წიგნის გარეკანზე ვკითხულობთ:
,,ლაშა თაბუკაშვილი დაიბადა თბილისში 1950 წლის 23 ნოემბერს. მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა 1969 წელს ჟურნალ ,,ცისკარში“ მოთხრობით ,,მოკლეს ბიჭი“. სულ დაბეჭდილი აქვს 20-მდე მოთხრობა, რომელიც მრავალ ენაზეა ნათარგმნი (ერთ-ერთი მოთხრობა - ,,მშვიდობით, ქალბატონო“ - ახლახან გამოიცა ტოკიოში, იაპონურ ენაზე შედგენილ ევროპელ მწერალთა ლიტერატურულ ალმანახში.).
ლაშა თაბუკაშვილს ეკუთვნის პიესები (,,ჭრილობა“, ,,დარაბებს მიღმა გაზაფხულია“, ,,ძველი ვალსი“, ,,ათვინიერებენ მიმინოს“, „შენკენ სავალი გზები“, ,,მაგრამ უფლება არ მოუცია...“ ,,ნატაძრალზე“, ,,მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი“, ,,თოვლივით თეთრი თოვლი“, ,,ასტეროიდი“) , რომლებიც დადგმულია ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა რესპუბლიკის აკადემიურ თეატრში, აგრეთვე ჩეხოსლოვაკიაში, გერმანიაში და ნათარგმნია მრავალ ენაზე.
1998-99 წლებში ნიუ-იორკის ცნობილმა დრამატურგიულმა ცენტრმა, რომელიც იუჯინ ო’ნილის სახელს ატარებს, ლაშა თაბუკაშვილი ორჯერ შეიყვანა მე-20 საუკუნის საუკეთესო დრამატურგთა სიაში, ხოლო მილენიუმის შემდეგ ასი საუკეთესო დრამატურგის სიაში მოხვდა.
2006 წელს მიენიჭა რუსთაველის პრემია.
,,ერთიც გაგვიცინე, გუინპლენ!“ ლაშა თაბუკაშვილის პირველი რომანია.
ეს რომანი სულ ახლახან დასტამბა გამომცემლობა ,,ინტელექტმა“ . წიგნის რედაქტორია ზვიად კვარაცხელია.
თავიდან პირადად მე ამ ტექსტის მიმართ ოდნავ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, ოღონდ არა იმიტომ, რომ ერთი წამით მაინც შეიძლებოდა ეჭვი შემპარვოდა ლაშა თაბუკაშვილის ნიჭიერებასა და ოსტატობაში.
არა, ჩემს სკეპსისს სხვა საფუძველი ჰქონდა: ლაშა თაბუკაშვილის სახელი იმდენად გაიგივდა დრამატურგიასთან და ამ ჟანრის იმდენი საუკეთესო ნიმუშით გაამდიდრა მან ქართული მწერლობა, რომ ვშიშობდი, რომანი ცოტა უფერული არ გამოჩენილიყო მისივე პიესებთან შედარებით.
ძალიან მიხარია, რომ ჩემი ეჭვი არ გამართლდა და, პირიქით, ლაშა თაბუკაშვილის პირველივე რომანი თამამად ამოუდგა გვერდში მისსავე საუკეთესო პიესებს. ნაწარმოებში არის ყველაფერი, რაც თანამედროვე მკითხველს მიიზიდავს: მარჯვედ შერჩეული ინტრიგა, პერსონაჟთა გამოკვეთილი ხასიათები, დრამატული კოლიზიების ფლობის, ამ კოლიზიებით ოსტატურად თამაშის ნამდვილი მასტერკლასი და, რაც მთავარია, დიალოგები, რაც რომანის აგების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა.
მე ვარ დიდი წიგნების მოყვარული. მე მიყვარს, როდესაც მაძლევენ წიგნს, რომელსაც ზუსტად ვიცი, რომ რაღაცა დროის განმავლობაში წავიკითხავ. ერთი მხრივ, იყო ჩემთვის სიხარული ბატონი ლაშა თაბუკაშვილის რომანის დანახვა იმიტომ, რომ მესიამოვნა ზომა და, მეორე, ამ თვალსაზრისით დაახლოებით ორ დღეში იმედი გამიცრუვდა, იმიტომ რომ მივხვდი, რომ საშინელ ტემპში მიდის ეს ამბავი და სიხარული არ შემომრჩება...ანა კორძაია-სამადაშვილი
ყველა ეს მხატვრული ხერხი პიესებიდან არის გადმოსული, დრამატურგიით ნასულდგმულები და იქიდან ამოზრდილი. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ ამ მხრივ ლაშა თაბუკაშვილის ვებერთელა გამოცდილებამ, მართლაც, საუკეთესო შედეგი გამოიღო. მაგრამ რომანში, პიესისაგან განსხვავებით, ამ ყველაფრის გარდა, მნიშვნელოვანია ბელეტრისტული, ეპიკური თხრობის ის მრავალფეროვანი სპექტრიც, რითაც ნამდვილად გამოირჩევა ლაშა თაბუკაშვილის ეს უაღრესად საინტერესო ტექსტი.
მთელი სამას ათგვერდიანი რომანის კითხვისას, ადამიანი ერთი წამით ვერ მოსწყდები ტექსტში დატრიალებულ ამბებს და ძალაუნებურად მიჰყვები ავტორის ნებას, რომელიც თავისი ოსტატობის წყალობით ბურთივით ათამაშებს შენს წარმოსახვასა და გრძნობებს და, საბოლოოდ, ლიტერატურის ძლევამოსილებაში კიდევ ერთხელ დაგარწმუნებს.
ამაზე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მწერალმა ანა კორძაია-სამადაშვილმაც მიუთითა:
,,მე ვარ დიდი წიგნების მოყვარული. მე მიყვარს, როდესაც მაძლევენ წიგნს, რომელსაც ზუსტად ვიცი, რომ რაღაცა დროის განმავლობაში წავიკითხავ. ერთი მხრივ, იყო ჩემთვის სიხარული ბატონი ლაშა თაბუკაშვილის რომანის დანახვა იმიტომ, რომ მესიამოვნა ზომა და, მეორე, ამ თვალსაზრისით დაახლოებით ორ დღეში იმედი გამიცრუვდა, იმიტომ რომ მივხვდი, რომ საშინელ ტემპში მიდის ეს ამბავი და სიხარული არ შემომრჩება. როგორც მკითხველმა, მახსოვს, ბოლო დაახლოებით მეოთხედზე დავამუხრუჭე და მეგობარს, მახსოვს კარგად, დავურეკე და ვუთხარი, რომ თუ ის მოხდება, რასაც მე ვფიქრობ, ჩემი და ლაშა თაბუკაშვილის ურთიერთობა ნამდვილად ,,გაფუჭდება“, იმიტომ რომ ,,ჩემი გული ამას ვერ გადაიტანს“-მეთქი. ბოლო ხანს იშვიათად მომსვლია ჩემი თანამედროვეების კითხვის დროს, რაც ამ წიგნზე დამემართა.. ეს იყო წიგნი, რომელსაც ვერ ,,ვეგლიჯებოდი“, იმიტომ რომ წინასწარ ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი, რა შეიძლება მომხდარიყო“.
ალბათ, თავის დროზე სწორედ ასე კითხულობდნენ სიტყვის გურმანები იმ მწერლის რომანსაც, რომლის პერსონაჟის ნიღაბი, როგორც ერთ-ერთი ცენტრალური სიმბოლო, სათაურიდანვე შემოდის ლაშა თაბუკაშვილის ტექსტში. გუინპლენი, ანუ ვიქტორ ჰიუგოს ,,კაცი, რომელიც იცინის“, ყველა მკითხველს ბავშვობიდან ახსოვს.
ჩემი ღრმა რწმენით, ლაშა თაბუკაშვილის რომანი არის წიგნი სიყვარულის შესახებ, ძალიან კარგი სიყვარულის შესახებ და, ალბათ, ყველაფერი ის ნოსტალგიური, რაც სადღაც, გულის სიღრმეში, ყოველ ადამიანს აქვს და ვერსად ვერ გაექცევა, ზემოთ ამოტივტივდა და მომინდა დიდი კეთილშობილება...ანა კორძაია-სამადაშვილი
სწორედ ამ რომანის გმირებივით კეთილშობილია ლაშა თაბუკაშვილის რომანის გმირი მამაკაციც, რომელიც, უკვე საკმაოდ მოწიფული ასაკის მიუხედავად, მაინც იმ ასაკშია ჩარჩენილი, როდესაც სწორედ ჰიუგოს რომანები იკითხება ხოლმე გატაცებითა და აღტაცებით.
ოღონდ ეს ,,ასაკში ჩარჩენა“ ირონიას სრულებითაც არ გულისხმობს. აქ, პირიქით, იმ რომანტიზმის შენახვა იგულისხმება საკუთარ თავში, რაც, სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობას სადღაც ჭაბუკობის ასაკშივე შემოელევა და მერე იძულებულია, ცხოვრებას სულ სხვა - წვრილმანი ობივატელის, რომანტიკამოყირჭებული ადამიანის - ნიღბით დაენახვოს.
სწორედ ამიტომაც აცხადებს ჩვენთან საუბარში მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი:
,,ჩემი ღრმა რწმენით, ლაშა თაბუკაშვილის რომანი არის წიგნი სიყვარულის შესახებ, ძალიან კარგი სიყვარულის შესახებ და, ალბათ, ყველაფერი ის ნოსტალგიური, რაც სადღაც, გულის სიღრმეში, ყოველ ადამიანს აქვს და ვერსად ვერ გაექცევა, ზემოთ ამოტივტივდა და მომინდა დიდი კეთილშობილება, მომინდა დიდი თავგადასავლები, მომინდა, რომ მამაკაცები იყვნენ ზუსტად ისეთივე მამაკაცები, რომლებზეც თვალი დამიდგება. მინდა, რომ თუკი ვინმე ქალი გამოჩნდება კონკურენტის სახით (რასაც მოდი, არ დაგასპოილერებთ და არ მივყვები შინაარსს), იყოს ზუსტად ისეთი გოგო, როგორიც არის იქ. ჯანდაბას, მაშინ ამ დარტყმას გული გადაიტანს. ძალიან მომწონს
ამ რომანის კითხვის დროს გამიჩნდა შეგრძნება, რომ ასეთი ტრაგიკული ამბები არის დაწერილი რაღაც უცნაური სილაღით, უზარმაზარი ტკივილით, მაგრამ, ამავე დროს, რაღაცნარი სხვანაირი სიმსუბუქე, სხვა რამეა...ლაშა თაბუკაშვილი
მამაკაცები და ქალები, რომლებიც არიან ამ რომანში, ძალიან მომწონს მათი ურთიერთობა, ზოგჯერ ბიჭურად აღტაცებული, მაგრამ ესეც ხომ ძალიან საინტერესოა. ვინ თქვა, რომ (თავად ბატონი ლაშას სიტყვებს გავიმეორებ) ,,ნაბადივით გათელილი მამაკაცი“ საინტერესოა. რაც უფრო დიდხანს რჩება ვინმე ბიჭად, მით უკეთესი, ჩემი ღრმა რწმენით. და სწორედ, მე მგონი, ეს წიგნი არის ქება და დიდება დიდი ვაჟკაცობის, დიდი სიყვარულის, იმ ფონზე, როდესაც გარემო თითქოს არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველაფერი ეს გქონდეს“.
არსებითად, ანა კორძაიას ამ აზრს იზიარებს მწერალი ბექა ქურხული, რომელმაც ჩვენთან ლაშა თაბუკაშვილის რომანზე საუბრისას აღნიშნა:
,,ამ რომანის კითხვის დროს გამიჩნდა შეგრძნება, რომ ასეთი ტრაგიკული ამბები არის დაწერილი რაღაც უცნაური სილაღით, უზარმაზარი ტკივილით, მაგრამ, ამავე დროს, რაღაცნარი სხვანაირი სიმსუბუქე, სხვა რამეა... აი, სილაღით, როგორც ფეხზე მდგარი რომ ხვდები, რა, სროლას. რაღაც შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს ,,ბრავადა“, მაგრამ ამ შემთხვევაში არის სულ სხვა რამ - დამოკიდებულებაა, შეიძლება შინაგანი პროტესტიც კი. და საოცარი იუმორია, როცა ამ დროს აბსოლუტურად ტრაგიკული ამბები ტრიალებს, მაგრამ ეს ტრაგიკული ამბები ,,ვაი, დედა, უი, დედა კი არ არის“, ეს ცხოვრებაა. რეალური ცხოვრება. ეს ბიჭები იყვნენ (და აქა-იქ კიდევ არიან შემორჩენილნი) რეალური ბიჭები, რეალური ხალხი, რომლებიც ახლა რაღაც უცხო სხეულებივით გახდნენ. ცუდადაც შეეძლოთ მოქცევა და სხივიც შეეძლოთ დაეხატათ, კარავაჯოსი არ იყოს, ისე, როგორც არავის“.
ლაშა თაბუკაშვილის ,,ერთიც გაგვიცინე, გუინპლენ“ სხივიანი წიგნია. აქ რომანტიზმს უხვად, მაგრამ ენამოჩლექილ ჟღურტულს ვერსად წააწყდებით. მწერალი ცდილობს იყოს ზუსტი პერსონაჟების ხატვისას, სიტუაციების აგებისას, მხატვრული კოლიზიების ერთმანეთზე გადაბმისას. ამ ბელეტრისტულ სიმკაცრეში კი დროდადრო მაცოცხელებელი ნიავივით იგრძნობა პოეზიის ამაღლებული სუნთქვა - ოღონდ არა მხატვრული მეტაფორების, არამედ თვითონ ცხოვრებაში გამომკრთალი უიშვიათესი ადამიანური მომენტების, ყოფის სილაღისა და ტრაგიზმის უჩვეულო ნაზავის სახით.
სწორედ ამის გამო, ვინც ერთხელ მაინც წაიკითხავს, შეუძლებელია ოდესმე დაავიწყდეს იშხნელების პაემნისა და გაუხსნელი ქოლგის ამბავი, ანდა ლაზარე იშხნელის დუელის დეტალები.
რა თქმა უნდა, სისულელე იქნებოდა, წიგნის შინაარსი მთლიანად მომეყოლა. დაინტერესებული მკითხველი ლაშა თაბუკაშვილის რომანს იოლად მიაგნებს. ჯერჯერობით ვერც ჩემს ეგზემპლარს ვათხოვებ ვინმეს, რადგან ამ წიგნის წაკითხვის მერე გამიჩნდა სურვილი, რომელიც საკმაოდ იშვიათად მიჩნდება ხოლმე. მომინდა ეს რომანი ჩემს თოთხმეტი წლის ბიჭსაც წაეკითხა. მჯერა, წიგნს რომ დაასრულებს, ის ცოტა სხვანაირი, კიდევ უფრო უკეთესი ადამიანი გახდება.