Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალბერ კოენის “დედაჩემი”


ლიტერატორები დამეთანხმებიან, რომ დედაზე - მით უმეტეს, გარდაცვლილზე - რაიმეს დაწერა ურთულესი საქმეა, რადგან ამ დროს ყოველწამიერ არსებობს საშიშროება, მწერალი სანტიმენტალიზმში არ გადავარდეს და მკითხველს მხატვრული ტექსტის ნაცვლად ერთგვარი მოთქმა არ შესთავაზოს.

დღეს უკვე ასეთი რამ წარმოუდგენელ გაბედულებად მეჩვენება, მაგრამ გაბედულება იყო მაშინაც, როცა ალბერ კოენის ,,წიგნი დედაჩემზე” დაიწერა.
ეს ტექსტი ფრანგულად 1954 წელს გამოვიდა და მაშინვე მიიპყრო ევროპელი მკითხველის ყურადღება. ფრანგული პრესის აღფრთოვანებულ რეცენზიებზე თვალის ერთი გადავლებაც კი იოლად დაგვარწმუნებს, როგორ იმოქმედა თავის თანამედროვეებზე კოენის ამ რომანმა.

საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი მარსელ პანიოლი აცხადებდა, რომ ,,’წიგნი დედაჩემზე’ შედევრია, ერთადერთი და სამარადისო”. გაზეთი ,,პარი მაჩი” კი აღნიშნავდა, რომ ის ,,ერთ-ერთი საუკეთესო რომანია სიყვარულზე, როგორიც ოდესმე დაწერილა”.

ალბერ კოენს დიდი და მრავალფეროვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობა არ დარჩენია. არის სულ ექვსიოდე წიგნი, 1930-დან 1979 წლამდე შუალედში, მაგრამ ეს ექვსივე თხზულება საფრანგეთში დღემდე უაღრესად პოპულარულია. თვითონ მწერალი 1895 წელს დაიბადა საბერძნეთში, კორფუში. საშუალო სკოლა მარსელში დაამთავრა, უმაღლესი განათლება კი ჟენევაში მიიღო. იქ ერთხანს საერთაშორისო ბიუროს დიპლომატიური ატაშე იყო, ომის დროს კი ლონდონში ლტოლვილთათვის არსებულ სამთავრობოთაშორისო იურიდიულ კომიტეტს ხელმძღვანელობდა, რომლის შემადგენლობაში საფრანგეთი, ინგლისი და ამერიკის შეერთებული შტატები შედიოდნენ. ამავე მისიით ის ხელმძღვანელობდა 1946 წლის 15 ოქტომბერს დადებული საერთაშორისო შეთანხმების შემუშავებას, რომელიც ლტოლვილთა ინტერესებს იცავდა. ომის შემდგომ ალბერ კოენი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ერთ-ერთ ინსტიტუტს უძღვებოდა. გარდაიცვალა 1981 წლის 17 ოქტომბერს ჟენევაში.

ეს ძალიან საინტერესო მწერალია, ერთი მხრივ, მაგრამ, რაც მთავარია, თვითონ ეს ნაწარმოები არის საპროგრამო და თითქმის ყველა სახელმძღვანელოში შედის ან ნაწყვეტი, ან მთლიანად ავალებენ მოსწავლეებს და სტუდენტებს ამ ნაწარმოების წაკითხვას...
ნინო ქავთარაძე
ამ მოკლე ბიოგრაფიული მონაცემებიდანაც ცხადად ჩანს, რომ კოენისათვის მწერლობა ძირითადი საქმიანობა არ ყოფილა, ამის მიუხედავად, მისი ნაწერები ფრანგული ლიტერატურის ისტორიაშიც დარჩა და დღემდე არც მკითხველის ცოცხალი ინტერესი მოჰკლებია.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი ნინო ქავთარაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს:

,,ეს ძალიან საინტერესო მწერალია, ერთი მხრივ, მაგრამ, რაც მთავარია, თვითონ ეს ნაწარმოები არის საპროგრამო და თითქმის ყველა სახელმძღვანელოში შედის ან ნაწყვეტი, ან მთლიანად ავალებენ მოსწავლეებს და სტუდენტებს ამ ნაწარმოების წაკითხვას. იგი გამოიცა მეოცე საუკუნის 50-იან წლებში და დღესაც ინარჩუნებს პოპულარობას და მნიშვნელობას. არ არის საქართველოში ძალიან ცნობილი ეს მწერალი და ვფიქრობ, რომ ქალბატონ მარინა ჭილაშვილს უნდა უმადლოდეს ჩვენი საზოგადოება, რომ გაეცნო ამ ძალიან საინტერესო მწერალსაც და საინტერესო თარგმანსაც”.

ალბერ კოენის ,,დედაჩემი” ქართულად შარშან საქართველოში, ფრანგული ინსტიტუტის დაფინანსებითა და მერაბ მამარდაშვილის სახელობის საგამომცემლო პროგრამის ფარგლებში, დაისტამბა. წიგნი, რომელიც რომანთან ერთად მწერლის დღიურების ფრაგმენტებსაც უყრის თავს, ფრანგულიდან მარინე ჭილაშვილმა გადმოიღო და ,,ელფის გამომცემლობაში” გამოვიდა.
მარინე ჭილაშვილის ნამუშევრის შეფასებისას ნინო ქავთარაძე აღნიშნავს:

,,მთარგმნელის საქმე ძალიან დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, მან უნდა გაითავისოს ჯერ ეს ნაწარმოები, შეიგრძნოს და მერე უკვე მკითხველის სამსაჯვროზე წარადგინოს. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა,იმიტომ რომ, ჩემი აზრით, მთარგმნელი არის პირველი მკითხველი, ასე ვთქვათ, ,,მკითხველი-მოდელი” და მე ვფიქრობ, ქალბატონმა მარინემ ძალიან რთულ საქმეს მოჰკიდა ხელი, რადგანაც ნაწარმოები მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ ,,აღმსარებლობით პროზას”. ასეთ ნაწარმოებში ხდომილობის სიმცირეა, სამაგიეროდ, დიდია გრძნობა, ემოცია და როდესაც მთარგმნელი ახერხებს იმას, რომ გადმოიტანოს იგივე გრძნობა და ემოცია ქართულად, ეს უკვე წარმატებულ თარგმანზე მეტყველებს. ეს ერთი და, მეორე, რაც მინდა, აღვნიშნო, რომ მოვიხიბლე, როგორც მკითხველი, რადგანაც მე არა ვარ ქართული ენის სპეციალისტი, მე მოვიხიბლე, როგორც მკითხევლი, ლექსიკის მრავალფეროვნებითა და სიუხვით და არა მარტო მე, რადგანაც როდესაც მივედი ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში, აღმოჩნდა, რომ ყველა ეგზემპლარი ამ თარგმანისა გატანილი იყო და ეს დიალოგი კოენისა და ქართველ მკითხველს შორის, ვფიქრობ, შედგა და ამას უნდა ვუმადლოდეთ ქალბატონ მარინეს”.

მარინე ჭილაშვილის შრომა ნამდვილად დასაფასებელია, რადგან, როგორც აღინიშნა, წიგნი ,,აღმსარებლობითი პროზის” ნაკადს მიეკუთვნება, ამ შემთხვევაში კი სათარგმნი ტონალობის შერჩევასა და მთელი რიგი პასაჟების გადმოღებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

მთარგმნელებისათვის ცნობილია, რომ სხვადასხვა ენაში მიმართვის ფორმებიც კი სხვადასხვაგვარად შეიძლება ჟღერდეს, იმ თვალსაზრისით, რომ რაც ერთგან გულითადობის გამომხატველი და მაჩვენებელია, მეორეგან შესაძლოა კომიკური ელფერით შეიმოსოს.

საერთოდ, სათარგმნი მასალა, რა თქმა უნდა, მოდის იმ ინტერესიდან, რასაც იწვევს თვითონ წიგნი მთარგმნელში. თუ არ მოიძებნა რაღაც წერტილი მთარგმნელში, რომელიც მას განაწყობს წიგნის მიმართ, რა თქმა უნდა, ის მას ხელს ვერ მოჰკიდებს და ასეა ჩემს შემთხვევაშიც...
მარინე ჭილაშვილი
მაგალითად, შეყვარებული მამაკაცის მიმართვა სატრფოსადმი ,,ჩემო პატარა გვრიტო“ იქნებ ზოგიერთ კულტურაში, განსაკუთრებით - ეპოქის გათვალისწინებით, ბუნებრივად ისმოდეს და ცოცხალ ემოციასაც გადმოსცემდეს, მაგრამ დღევანდელ მკითხველში, ჩვენთან, ის უსათუოდ სიცილს გამოიწვევს.

ამ დეტალზე ყურადღების გამახვილება საჭიროდ იმიტომაც მივიჩნიეთ, რომ ,,აღმსარებლობითი პროზა“ სავსეა სწორედ ასეთი ნიუანსებით და თუ თითოეული ამ შემთხვევისთვის ემოციურ-სემანტიკური ველი ზუსტად არ შეირჩა, ტექსტი უსათუოდ მარცხისთვის იქნება განწირული.

მარინე ჭილაშვილის სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ, ამ თვალსაზრისით, მისი თარგმანი სანიმუშოა და, გარდა ამისა, მკითხველი უსათუოდ მოიხიბლება ქართული ენის არაჩვეულებრივი ლექსიკური სიმდიდრით.

ამ ფონზე ზოგი ფრაზა, რომელზეც, ემჩნევა, მთარგმნელს საკმარისად არ უფიქრია, ტექსტიდან და საერთო სტილისტიკიდან ამოვარდნილად გამოიყურება. მაგალითად, წიგნის მე-19 გვერდზე ასეთ რამეს წავიკითხავთ:
,,...კალთა ხელში ეჭირა და მოუჩანდა პერლამუტრისღილებიანი ყელიანი ფეხსაცმელი, პატარა მეტალის ბურთულით“.

ცხადია, მარინე ჭილაშვილმა, რომელიც სწორედ ქართული ლექსიკის სხვადასხვა დონის შესანიშნავ ოსტატად გვევლინება, კარგად იცის, რომ ,,პერლამუტრი“ ქართულად ,,სადაფია“, ხოლო ,,მეტალის“ დაწერას მხატვრულ ტექსტში სჯობდა ,,ლითონი“ გამოგვეყენებინა. საბედნიეროდ, ასეთი მაგალითები ძალიან მცირეა და ეს ქართული ტექსტის სტილისტიკაზე არსებით გავლენას ვერ ახდენს, საპირისპირო, ანუ ოსტატურად თარგმნილი, პასაჟების მოხმობა კი უხვად შეიძლება. ეს არც არის გასაკვირი, რადგან მარინე ჭილაშვილი დიდი ხანია თარგმნის და ქართველ მკითხველს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფრანგული ნაწარმოები გააცნო, მათ შორის, ჟიულ რენარის ,,ბუნების ამბები“, შოდერ ლე დე ლაკლოს ,,სახიფათო კავშირები“ და, აი, ბოლო ნამუშევარი ალბერ კოენის ,,დედაჩემი“, რომელიც, როგორც სათარგმნი მასალა, ჩამოთვლილთაგან ყველაზე რთული უნდა ყოფილიყო.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მარინე ჭილაშვილმა განაცხადა:

,,საერთოდ, სათარგმნი მასალა, რა თქმა უნდა, მოდის იმ ინტერესიდან, რასაც იწვევს თვითონ წიგნი მთარგმნელში. თუ არ მოიძებნა რაღაც წერტილი მთარგმნელში, რომელიც მას განაწყობს წიგნის მიმართ, რა თქმა უნდა, ის მას ხელს ვერ მოჰკიდებს და ასეა ჩემს შემთხვევაშიც. ჩემთვის მთავარი მაინც არის წიგნში არსებული სიწმინდე, სისუფთავე. რაღაც ისეთი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი უფრო მომწონს, ვიდრე ის ყოფა, რაშიც ჩვენ ვართ სინამდვილეში. და თითქოს გინდა, რომ განერიდო ამას, რაც არის, და რაღაც სხვა სამყაროში გადახვიდე, დროებით მაინც“.

ალბერ კოენის ,,დედაჩემის“ ქართული თარგმანის დახმარებით, მკითხველი ამას ნამდვილად მოახერხებს.

ასე მგონია, ალბერ კოენის დედა ყველა დედის კრებითი სახეა, აქ ყველა ამოიცნობს რაღაცით საკუთარ დედას და ეგებ ამიტომაც არის წიგნი ძალიან მნიშვნელოვანი.
XS
SM
MD
LG