულ შეტყობინებებზე, რომ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და დამკვირვებლები რეგისტრატორებთან ამოწმებენ ამომრჩეველთა მონაცემებს და იწერენ სიაში რეგისტრაციის ნომერს. „ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის სახელი, გვარი და რეგისტრაციის ნომერი მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას და არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს. შესაბამისად, დაკვირვების უფლების მქონე პირებს არ ეკრძალებათ კენჭისყრის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, ამომრჩევლების შესახებ საჯარო ინფორმაციის გადამოწმება“ - ნათქვამია ცესკოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტია, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დაადანაშაულა არჩევნების ფარულობის პრინციპის დარღვევაში. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის შეფასებით, თბილისში არჩევნები მიმდინარეობს უპრეცედენტო დარღვევით. ბეჟაშვილის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ პარტიული წარმომადგენლები იმყოფებიან საარჩევნო უბნებზე, თავს ადგანან კომისიის წევრებს და რეგისტრატორებს და იწერენ ყველა მოსული ამომრჩევლის რეგისტრაციის ნომერს.