Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლია ლიქოკელის "სტიქიური ბედნიერება“


ლია ლიქოკელი ბოლო რამდენიმე წლის ლიტერატურული აღმოჩენაა. ძალიან გამიკვირდა, როცა მითხრა, რომ წერა სულ რაღაც სამი წლის წინათ დაიწყო. ესე იგი, როგორც კი გამოჩნდა, იმ დღიდან დამამახსოვრდა. ახლა ვიხსენებ და შემიძლია ვთქვა: მე არ ვიცი სხვა შემთხვევა, ასე გამოკვეთილი და დასრულებული რომ ყოფილიყოს დებიუტანტის შემოქმედებითი პოზიცია და პიროვნული თავისთავადობა.

მერე აღმოჩნდა, რომ ასაკითაც პატარა და ტანადაც გაკნაჭული გოგონაა, ძალიან მეტყველი და ცოცხალი თვალებით, წითლად შეღებილი თმით, რომლითაც ერთდროულად გაგახსენებთ პეპისაც და ისთქვიქელ ალქაჯებსაც.

შავი მაგიისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ლია ლიქოკელი უკვე ძალიან კარგად ფლობს პოეზიის მაგიასა და სიტყვის ძალას.

აქამდე მეგონა, რომ პოეტს სჭირდება დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება თუნდაც იმისათვის, რომ დამაჯერებელი იყოს, რასაც ის გვეუბნება.

ლიამ ეს ჩემი წარმოდგენა საფუძვლიანად შეარყია.

ხუმრობით ვუთხარი: შენ ერთხელ დაბერებული და მეორედ გაახალგაზრდავებული ხარ-მეთქი.

გაეღიმა და არ უარუყვია.

სერიოზულად კი ეს ყველაფერი ასე ამიხსნა:

ლია ლიქოკელი
ლია ლიქოკელი

"ბავშვობა გავატარე ხევსურეთში. დავიბადე და გავიზარდე ხევსურეთში. ეს იყო ძალიან ჩაკეტილი სამყარო და თითქოს უცებ დამთავრდა ის, ასე ვთქვათ, ცივლიზაცია, - თუ რა ვიცი, როგორც ამბობენ ხოლმე, - რაც მანამდე იყო. უცებ გაწყდა და დაცარიელდა ეს ყველაფერი. ძალიან მიყვარდა ბებია და ასეთი ამბები - ქალების, ხევსური ქალების. აღმოჩნდა, მერე აღმოვაჩინე, წერა რომ დავიწყე, რომ ყველაფერი მახსოვდა, რისთვისაც თვალი მომიკრავს, რაც გამიგონია, რა შეგრძნებებიც მქონია იმ გარემოში ყოფნისას. აღმოჩნდა, რომ არაფერი არ იკარგება და მოყოლა რომ დავიწყე, ანუ წერა, კი შენ თავს ჰყვები, მაგრამ ძალიან ბევრი ქალის ამბავი მოვყევი, ძალიან ბევრი ის ამბავი, რომელიც მეც არ ვიცოდი, რომ ჩემში იყო“.

აქამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ თანამედროვე პოეზიაში შუძლებელია განათლების გარეშე პოეტმა რამე ღირებული შექმნას. ვგულისხმობ სისტემურ და თანმიმდევრულ განათლებას, ურომლისოდაც ამა თუ იმ პოეტის ლექსები უსათუოდ ლოკალური შეგრძნებებისა და პიროვნული აღქმების დონეზე დარჩება და თანამედროვე მსოფლიო პოეტურ კონტექსტში მეტად უფერული, ნაკლული გამოჩნდება.

ლია ლიქოკელმა ეს სტერეოტიპიც დიდი წარმატებით დამიმსხვრია.

როგორც თვითონვე თქვა, ის ხევსურეთის ერთ პატარა სოფელში დაიბადა, სადაც სულ 50 ადამიანი ცხოვრობს. სკოლაც იქვე დაამთავრა და თბილისში რეჟისურის შესასწავლად ჩამოვიდა. კონორეჟისურის სპეციალობა რეზო ჩხეიძის ხელმძღვანელობით დაამთავრა თეატრალურ ინსტიტუტში. ცოტა ხანს დუშეთის სახალხო თეატრში იმუშავა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ თეატრზე მეტად პოეზია იზიდავდა, ალბათ იმიტომ, რომ დღევანდელ საქართველოში ახალგაზრდა რეჟისორისათვის კინოს გადაღება პრაქტიკულად შუძლებელია, თეატრიც სინთეზური ხელოვნებაა, სადაც უამრავ ვინმეს და რამეს უნდა გაუწიო ანგარიში, პოეზია კი, ამასთან შედარებით, მხოლოდ შენია, მთლიანად შენზე დამოკიდებული და ერთგული.

ამ ყველაფერზე ლიამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში გვითხრა:

"მე ძალიან დამეხმარა ის, რომ მიყვარდა კითხვა, ყველაფერზე მეტად მიყვარდა, სახლიდან არ გავდიოდი და ვკითხულობდი სულ. და სახლში გვქონდა პატარა ბიბლიოთეკა. ჩემი მშობლები კითხულობდნენ. აი, მთელმა ცხოვრებამ ისე გაიარა, რომ ვკითხულობდით და ვუკითხავდით ერთმანეთს საყვარელ ნაწყვეტებს წიგნებიდან და ეს ისეთი ტრადიცია იყო: საღამოებს ვაწყობდით ხოლმე კითხვის, მამაჩემი იჯდა და გვიკითხავდა. ამან იმოქმედა, თორემ არ ვიცი, მაშინ მართლა ძალიან მოწყვეტილი იყო ბარისახო. ახლა კიდევ არა უშავს. ინტერნეტი მაინც არსებობს და მეტად თავისუფალია ეს სივრცე. მაშინ ძალიან, ძალიან ჩაკეტილი იყო. მერე გავხდი რეჟისორი, რადგან ვფიქრობდი, რომ ხედავ და უკვალოდ არ მიდის და გინდა რომ მოყვე... ეს შეგრძნება, რომ უნდა მოუყვე დანარჩენ სამყაროს, როგორ დაინახე ეს ყველაფერი... ვიფიქრე, რომ გადავიღებდი კინოს, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ეს ცოტა ძნელი საქმე იყო, თან ჩემთვის. მე მარტო მუშაობა მირჩევნია, საერთოდ, რა ვიცი, მარტო, ჩაკეტილ სივრცეში... ადამიანებთან ნაკლებად გამომდის ხოლმე და ამიტომაც ვიპოვე ჩემთვის უფრო მოსახერხებელი ენა პოეზიის, ტექნიკურადაც უფრო იოლი და ისედაც... და აღმოვაჩინე, რომ ეს არის რაღაც უნივერსალური ენა, რომლითაც შეგიძლია მოყვე არა მარტო შენი თავი (მე უფრო ასე გამომდის ხოლმე: შიგნიდან ვყვები), მთელი დანარჩენი სამყარო, რომელიც შენ ხარ, შენში რამდენადაც შემოდის“.

ვისურვებდი ეს ლექსები მსოფლიოს წაეკითხა თავის მრავალ ენაზე... გულწრფელად რომ ვთქვა, ისეთ თამასას უდებს ეს ავტორი თანამედროვე ქართულ პოეტურ სიტყვას, რომ გამცამტვერებელიც გამოუჩნდება და გამაღმერთებელიც...
მარიამ წიკლაური

ჰოდა, ადგა და წერა დაიწყო...

სამი წლის თავზე, ანუ წელს, ერთი ვებერთელა კრებულიც გამოსცა. წიგნს "დევის ცოლის სიცილი" ჰქვია და გამომცემლობა "საუნჯეში“ მარიამ წიკლაურის ძალისხმევითა და რედაქტორობით დაისტამბა. მარიამ წიკლაურსვე ეკუთვნის ვრცელი შესავალი წერილი, სადაც იგი, სხვათა შორის, აღნიშნავს:

"ახლა უნდა მეყოს ძალა და შუა გზაში არ გამითავდეს ჩემი თავი“ - ეს ფრაზა ლიას ლექსიდან განუწყვეტლივ უნდა იმეორო მისივე ლექსების კითხვისას. ვინც იტყვის, რომ ამ პოეზიის ზუსტი ფორმულირება, გაგება და მიღება შუძლია, ვერაფრით დავიჯერებ. სხვანაირი მზადებაა საჭირო ამ ლიტერატურასთან შესახვედრად და საურთიერთოდ. მეჩვენება, რომ ლია ლიქოკელის პოეტური სამყარო განსხვავებულია არამხოლოდ ქართულ ლიტერატურულ სივრცეში. ბედნიერი ვარ, რომ დროშიც ვესწრები (ბ. ხარანაული) ამ პოეტს. თან მიხარია და თან მეშინია ამ ყველაფრის... თან იმედიც მაქვს, რომ ეს ისე უბრალოდ და ქაოტურად არ გაჩნდებოდა ქართულ თუ მსოფლიო პოეზიაში. ამას თავისი ღვთაებრივი სარჩული უნდა ჰქონდეს. აქ უკვე არანაირი ლექსმცოდნეობითი ლოგიკა აღარ მოქმედებს... ვისურვებდი ეს ლექსები მსოფლიოს წაეკითხა თავის მრავალ ენაზე... გულწრფელად რომ ვთქვა, ისეთ თამასას უდებს ეს ავტორი თანამედროვე ქართულ პოეტურ სიტყვას, რომ გამცამტვერებელიც გამოუჩნდება და გამაღმერთებელიც. თავად ლია არც ერთისთვის უნდა იყოს მზად და არც მეორისთვის... მთავარია, იგი მხოლოდ საკუთარი თავისთვის აღმოჩნდეს მზად! საკუთარი თავის, საკუთარი ნიჭისა და სულის ზიდვა შეძლოს... ჩვენ კი პასუხისმგებლები ვართ, რომ პოეტმა თავის ნიჭსა და თავს არ უღალატოს..."

სიმართლე რომ გითხრათ, ამგვარი სიტყვების წაკითხვა ნებისმიერ სხვა პოეტზე - და, თანაც, დებიუტანტზე - გადაჭარბებულ პათეტიკად მომეჩვენებოდა, მაგრამ ლია ლიქოკელის წიგნი ის შემთხვევაა, როცა მარიამ წიკლაურს შეფასებაში აბსოლუტურად ვეთანხმები.

ზემოთ ლიას გაკნაჭულობაზე რომ მოგახსენებდით, იმასაც ვგულისხმობდი, რომ ძალზე შეუსაბამო ჩანს ამ ასაკობრივ და ფიზიკურ სიმცირესთან ასეთი სიმძიმე, მის ლექსებში, მის პირველ წიგნში რომ წააწყდებით.

შემთხვევით არ უწოდებია ლია ლიქოკელისათვის ჩვენს თანამედროვე გამორჩეულ პოეტს, თემურ ჩხეტიანს, ,,სტიქიური ბედნიერება“. ლია მართლაც სტიქიურად გატყდება თავს და ისე მაცდურად მიგითრევს თავისი ხილვების უსიერ ტევრში, რომ გაოგნებული ფიქრობ: კარგი, გამოცდილების შესახებ აგიხსნა, საიდან დააგროვა, მაგრამ ენა, სტილი? ამას ხომ ძალიან დიდი მუშაობა სჭირდება, სანამ უშუალოდ შენს ენასთან, მხოლოდ შენთვის დამახასიათებელ და ასე გამოკვეთილ კონსტრუქციებამდე მიხვიდოდე.

დიანა ანფიმიადი
დიანა ანფიმიადი

დიანა ანფიმიადიმ, სხვათა შორის, როგორც ენობრივად, ასევე თემატურად თვითონაც ძალზე გამორჩეულმა პოეტმა, რომელმაც წლების წინათ პირველი კრიტიკული რეცენზია მიუძღვნა ლია ლიქოკელის პოეზიას, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გვითხრა:

"ის პერიოდი, როცა, ასე ვთქვათ, ლია პირველად გამოჩნდა, პირველად წავიკითხე ლია, დაემთხვა ჩემთვის ასევე სხვა მნიშვნელოვან ეტაპს, როცა დიალექტური კორპუსის ჯგუფთან ერთად დავიწყე მუშაობა... და ახლა ამას რატო ვამბობ? იმიტომ, რომ მაშინვე რაღაცნაირი პარალელები გამიჩნდა: ლია პოეზიაში დაახლოებით ისე აზროვნებს და ისე წერს, როგორც იქმნება ზეპირი ისტორია ამ მთხრობელების, მთქმელების პირით. ამიტომაც ენობრივი ქსოვილი არ არის ჩარჩოებში და სტრუქტურებში მოქცეული. რაღაცა თავისთავადი ენობრივი ქსოვილია მისი პოეზიის, რაც ძალიან მომწონს. თუმცა მაინც მგონია, რომ ეს არ არის ის ეტაპი, რაზეც ლია გაჩერდება. მე მგონია, რომ მისი პოეზია მიიღებს ცოტა სხვაგვარ ფორმას. ამაში არ ვგულისხმობ ძალიან დაწყობილ, ძალიან გალაქულ და ძალიან ისეთ, რაღაცნაირად, ფორმობრივად ძალიან სტრუქტურირებულ პოეზიას, მაგრამ მაინც მგონია, რომ იმ ტექსტებში, რასაც ახლა ჩვენ ვკითხულობთ, არის პოტენცია ძალიან ბევრი ენობრივი ფორმისა და ლექსის ფორმისა...“

ხშირად არა, მაგრამ ზოგჯერ, ახალგაზრდების ლექსების კითხვისას, მიჩნდება ხოლმე შთაბეჭდილება, ამის შემდეგ ნეტავ რაღა უნდა დაწეროს, რა უნდა იყოს ისეთი, რითაც, პირველ რიგში, საკუთარ თავს გააკვირვებს-მეთქი. მან ხომ უკვე, ფაქტობრივად, პირველ წიგნშივე ყველაფერი თქვა, რაც ერთ პოეტს შეეძლო ეთქვა. ლია ლიქოკელი სწორედ ასეთი გამონაკლისია. თუმცა, ალბათ, ლია ლიქოკელი იმ მხრივაც გამონალისი იქნება, რომ მომავალშიც დაამსხვრევს ამ წინასწარ შექმნილ წარმოდგენებს და კიდევ ბევრი, ბევრი წიგნით გაგვახარებს.

XS
SM
MD
LG