„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დამკვირვებლებმა კენჭისყრის დაწყებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში დაწერეს 22 საჩივარი და 20 შენიშვნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, დილის 8 საათისთვის, პირველი ამომრჩევლის მისაღებად მზად იყო საარჩევნო უბნების 99,3%. უბნების 99,7%-ში კომისიის წევრებს შორის ფუნქციები წილისყრით დადგენილი წესით განაწილდა, საარჩევნო უბნების 2,7%-ში კი გამოვლინდა უბნის გახსნის პროცესთან დაკავშირებული დარღვევები.
მარნეულის მესამე საარჩევნო უბანი
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან ფიქსირდება ამომრჩევლების მოსყიდვისა და დაშინების ფაქტები. თავის მხრივ, ბრალდებას უარყოფენ “ქართული ოცნების” ოფისში. პარტიის წევრის მამუკა წოწერიას განცხადებით, ეს სიცრუეა. "ქართული ოცნების" შტაბში ირწმუნებიან, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და როგორც ხელისუფლებაში მყოფი პარტიის წევრები, “პროვოკაციას არ დაუშვებენ", - გვატყობინებს თამარ ზანთარაია ზუგდიდიდან.
მარნეულში ამ დროისთვის 5 400-მა ადამიანმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა 4,5 პროცენტია, - გვატყობინებს დავით მჭედლიძე მარნეულიდან.