Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯოზეფ ალექსანდერ სმითი – ჟურნალისტი


27 ნოემბერი, კვირა

ფარდას ვწევ და მთაწმინდას „დილა მშვიდობისას“ ვეუბნები. დილის რვა საათი დაიწყო და მზის პირველი სხივები ფანჯრებზე, სატელევიზიო ანძასა და ნაძვების ტოტებში, ღრუბლებივით გამოკიდებულ თოვლზე ქრებიან და ჩნდებიან. ფუნიკულიორის ტრამვაის ასასვლელის შუა მონაკვეთზე, მთის შუაწელზე, ორი ვაგონი ერთმანეთს ხასხასა წითელი ტუჩებივით ხვდება, თითქოს წყვილიაო, რომელმაც სისხამ დილას კოცნა დასტყუა. ნისლის საბანში გახვეული კოჯრის მუქი მწვანე გორაკები ნელ-ნელა იღვიძებენ.

ისევ ის ქალაქია, რომელსაც პირველად ოთხი წლის წინ შევხვდი; ქალაქი, სადაც მხატვრები მზით სავსე შუშაბანდებში ხატავენ, მოხუცები ვაზის ტოტებქვეშ ნარდს თამაშობენ; ქალაქი, რომელსაც სველი ფოთლების, გოგირდის წყლის, თონის პურის, ტკბილი ყავისა და სიგარეტის სუნი ასდის; ქალაქი, რომელსაც ეზოში გაგონილი ჭორის, ქვაფენილიან ქუჩებზე მოგრიალე მანქანებისა და პურის ნატეხისთვის წაკინკლავებული ბეღურების ხმა აქვს.

ყავას ვიმზადებ, კომპიუტერთან ვჯდები და ფეისბუკზე გუშინ გამართული ჩვენი საპროტესტო მსვლელობის სურათებს ვეძებ. მონაწილეობა მივიღე ქვეითთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის, „იარე ფეხით“, საპროტესტო აქციაში. სამ საათზე ზემელის საფეხმავლო გზაჯვარედინის მისადგომებთან შევიკრიბეთ. გვეკეთა ანგელოზის ფრთები, რომლებიც კოსტიუმების მაღაზიაში ვიქირავეთ. ხელში გვეჭირა დიდი ბანერი წარწერით: „გახდი გზის ანგელოზი“.

ქვეითს რომ შევნიშნავდით, მსვლელობას ვაჩერებდით და ერთ-ერთი ანგელოზი ქვეითად მიმავალს უსაფრთხოდ აცილებდა გზაზე. ჩემი ფუნქცია შუა გზაზე ხმის გამაძლიერებლით გამოხტომა და მძღოლებისთვის იმის ახსნა იყო, რასაც თვალს ადევნებდნენ. „დედამიწელებო! – ვყვირი ხმის გამაძლიერებელში – ჩვენ ვართ გზის ანგელოზები, ციდან გამოგზავნილები, რათა დავიცვათ ფეხით მოსიარულეები.“ რახან სიტყვები ლექსივით ჟღერს, ვცდილობ, დრამატული ხმით წავიკითხო, გალაკტიონ ტაბიძის იმ ჩანაწერების იმიტაციით, რომელიც ადრე სადღაც მოვისმინე. ზოგიერთი მძღოლი ისე მიყურებს, თითქოს შეშლილი ვიყო. ზოგიც იღიმის. ერთს ეცინება და მისიგნალებს.

მართლა მგონია, რომ აქტივისტები ზოგჯერ ზედმეტად სერიოზულები ხდებიან. იმასაც ვფიქრობ, რომ იუმორი ხშირად კონფლიქტის გადაწყვეტის საუკეთესო გზაა. მძღოლებსა და ქვეითებს შორის თბილისის ქუჩებში ყოველდღიური კონფლიქტია გაჩაღებული და ქალაქის მერია ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს. ამიტომ გადავწყვიტეთ, იუმორი და თეატრალური ქცევა მოგვეშველიებინა, რათა ხალხის ყურადღება მიგვეპყრო. ფეისბუკზე ბევრი „ლაიკი“ მხვდება. ვასკვნი, რომ მცდელობამ წარმატებით ჩაიარა.

თავისუფლების დღიურები - ჯოზეფ ალექსანდერ სმითი
please wait

No media source currently available

0:00 0:18:55 0:00

28 ნოემბერი, ორშაბათი

დილის ექვს საათზე ჩემი მაღვიძარა ფეთქდება და ჩემს თავს საწოლიდან ვაგდებ. ფეხსაცმელში, ქურთუკსა და ქუდში ვეხვევი და ცივ ღამეში პირდაპირ გარეთ გავდივარ. კვირის ყოველი დღე ასე იწყება – უბნის გარშემო პატარა სეირნობას ვაწყობ. სადღაც წამიკითხავს, რომ, როდესაც ნელსონ მანდელა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი იყო, სისხამ დილით იღვიძებდა და სეირნობდა. ამტკიცებდა, რომ ეს მას ჩვეულებრივი საქმიანი დღისთვის მშვიდად მომზადებაში ეხმარებოდა. ჩემი დღეებიც საქმიანია. ჰოდა, მეც გადავწყვიტე, ეს ჩვევა გადმოვიღო. ისიც წამიკითხავს, რომ „სიდიადე ქმედებაში კი არა, ჩვევაშია“ და დიდი ადამიანების ჩვევებს ვიმეორებ, იმ იმედით, რომ როგორმე შევძლებ, მათი სიდიადის რაღაც ნაწილი შევითვისო.

შინ რომ ვბრუნდები, შხაპს ვიღებ და ვსაუზმობ. ქართულის გაკვეთილის საშინაო დავალების შესასრულებლად ცოტა დრო კიდევ მრჩება. ქართულს იმიტომ ვსწავლობ, რომ მომავალ წელს GIPA-ში, საჯარო ადმინისტრირების ფაკულტეტზე მინდა ჩაბარება. გული მწყდება, რომ ქართულად ისე ვერ ვსაუბრობ, როგორც მსურს. ერთადერთი სურვილის ასრულება რომ შემეძლოს, ვისურვებდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძო და უზადო, უშეცდომო და შეუფერხებელი ქართულით ვისაუბრო. თუმცა, სანამ ეს დღე დადგება, ჩემი სამეტყველო აპარატიდან გამოცრილ თითოეულ ქართულ სიტყვას უნდა შევეჭიდო. მეუბნებიან, რომ ენებში ნიჭიერი ვარ, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი მძიმე შრომის შედეგია.

ვიცვამ და ვორონცოვის მოედანზე 140 ნომერ „მარშრუტკას“ ვაჩერებ. ყოველდღე ფეხზე დგომა მიწევს, გაკვეთილებზე მიმავალ მოსწავლეებს შორის გაკვეხილს. საბურთალოზე „საცობში“ ვიჭედებით, ვჩერდებით და ვგრძნობ, რომ ცოტაც და დავეცემი. ვერ წარმომიდგენია, რომ ის, ვისაც თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაგეგმარებაში რამე წვლილი მიუძღვის, სამსახურში მისასვლელად „მარშრუტკას“ იყენებდეს. ასე რომ იყოს, დარწმუნებული ვარ, საჯარო კეთილდღეობის საფუძველზე, ამ ტრანსპორტს დაუყოვნებლივ გააუქმებდა.

29 ნოემბერი, სამშაბათი

ათის თხუთმეტ წუთზე ოფისში ვარ. გუნება მიფუჭდება, როცა ვიგებ, რომ ჩემი ქართულის მასწავლებელი გაკვეთილს აუქმებს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა საშინაო დავალება სრულად შევასრულე − რამდენიმე სავარჯიშო გრამატიკაში, რომელიც ეფუძნება ტექსტს ტრადიციული ქართული ქორწილის შესახებ. ყველა ჭეშმარიტი სიყვარული ოჯახით მთავრდებაო. ამაზე ვფიქრობ, როდესაც ვცდილობ, გზა გავიკვლიო ზმნა „სროლის“ თურმეობით ფორმებში.

კავკასიის ბუნების ფონდი არასამთავრობო დონორი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დაცულ ტერიტორიებზე მუშაობს. ფონდში მუშაობა 2014 წელს, ბლოგერის რანგში დავიწყე, მაგრამ ძალიან მალე უფრო და უფრო მეტ საკომუნიკაციო სამუშაოს ვასრულებდი, რაზეც, არ დავმალავ, ვგიჟდები. ამ ორგანიზაციამ სტაბილური სამსახური, შემოსავალი და ამ ლამაზი, მშვენიერი ქვეყნის ფარულ საგანძურთა მონახულების შესაძლებლობა მომცა. არასდროს დამავიწყდება ის წუთები, როდესაც ლაგოდეხის სამთო ბილიკზე შეუკაზმავი ცხენით, თავსხმა წვიმაში ვჯირითობდი და ვფიქრობდი, ნუთუ ესეც სამსახურია-მეთქი?! თუმცა ახლა ჩემი დროის დიდი ნაწილი კონტრაქტების წერა-შემოწმებასა და ინვოისების დამუშავებას მიაქვს და მოუთმენლად ველი, როდის მომეცემა საველე სამუშაოებზე გასვლის შემდგომი შესაძლებლობა.

როდესაც რადიო თავისუფლებიდან დამირეკეს და დღიურების დაწერა შემომთავაზეს, მღელვარების დაფარვა გამიჭირდა, მაგრამ ვეცადე, ტელეფონით საუბრისას, სიმშვიდე შემენარჩუნებინა. 2011 წელს საქართველოში გავლით ვიყავი, აზერბაიჯანში სტაჟირებისთვის სტიპენდია მქონდა მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ იქამდე ამ ქვეყანაზე არაფერი გამეგო, სამი დღეც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ყურებამდე შემყვარებოდა და უკვე ვიცოდი, რომ თბილისი იყო ის ადგილი, სადაც მომდევნო წელს საცხოვრებლად უნდა გადმოვსულიყავი. ლონდონში კონფლიქტების კვლევის მიმართულებით სამაგისტრო ნაშრომად აფხაზეთის კონფლიქტი ავირჩიე. აღმოსავლეთისა და აფრიკისმცოდნეობის უნივერსიტეტის (SOAS) ბიბლიოთეკაში გატარებული გრძელი საღამოების განმავლობაში შესვენებებზე რადიო თავისუფლების ვებგვერდზე საქართველოზე სიახლეებს ვკითხულობდი. ხანდახან ქართულ სტატიებზეც შევდიოდი, იმ იმედით, რომ ვინმე ჩემ ზურგს უკან ჩაივლიდა და გაიფიქრებდა, ამ გაუშიფრავ ენაზე კითხვა როგორ შეუძლიაო, როცა სინამდვილეში ანბანიც კი არ ვიცოდი. მას შემდეგ რადიო თავისუფლება ჩემს მუდმივ გიდად იქცა ყოველი დღის 8 საათიდან, როცა, ჩვეულებისამებრ, პერანგებს ვაუთოებ ხოლმე.

30 ნოემბერი, ოთხშაბათი

დილის ცხრის წუთებზე სამსახურში ტაქსით მივდივარ. ტაქსისტი ლაპარაკის მოყვარული ქუთაისელია, რომელსაც ერთი ფეხი ამპუტირებული აქვს და რომელიც დღედაღამ მუშაობს, რომ თავის სტუდენტ ქალიშვილებს სწავლაში დაეხმაროს. საცობების გამომწვევ ზოგიერთ მიზეზზე ვსაუბრობთ და ისიც რამდენიმე ვერსიას გვიზიარებს:გზაზე ზედმეტად ბევრი ძველი მანქანაა, ტარება არ იციან, ქვეითები წესებს არ ემორჩილებიან. როგორც ჩანს, არავის სურს აღიაროს, რომ პრობლემა ჩვენით იწყება; რომ გზაზე ზედმეტად ბევრი მანქანაა და, როგორც კი მანქანაში ვსხდებით, თავად ვხდებით პრობლემის ნაწილი.

ლონდონში ხუთი წელი ვიცხოვრე და ტაქსი სულ ორჯერ ავიყვანე. ორივე შემთხვევაში გადაუდებელი სიტუაცია იყო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტისმეტად დიდ დროს წაიღებდა. ლონდონში მანქანა თითქმის არავის ჰყავს: ქალაქში შესვლა ფული ღირს, ხოლო ცენტრში პარკინგი უსაშველოდ ძვირია. კერძო ავტომობილები პიკის საათში ხერგილებში იჭედებიან, ხოლო ავტობუსები და ველოსიპედები მათ საგანგებოდ გამოყოფილი, პრიორიტეტმინიჭებული ბილიკით ჩაუქროლებენ ხოლმე.

თბილისში კი მათ, ვინც ავტობუსითა და „მარშრუტკით“ გადაადგილდება − საკუთარი სურვილით თუ რაღაც აუცილებლობით − საცობში ყურყუტით სჯიან. ჯიპის საჭესთან მჯდომი ერთი მძღოლი ათჯერ მეტ სივრცეს იკავებს, ვიდრე ავტობუსის მგზავრი და, მიუხედავად ამისა, ეს უკანასკნელი, საცობებითა და ხანგრძლივი დაყოვნებებით, ყველაზე მეტად იტანჯება. მე რომ მკითხო, ეს ფუნდამენტურად არადემოკრატიულია, მაგრამ მერიის მესვეურები, როგორც ჩანს, ისეთის არაფრის შეცვლას არ აპირებენ, რაც თავიანთი ქცევის ცვლილებასა და ავტომანქანების დათმობას უკავშირდება. დაუყოვნებელი ჩარევის გარეშე მანქანებით მოსარგებლე პირველი კლასის მოქალაქეთა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე მეორე კლასის მოქალაქეთა შორის უფსკრული კიდევ უფრო გაღრმავდება, რასაც ქალაქში დემოკრატიისთვის სავალალო შედეგები შეიძლება ჰქონდეს.

ორშაბათობით და ოთხშაბათობით ვუძღვები ინგლისურ რადიოშოუს, რომელიც ჯერ ექსპერიმენტულ ფაზაშია − მანამ, სანამ გავარკვევ, ამ დროს ვინ გვისმენს. ათი წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ერთ მშვენიერ დღეს რადიოში ვიქნებოდი, საავტორო რადიოშოუზე რომ აღარაფერი ვთქვა. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ჟურნალისტები განსაკუთრებული ჯიშის ხალხია, მადლმოსილი, იმ ნიჭს რომ ფლობენ, რომელიც მე არასდროს მქონია. რადიოს მიკროფონთან მიმაგრებული მაქვს დედაჩემის ბავშვობისდროინდელი, სინგაპურში გადაღებული სურათი: ტრენინგებზე რადიოჟურნალისტებს ეუბნებიან, რომ ნერვიულობას იმის წარმოდგენით უნდა სძლიონ, რომ სტუდიაში დედას ესაუბრებიან. მიუხედავად იმისა, რომ მიკროფონთან აღარ ვნერვიულობ, დედაჩემის სურათს მაინც ავხედავ ხოლმე, რომ მშვიდი და კონცენტრირებული ვიყო. ვიცი, რომ ყოველღამე ჩართული რადიოს ხმის თანხლებით იძინებს. ვიმედოვნებ, ერთ მშვენიერ ღამეს რადიო GIPA-ზეც გადმორთავს და ათასი მილის მანძილიდან თავისი უმცროსი ვაჟის ხმასაც გაიგონებს და ისეთი შეგრძნება ექნება, თითქოს იქვე, მასთან ახლოს ვიყო.

1 დეკემბერი, ხუთშაბათი

ტრადიციულად, დილის ექვსზე ვიღვიძებ და, ჩემდა გასაკვირად, წვიმს. კარგა ხანს ვფიქრობ, გავიდე თუ არა სასეირნოდ წვიმაში. ვიხსენებ ყველა იმ რჩევას, ჩემმა ქართველმა ბინის მეპატრონემ რომ მომცა, როცა საბურთალოზე, მის სახლში ვცხოვრობდი. გარკვეულ ასაკს გადაცილებული ბევრი ქართველი ქალის მსგავსად, ისიც სრულიად დარწმუნებულია ნებისმიერი „სკვაზნიაკის“ ბოროტებაში და ძალიან ღელავს იმ „მაგნიტურ ნაკადზე“, მეტროს გვირაბებიდან დროდადრო რომ ამოიფრქვევა ხოლმე და თავის ტკივილს იწვევს. უეჭველია, ამ დროს წვიმაში გარეთ გასვლას არ მირჩევდა, მაგრამ სეირნობა აცოცხლებს და მეც ვესალმები ორ მეეზოვეს, რომელთაც ჩამოცვენილი ფოთლებისა და სხვა ნაგვისაგან ეზო უკვე გაუსუფთავებიათ. ვფიქრობ, მათი სამუშაო განსაკუთრებულ სიმამაცესა და ძალას მოითხოვს და ვისურვებდი, ამ პროფესიას ადამიანი უფრო მეტად აფასებდეს.

ოფისში ათის წუთებზე მივდივარ. დეკემბერში ბევრი ორგანიზაცია ბიუჯეტის შესრულებასა და მომავალი წლისთვის ანგარიშის შედგენას ცდილობს. სამუშაო ჩვენც ბევრი გვაქვს. დილა ფინანსური ანგარიშის შესწავლას მოვანდომე, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ ჩვენი გერმანელი გადასახადების გადამხდელის თანხის უკანასკნელი ცენტებიც აღრიცხულია და ახლა იმაზე ვოცნებობ, როდის მომცემს ჩემი უფროსი სამუშაო საათებში ცხენზე ჯირითის საშუალებას და როდის გამიშვებს სომხეთში პარკის რეინჯერებთან ჭიქა არყის დასალევად.

თერთმეტის ნახევარზე მოდის ჩემი კოლეგა, თეა. რამდენიმე წუთის ლოდინის შემდეგ ბოლოს და ბოლოს იმ სიტყვებს წარმოთქვამს, რომელთა გაგონებასაც მთელი დილაა, ველი: „კოფე ხოჩიშ?“ ყოველ დილით თეა ორ ჭიქა ნალექიან ყავას ამზადებს. შუადღისას ჯერი ჩემზეა. მასთან საუბრისას ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რა ბედნიერი ვარ, ყავის მოდუღების საქმეს, სამუშაო საათებში მასთან რომ ვინაწილებ, რადგან გენდერული თანასწორობისა ღრმად მწამს. თეა მეუბნება, რომ ვერც ბოლომდე შემდგარი ფემინისტი ვარ, რადგან ფინჯნის გარეცხვა ყოველთვის მავიწყდება.

2 დეკემბერი, პარასკევი

დილით თვალების გახელა მიჭირს, მაგრამ ვიცი, რომ ნელსონ მანდელას უნდა ვუერთგულო და ამ სიცივეში დილის „სამუშაო“ მაინც უნდა შევასრულო. მიყვარს სიბნელეში ქუჩიდან ეზოებში ყურება. მათი ჭიშკრები უზარმაზარ დაღებულ პირებს ჰგვანან, მათი ფანჯრები კი − უზარმაზარ თვალთა რიგს. დილის ფუსფუსის ნიშნებისთვისაც მიყვარს თვალის შევლება: სამზარეულოს ფანჯარასთან მოძრავი აჩრდილის, სააბაზანოს ფანჯრიდან გამოსული მოთქრიალე წყლის ხმის, ყავის სუნის.

ცხრაზე ბარათაშვილის ხიდთან, ავტობუსის გაჩერებაზე ვდგები. ხალხი უკვე მიიჩქარის იუსტიციის სახლის უზარმაზარი თეთრი სოკოებისკენ. ერთი კვირის წინ, ზუსტად ამ დროს, მეც იქ ვიყავი საქართველოს მოქალაქეობის განაცხადის შესავსებად. როცა მეკითხებიან, რატომ მჭირდება ან მსურს საქართველოს მოქალაქეობა, საპასუხოდ ერთი კონკრეტული მიზეზის მოძიება მიჭირს. ოთხი წლის შემდეგ, ენის სწავლის საქმეში გაწეული მთელი ჩემი ძალისხმევისა და შრომის შემდეგ, რომელიც მთლიანად ამ ქვეყნისთვის რაიმის გაკეთებისკენ იყო მიმართული, ვგრძნობ, რომ ამ საზოგადოების ისეთივე წევრი ვარ, როგორიც ნებისმიერი სხვა. ჩემი ნამდვილი გეგმებისა და ოცნებების განხილვისასაც ვნერვიულობ. საქართველოს მოქალაქეობა იმას ნიშნავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს არჩევნებზე წასვლას შევძლებ და იქნებ ოდესმე მეც ვიყარო კენჭი. კარგა ხანია, თავისუფალ დროს საჯარო ადმინისტრირებას ვსწავლობ, თანამონაწილეობით საბიუჯეტო მიდგომებზე, ტრანსპორტის დაგეგმარებასა და ურბანულ მართვაში საჯარო და კერძო ინტერესთა დაპირისპირებაზე ვკითხულობ. ვიმედოვნებ, გაისად GIPA-ში სამაგისტრო კურსს ავიღებ. ამ აზრებს არავის ვუზიარებ, რადგან საკრებულოში ბრიტანელის წარმოდგენა ჯერ კიდევ სიგიჟედ ჟღერს, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც თითქმის ყველაფერია შესაძლებელი. ყოველდღე ცდილობენ, დამარწმუნონ, საქართველოში არაფერი გვეშველებაო ან დამაჯერონ, რომ ქართველებს გამართული ქვეყნის მართვა არასდროს გამოუვათ. ამ მოსაზრებას არასდროს ვეთანხმებოდი და ახლაც მწამს, რომ ვიხილავ დღეს, როცა საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი იქნება, თბილისი კი − ის ქალაქი, სადაც ევროპის მასშტაბით საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტია.

3 დეკემბერი, შაბათი

შაბათს დილის სეირნობისგან თავს ვიკავებ, რომ ძილი შევირგო. ცხრაზე, ფარდებს რომ გადავწევ, გარეთ სინათლე მხვდება და, ჩვეულებისამებრ, მთაწმინდას ვესალმები. ამ დილით მთა ჰგავს უზარმაზარ მოსასხამმოცმულ ფიგურას, რომელსაც ხელში ახალგამომცხვარი პურივით უჭირავს მამადავითის ეკლესია.

შხაპს ვიღებ, წვერს ვიპარსავ და დაახლოებით ნახევარ საათს ვუთმობ მაისურის სრულყოფილებამდე დაუთოებას: დღეს უნდა გადამიღონ ქართული ჟურნალისთვის, რომლის რედაქტორმაც ყურადღება გამოიჩინა ჩემი ერთ-ერთი ონლაინამბის მიმართ. მირეკავს და ვაფრთხილებ, რომ ხაჭაპურზე, ქართულ ღვინოსა და ქართველთან ოჯახის შექმნის პერსპექტივებზე არაფერი მკითხოს. შევახსენე, რომ ცხოვრება გაცილებით მეტია, ვიდრე ჭამა, სმა და მეუღლის ძიება, მაგრამ უშედეგოდ.

რადიოში მივდივარ და ჩემი ბოლო შვიდი დღის დღიურებს ვათვალიერებ. ჯერ კიდევ ვერ ვეგუები იმ სინამდვილეს, რომ ოთხი წლის წინ, ლონდონის ცივ ბიბლიოთეკაში ვიჯექი და ქუჩაში, წვიმაში, გუბეებს შორის მორბენალ ხალხს ვუყურებდი, ყურსასმენებში რადიო თავისუფლებას ვუსმენდი და წარმოვიდგენდი მთაწმინდას, სოლოლაკსა და ბიძინას სატელიტურ თეფშებს. რეალობად აღარ მეჩვენება, მაგრამ ნამდვილად ასე იყო. მიძნელდება, გავიხსენო იმაზე უკეთესი განცდა, ვიდრე ახლა ვგრძნობ: აქ, მიკროფონთან მოკალათებული, დღიურებს რომ ვკითხულობ და ჩემს ამბავსა და აზრებს ხალხს ვუზიარებ. საქართველო ჩემთვის ბევრ, ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, მაგრამ ყველაზე მეტად ის ჩემთვის სიყვარული და თავისუფლებაა.

XS
SM
MD
LG