Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტერატურული ფესტივალის ხუთდღიანი დღესასწაული


16 მაისს დაიწყო და 21 მაისს დასრულდება თბილისის მეორე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, დატვირთული პოეზიისა და პროზის კითხვის საღამოებით, დისკუსიებითა და წიგნების პრეზენტაციებით. წელს ფესტივალს 19 უცხოელი ავტორი სტუმრობდა. მწერალთა სახლმა ამ გაზაფხულზეც მოახერხა ლიტერატურის მოყვარულთათვის რამდენიმედღიანი დღესასწაული ეჩუქებინა.

ბევრი რამ მოხდა ამ ხუთ დღეში - თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს ვგულისხმობ, რომელსაც, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, უკვე მეორედ ატარებს მწერალთა სახლი. ვისაც ლიტერატურა ძალიან უყვარს, იმისთვის ეს ხუთი დღე ნამდვილი დღესასწაულია. როდესაც ფესტივალის პროგრამა გამოქვეყნდა, მაშინვე ორი ძალიან ცნობილი მწერლის, დიბისი პიერისა და ეთგარ კერეტის, სახელები მომხვდა თვალში - ქართველი მკითხველი მათ შედარებით უკეთ იცნობს. მადლობა ქეთი ქანთარიას და თამარ ბაბუაძეს - პიერის ერთი და კერეტის უკვე ორი წიგნის თარგმანისთვის. მაგრამ ლიტერატურული ფესტივალის კიდევ ერთი და მთავარი მუღამი მაინც იმ უცნობი ავტორების აღმოჩენაა, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში ცნობილები არიან, ჩვენ კი მათ შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. წელს თბილისს არაერთი ასეთი ავტორი ესტუმრა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჩილედან, იაპონიიდან, შვედეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან... კარგ ლიტერატურას გემო თუ ერთხელ გაუგე, მერე ვეღარ მოეშვები - ახალი ავტორების პოვნაც ასეა, სულ გაინტერესებს რას დაწერენ და თუ მათ მშობლიურ ენაზე ვერა, ინგლისურად მაინც მოძებნი ინტერნეტში და წაიკითხავ.

ამ დღეებში მწერალთა სახლის დირექტორი, ნატაშა ლომოური, სულ აქეთ-იქით დაქრის, ძნელი დასაჭერია. ასეა ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის ყველა წევრი. სხვანაირად ვერც იქნება - წიგნის პრეზენტაციები, დისკუსიები, პოეზიის საღამოები, ცალკე საყმაწვილო პროგრამა, ცალკე ახალგაზრდა პოეტების ჯემი - მოკლედ, მთელი ამბავია. გეოგრაფიული არეალიც გაფართოვდა - წელს ფესტივალს, როგორც ითქვა, ჩილელი და იაპონელი პოეტებიც ეწვივნენ. განსაკუთრებით საინტერესოა ხოლმე უცხო კულტურებზე დაკვირვება.

პირველი დღე, მოგვითხრობს ნატა ლომოური, გერმანულენოვან ქართველ მწერალთან, ნინო ხარატიშვილთან, შეხვედრით გაიხსნა.

„ასე დაიგეგმა - ნინოს საღამოთი ფესტივალის გახსნა, რადგან ნინო ხარატიშვილი არის ხიდივით ქართულ და დასავლურ კულტურას შორის. ბევრი კითხვაც დაისვა იმასთან დაკავშირებით, რომ ის გერმანელ მწერლად ითვლება. ფესტივალი ტრადიციული პოეზიის საღამოთი სრულდება. ამ ფესტივალზე ასპარეზი სულ ახალგაზრდა დამწყებ პოეტებსაც მივეცით - ზოგმა ლექსი წაიკითხა, ზოგმა პოლიტიკური განცხადება წაიკითხა და ესეც საინტერესო გამოვიდა. ასე ენაცვლება ერთმანეთს პროზა და პოეზია, წიგნის პრეზენტაცია და დისკუსია და ვფიქრობთ, რომ ეს ფესტივალი გახდება უფრო სავსე და საინტერესო“.

შვედი პოეტი და მთარგმნელი კრისტიან კარლსონი კავკასიური სახლის ეზოში, სცენაზე, თავის მშობლიურ ენაზე საკუთარ ლექსებს გვიკითხავს. ერთ-ერთ მათგანში ქართული ანბანის ასოებს ახსენებს და ქართველი მსმენელიც უფრო ყურადღებით უსმენს. ქართული პოეზია და ქართველები შვედეთში მცხოვრები პოეტის, ზურაბ რთველიაშვილისგან გაიცნო და მანანა კობაიძესთან ერთად რთველიაშვილის „პოეზიის დიქტატურა“ თარგმნა. მისი გამომცემლობა შვედურ ენაზე პირველად გამოსცემს ხოლმე შვედეთისათვის მანამდე უცნობი უცხოელი მწერლების თარგმანებს. ასე ითარგმნა მაია სარიშვილისა და ლია ლიქოკელის პოეტური კრებულებიც. ამ ამბების მერე თავს რაღაც შინაურულად ვგრძნობ თბილისშიო, გვითხრა. ის ლექსი კი, სადაც ქართული ანბანის ასოებს ახსენებს, სწორედ ზურაბ რთველიაშვილის ლექსების თარგმნისას დაუწერია:

კრისტიან კარლსონი
კრისტიან კარლსონი

„თქვენი ანბანის ასოებით დავინტერესდი. ვცდილობდი სიტყვების თარგმნას ინტერნეტის დახმარებით, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ქართული ანბანის ასოებს ჩვეულებრივად ვერ გამოვიყენებდი, სხვა კლავიატურა მჭირდებოდა, თან არ ვიცოდი, რომელი ასო რას აღნიშნავდა და ყველა ასოს თავისი სახელი დავარქვი - მაგალითად, ერთს მაიკლ ჯეკსონი ერქვა. და როცა მინდოდა დამეწერა სიტყვა ქართულად, სწორედ ამ მინიშნებებს ვიხსენებდი გონებაში და ასე ვწერდი. მაგალითად, მაიკლ ჯეკსონი და ა.შ. და ა.შ.“

კრისტიან კარლსონს უყვარს ენით თამაში, პოეზიაში კი - სრული თავისუფლება. რაც ქართულ ენაზე მოვისმინეთ, იქაც დიდი დოზით იყო პოლიტიკა, პროტესტი, სოციალური მოტივები. თავად ამბობს, მე ასეთი ვარ - შეიძლება ერთ ლექსში რომ კვერცხზე ვწერ, მეორე ლექსში პოლიტიკაზე ვწერდეო:

„ამ მხრივ ყველაფერი შესაძლებელია პოეზიაში, განსხვავებით პროზისგან. უცებ შეგიძლია ერთი რამიდან მეორეზე გადახვიდე და ყველაფერი თქვა. მე მიყვარს ენასთან თამაში და ჩემთვის ყველაზე უარესია, როცა ამბობენ, რომ არა, ამის გაკეთება პოეზიაში არ შეიძლება, ეს შეცდომაა ან ეს არ არის დახვეწილი ხელოვნება. მე ეგრე მგონია, რომ წესები იმისთვის არსებობს, რომ ის შეცვალო. ასე რომ, მე არ მიყვარს ისეთი რამეების კითხვა, რაც მაინცდამანიც დადგენილ წესებს მიჰყვება“.

მერე სცენაზე ჩილელი პოეტი სერხიო ბადილია კასტილიო შემოდის და მიკროფონში ესპანურენოვანი პოეზია ისმის - სოსო მეშველანის ქართული თარგმანი რომც არ მოჰყვებოდეს, ესეც საკმარისია, ისეთი მოსასმენია:

„ძველი ლენინგრადის რომელიღაც ქუჩის კუთხეში იოსიფ ბროდსკი დავინახე.

იდგა და გაჰყურებდა გაყინულ ნევას მელანქოლიური თვალებით.

ასე ჩამოძონძილს, თითქოს დაბრუნება სურდა თავის შორეულ საზღვრებში

ამ მკაცრი ზამთრის გაცრეცილი მზის ქვეშ.

გვერდით ახალგაზრდებმა ჩაუარეს, ბოლო ხმაზე აწეული მაგნიტოფონით.

ფეხქვეშ ჭრაჭუნობს კანალიზაციის ჭის ხუფი

ყინვით გამომშრალი თოვლის თხელ საფარქვეშ“...

პოეზიის საღამო
პოეზიის საღამო

სერხიო ბადილია კასტილიო ჩილედან პინოჩეტის რეჟიმის დროს გადაიხვეწა და წლების განმავლობაში შვედეთში ცხოვრობდა. დღეს მას ხშირად მოიხსენიებენ როგორც ფინური და შვედური გავლენის მქონე ჩილეელ პოეტს.

ფესტივალის სტუმარი პოეტების დახასიათება ფესტივალის მთავარ კონსულტანტს, თავადაც პოეტ შოთა იათაშვილს ვთხოვე. ის უკვე მეორე წელია ფესტივალის მთავარი კონსულტანტია. ავტორების თარგმნა, საღამოების წაყვანა, ავტორების გაცნობა - შოთა ფესტივალის მნიშვნელოვანი ფიგურაა. „შოთა, გამაცანი“ - ასეთ ფრაზასაც გაიგონებთ ქართველი ავტორების მხრიდან, როდესაც უცხოელი კოლეგების გაცნობა სურთ. აი, წარმოიდგინე, მეუბნება, სხვადასხვა კულტურისა და ესთეტიკის ამდენი ავტორი ერთად - უკვე ამბავია. ცოცხალი კონტაქტი სხვა მუხტს აჩენს, განსაკუთრებით, პოეტების მოსმენისას:

„მაგალითად, წელს ფესტივალის სტუმარია იაპონელი პოეტი, რომელიც უკვე დიდი ხანია მიუნხენში ცხოვრობს და სწორედ ეს ნაზავია საინტერესო - იაპონური და ევროპული ესთეტიკისა. ჩამოსულია უკრაინელი იური ანდრუხოვიჩი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მწერლად ითვლება უკრაინაში. შარშან, გახსოვთ ალბათ, რომ ქართველმა მკითხველმა ასევე ძალიან კარგი უკრაინელი ავტორი, სერგეი ჟადანი, გაიცნო. დმიტრი ბიკოვი სტუმრობდა ფესტივალს - ცნობილი რუსი მწერალი და პუბლიცისტი, რომელიც ცნობილია თავისი ლექსებით, გადაცემით „მოქალაქე პოეტი“, რომელიც არაერთხელ დაუხურეს რუსეთში და ცნობილი ანტუპუტინისტია და რეჟიმთან მებრძოლი ავტორი“...

ბევრი ქვეყნის ავტორი, გამოცდილება და გაზიარება, მოსმენა, თარგმნა - პოეტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე იმ სიკეთეებს ჩამოთვლის, რაც ლიტერატურულ ფესტივალებს, როგორც წესი, მოსდევს ხოლმე. დასახვეწიც დაიხვეწებაო, ამბობს, და იმის იმედიც აქვს, რომ თუ კულტურული და მწიგნობარი ერის პრეტენზია გვაქვს, ეს ფესტივალი წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად უნდა იქცეს:

„ფესტივალები არის იმის გარანტია, რომ მონაწილე იყო მსოფლიო ლიტერატურული პროცესების. რაც იწერება დღეს, გასაგებია, რომ ჩვენს კულტურაში თარგმანის მეშვეობით უნდა შემოვიდეს, მაგრამ ცოცხალი კონტაქტების ქონა ყოველთვის საჭიროა, იმიტომ რომ ასეთ ფესტივალებზე ჩამოდიან თავიანთ ქვეყნებში აღიარებული პოეტები და, შესაბამისად, ყოველთვის გაინტერესებს, იქ რა არის მნიშვნელოვანი, იქ რა მოსწონთ და რას აფასებენ და, ცხადია, რამდენად შეესაბამება მას ის პროცესები, რაც დღეს ქართულ კულტურაში ხდება“.

იმედი მაქვს, რომ იტყვიან, ეს არის სასაცილო თანამედროვე მსოფლიოს ნამდვილი, გულწრფელი ხედვა, იმიტომ რომ ყველა ჩემი წიგნი თანამედროვე ცხოვრებაზეა, იმაზე, თუ რა უცნაურ ვინმედ შეიძლება იქცეს ადამიანი კონკრეტულ პირობებში...
დიბისი პიერი

კავკასიური სახლიდან მწერალთა სახლში ვინაცვლებთ. ეს ხუთი დღე სულ ასეთი იყო - აქეთ-იქთ სიარულის, რადგან მწერლებთან შეხვედრები სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა დროს იმართებოდა.

აი, ისიც, ფესტივალის კიდევ ერთი სტუმარი, ქართველებისთვის მეტ-ნაკლებად, საერთოდ კი, საკმაოდ ცნობილი მწერალი დიბისი პიერი, ავსტრალიაში დაბადებული და წლების განმავლობაში მექსიკაში ნაცხოვრები ბრიტანელი ავტორი, მწერლობამდე მხატვარი, ცნობილი თავისი ახალგაზრდული სკანდალებით. მისი პირველი წიგნი, „ვერნონ გენიოს ლითლი“, 2001 წელს გამოვიდა და ბუკერის პრემია მიიღო, საქართველოში 2006-ში ითარგმნა და წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში წიგნის თარგმანისათვის ქეთი ქანთარია პრემია „საბათი“ დაჯილდოვდა. სხვა წიგნები - მაგალითად, „ლუდმილას დამტვრეული ინგლისური“, „ჩამქრალი სინათლე საოცრებათა ქვეყანაში“ თუ „საუზმე ბორჯიებთან“ - ჯერჯერობით ქართულად ნათარგმნი არ არის. მწერალი რომ არ ვყოფილიყავი, ალბათ, შემწვარი ქათამი ვიქნებოდიო, იხუმრა, მეტი არაფერი ვიციო:

„იმედი მაქვს, რომ იტყვიან, ეს არის სასაცილო თანამედროვე მსოფლიოს ნამდვილი, გულწრფელი ხედვა, იმიტომ რომ ყველა ჩემი წიგნი თანამედროვე ცხოვრებაზეა, იმაზე, თუ რა უცნაურ ვინმედ შეიძლება იქცეს ადამიანი კონკრეტულ პირობებში. მით უმეტეს, რომ ძალიან საინტერესო დროში ვცხოვრობთ, დროში, როცა მთელ მსოფლიოს კაპიტალიზმმა გადაუარა. და ეს ცვლის ინდივიდებს. მე ვიტყოდი, ძალიან ფსიქოლოგიური დროებაა. პრინციპში, ყველა ჩემი წიგნიც თანამედროვე ცხოვრების ფსიქოლოგიაზეა და იმაზე, თუ როგორ ცდილობენ გადარჩენას ჩვეულებრივი ადამიანები ფულის ძალაუფლების, ფულის ზეწოლის ქვეშ“.

რომანის წერისას მკითხველზე არასოდეს ვფიქრობ, არც ჩემს თავზე. წერის დროს, შენი თავის ჩათვლით, ყველა დახურულ კარს მიღმა უნდა დატოვოო, უთხრა რადიო თავისუფლებას ავტორმა. დიბისი პიერს ვკითხეთ, წერა რას ჰგავს, სხვა რომელ აქტივობას შეადარებდითო. რამდენიმე წამს იფიქრა და ოკეანეში ცურვასო, თქვა:

„კი, წერა ჩემთვის შორს გაცურვაა, სადაც შეიძლება დავიხრჩო კიდეც, მაგრამ მაინც მივცურავ, სანამ ხმელეთი არ გამოჩნდება, სანამ მიწას ვიპოვი“.

„კაცი - ანძაზე -

ლუდს და არაყს გარკვევით ითხოვს.

ანგელოზურად ზის, აკავებს საკუთარ ძვლებს და

აშინებს გამვლელს, გუბერნატორს

და ღმერთსაც, - თითქოს

იდარდებს ვინმე, იმას სული თუკი გასძვრება...“ - პოეტმა და მთარგმნელმა ლელა სამნიაშვილმა თავისი ლექსები წაიკითხა, დიანა ანფიმიადმა კი სომეხი ავტორის, ჰასმიკ სიმონიანის, ლექსები. დიანას კავკასიელი ქალი ავტორების მსგავსებებსა და განსხვავებებზე ვკითხეთ:

„აი, მაგალითად, სომეხი ავტორი ქალები ცოტა უფრო თავისუფლები არიან სექსუალურ თემატიკაში. ჩვენთან ეს თემები უფრო რაღაც შელამაზებულად შემოდის პოეზიაში, მხატვრულ სახეებშია შეფარული. ის განსხვავებაც არის, რომ სომეხი ავტორები - ვინც მე ვთარგმნე შარშან და წელს, ვიოლეტ გრეგორიანი და ჰასმიკ სიმონიანი - გამოირჩევიან საკმაოდ გრძელი ლირიკული ლექსებით. ქართველი ავტორების ლექსები უფრო კომპაქტურია ხოლმე. თუმცა საერთო ნიშნები კავკასიელი ქალების პოეზიას მაინც აქვს, მაგალითად, მათაც უყვართ მითოლოგიის შემოყვანა ლექსებში... ზოგადად კი, მართლაც ძალიან საინტერესო ავტორები გავიცანით“.

ლია სტურუა
ლია სტურუა

ლია სტურუას ახალი წიგნის, „მგლის საათის“, პრეზენტაცია, დმიტრი ბიკოვის პოეტური კითხვა, ეთგარ კერეტის შეხვედრა მკითხველთან, თამთა მელაშვილი დისკუსიაში „ქალი მწერლები აქტივიზმის ზღვარზე“, ლევან ბერძენიშვილი, იური ანდრუხოვიჩი და სეიმურ ბაიჯანი - პოსტსაბჭოთა ლიტერატურაში საბჭოთა ინერციაზე... ეს კიდევ ცალკე მოსაყოლი ამბებია. ზოგ ღონისძიებას უბრალოდ თუ ჩამოვთვლით. თბილისის მეორე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი 21 მაისს სრულდება. არ დამეზარება და ფესტივალის მონაწილეების სრულ სიას ჩავიკითხავ: ჰასმიკ სიმონიანი - სომხეთი, სეიმურ ბაიჯანი - აზერბაიჯანი, ლუდვიგ ლაჰერი - ავსტრია, სერხიო ბადილია კასტილიო - ჩილე, ლია სტურუა - საქართველო, გიორგი კეკელიძე - საქართველო, ლელა სამნიაშვილი - საქართველო, ნინო ხარატიშვილი - გერმანია, ეთგარ კერეტი - ისრაელი, იასუჰირო იოცომოტო - იაპონია, ესტერ ნაომი პერკვინი - ჰოლანდია, ტადეუშ დაბროვსკი - პოლონეთი. დმიტრი ბიკოვი - რუსეთი, კრისტიან კარლსონი - შვედეთი, სადიკ იალსიზუჩანლარი - თურქეთი, დიბისი პიერი - დიდი ბრიტანეთი, სიუზან შილინგლოუ - აშშ, ალექს გალპერი - აშშ, სტივენ ჯ. ფაულერი - დიდი ბრიტანეთი, ელი უილიამსი - დიდი ბრიტანეთი, ზაზა კოშკაძე - საქართველო, ზურა ჯიშკარიანი - საქართველო. ასევე: გიორგი არაბული, ბექა ახალაია, გეგა აბულაძე, ბექა ყორშია, გიორგი პროლეტარ-შონია, ლაშა ჯაიანი, ნინია ნადირაძე, გიორგი გაგოშიძე, ნინი ელიაშვილი, თორნიკე ჭელიძე.

დაიმახსოვრეთ ეს სახელები.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG