„უცბად ძალიან მომინდა დამეწერა იმის შესახებ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ სტალინის მიმართ საბჭოთა ციხეში. ო, როგორ განსხივოსნებულია მისი სახელი იქ! ის იქ ისეთი დიდი იმედი იყო ხალხისთვის და მაშინაც კი, როცა დავიწყე ფიქრი, რომ ‘მან ყველაფერი იცის’, რომ ეს ‘მისი ბრალია’, თავს არ ვაძლევდი იმის უფლებას, რომ ამ ხალხისათვის ეს ერთადერთი იმედი წამერთმია. თუმცა, რაც უნდა გამაოგნებელი იყოს, დღემდე არ ვარ დარწმუნებული, რომ ‘მან ყველაფერი იცის’, რომ ეს ‘მისი ბრალია’, და ხშირად ვფიქრობ, რომ ‘მან ყველაფერი არ იცის’“, წერდა თავის დღიურში 1939 წლის შობის დღეს ციხიდან ახლად გამოსული რუსი პოეტი ოლგა ბერგგოლცი (დაცულია ბერგგოლცის პუნქტუაცია − ლ.ო.).
დიდი ტერორის ცენტრალიზაციის ხარისხი, ანუ ის, თუ რამდენად იყო განპირობებული ტერორი სტალინის დირექტივებით და რამდენად წარმოადგენდა ის პარტიულ-რეპრესიული მანქანის ქვედა ფენების „სტიქიურ პროცესს“, არქივების მიუწვდომლობის გამო, დიდხანს წარმოადგენდა ისტორიკოსთა შორის დავა-კამათის მიზეზს. ამან გამოიწვია აშშ-ში რევიზიონისტული სკოლის წარმოშობა, რომლის თანახმადაც სტალინი სუსტი დიქტატორი იყო, ხოლო ტერორის უზარმაზარი მასშტაბის მიზეზს ადგილობრივი ინიციატივა წარმოადგენდა. დღეს, ჩვენ ხელთ არსებულ საარქივო მასალებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ცალსახად დავასკვნათ, რომ დიდი ტერორის ერთადერთი ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი სტალინი გახლდათ. დასახვრეტთა რაოდენობას სტალინი ისევე გეგმავდა, როგორც ტრაქტორების ან ფოლადის წარმოებას ხუთწლედების დროს. ანუ, ჯერ იძლეოდა ერთ რიცხვს, ხოლო შემდეგ აორმაგებდა ან ახუთმაგებდა მას. ოღონდ, ტრაქტორებისა და ფოლადისგან განსხვავებით, დასახვრეტ და დასაპატიმრებელ პირთა მიმართ სტალინის გეგმა მუდამ ზედმიწევნით სრულდებოდა.
დიდ ტერორს სტალინის ინიციატივით „ეჟოვშჩინა“ დაერქვა, თუმცა დღეს დოკუმენტები მკაფიოდ გვიდასტურებს, რომ ეჟოვი დამოუკიდებელი ფიგურა არ ყოფილა და სტალინის მიერ იყო მართული: 1937-38 წლებში ეჟოვი 290-ჯერ იმყოფებოდა და ბელადის კაბინეტში, მთლიანობაში, 850 საათზე მეტი აქვს გატარებული (ეს აბსოლუტური რეკორდია, თუ არ ჩავთვლით მოლოტოვის „მიღწევას“). მის კაბინეტს მიღმა მყოფ ეჟოვს კი სტალინი დისტანციიდან ამგვარი წერილებით მართავდა: „გაილახოს უნშლიხტი (ეთნიკური პოლონელი, ВЧК-ОГПУ-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი − ლ.ო.) იმის გამო, რომ არ გასცა პოლონეთის აგენტები ოლქების მიხედვით“ - აქეზებდა სტალინი ნკვდ-ს შეფს 1937 წლის სექტემბერში. „ესერები, როგორც მემარჯვენეები, ისე მემარცხენეები, არ არიან საკმარისად იდენტიციფირებული. (...) გასათვალისწინებელია, რომ, როგორც ჩვენს ჯარში, ისე ჯარს გარეთაც, კიდევ ბევრნი არიან დარჩენილები. (...) საჭიროა, უფრო აზრიანად და ცოცხლად მოქმედებდეთ“ - ახალისებდა ჯუღაშვილი ეჟოვს 1938 წლის იანვარში.
დიდი ტერორის დაწყების დღედ 1937 წლის 2 ივლისი ითვლება. ამ დღეს სტალინმა წერილი გაუგზავნა პარტიის რეგიონალურ ხელმძღვანელებს და უბრძანა მათ, ხუთი დღის განმავლობაში კრემლში გაეგზავნათ რეგიონში არსებული კულაკებისა და „სოციალურად მავნე სხვა ელემენტების“ სია. სიის შედგენის შემდეგ მასში მოხვედრილი პირები ორ კატეგორიად გაყვეს: პირველ კატეგორიაში შეიყვანეს „უაღრესად სახიფათო“ პირები, რომლებიც უნდა დაეხვრიტათ, ხოლო მეორე კატეგორიის მოქალაქეები ათი წლით უნდა გაემწესებინათ საკონცენტრაციო ბანაკებში. სიების დაზუსტებისა და ნკვდ-ს სადამსჯელო ჯგუფების მობილიზების შემდეგ, 30 ივლისს, სტალინმა გამოსცა ბრძანება N°00447 „ყოფილი კულაკების, კრიმინალებისა და სხვა სახის ანტისაბჭოთა ელემენტების რეპრესიის შესახებ“.
ამ ბრძანების მიხედვით, ყველა რეგიონს გამოეყოფოდა პირველი კატეგორიის კვოტა 76 ათას ადამიანზე და მეორე კატეგორიისა − 193 ათასზე. ოპერაცია უნდა დაწყებულიყო 5-დან 15 აგვისტომდე და დამთავრებულიყო ოთხ თვეში. მაგრამ ოთხი თვის მაგივრად ოპერაციამ 15 თვეს გასტანა და შესაბამისად გაიზარდა კვოტებიც: პირველი კატეგორიის კვოტა სტალინმა გაახუთმაგა, ხოლო მეორე - გააორმაგა. 1937-39 წლებში, ბრძანება N°00447-ის ფარგლებში სტალინმა 767 ათასი კაცი დააპატიმრებინა, რომელთაგან დაახლოებით ნახევარი დახვრეტილ იქნა.
ე.წ. „ანტისაბჭოთა ელემენტების“ წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის პარალელურად სტალინმა დაიწყო ოპერაციები ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგ: 25 ივლისს მან ხელი მოაწერა ბრძანებას N°00439, „გერმანელი აგენტებისა და გესტაპოსთვის მომუშავე დივერსანტებისა და ჯაშუშების“წინააღმდეგ. 15 თვის განმავლობაში „გამოვლენილ იქნა“ 57 ათასი „გესტაპოს აგენტი“ და „ჯაშუში“ (წარმოიდგინეთ, რა ძლიერი უნდა ყოფილიყო გესტაპო, თუ სტალინური რეჟიმის პირობებშიც კი შეძლო ქვეყანაში 57 ათასი აგენტის ჩანერგვა!). მათგან 42 ათასი კაცი (ანუ პირველი კატეგორიის „დამნაშავეები“), დახვრიტეს, ხოლო დანარჩენი − ათწლიანი ვადით დააპატიმრეს.
11 აგვისტოს ნკვდ-ს რეგიონულმა ხელმძღვანელობამ მიიღო სტალინის მიერ ხელმოწერილი ბრძანება N°00485, რომლის მიხედვითაც უნდა დაეპატიმრებინათ პოლონური წარმოშობის 144 ათასი საბჭოთა მოქალაქე. მათი 80 პროცენტი პირველ კატეგორიას მიაკუთვნეს და დახვრიტეს (სტალინის მიერ დადგენილ ეთნიკურ კვოტებში პოლონელთა პროპორციული რიცხვი 1937-38 წლების ტერორში ყველაზე დიდი იყო). სწორედ ამ ბრძანების შესაბამისად, 1938 წელს, დახვრიტეს ეთნიკური პოლონელი სტანისლავ რედენსი, ბოლშევიკი, სტალინის ყოფილი ჯალათი უკრაინაში და მისი ქვისლი (ბელადი და რედენსი დებ ალილუევებზე იყვნენ დაქორწინებული).
გერმანულ და პოლონურ ოპერაციებს მოყვება ლატვიური, ესტონური, ფინური, ბერძნული, რუმინული, კორეული და სხვა ოპერაციები... „ეთნიკური ოპერაციების“ შედეგად, 1937 წლის ივლისიდან 1938 წლის ნოემბრამდე, დახვრეტილ იქნა 247 157 პირი, ხოლო 88 356 ადამიანს მეორე კატეგორია მიანიჭეს. სულ, დიდი ტერორის დროს, დაპატიმრებულ იქნა 1,6 მილიონამდე ადამიანი, მათ შორის ბოლშევიკური ნომენკლატურის წილი ორ პროცენტსაც კი არ აღწევდა. დიდი ტერორის პერიოდში რეპრესიები ამა თუ იმ ფორმით შეეხო კომუნისტური პარტიის წევრებისა და წევრობის კანდიდატების მხოლოდ 8,5%-ს (დახვრეტა, დაპატიმრება, გადასახლება, პარტიიდან გარიცხვა). ეს რიცხვები აბათილებს დიდი ტერორის ხრუშჩოვისეულ ვერსიას, რომლის თანახმადაც რეპრესიების მსხვერპლი, ძირითადად, სწორედ კომუნისტური პარტია და მისი ელიტა იყვნენ.
რეგიონების მიხედვით ყველაზე დიდი მსხვერპლის გაღება უკრაინას მოუხდა: 250 ათასი დასჯილი (აქედან 127 ათასი დახვრეტილი). შემდეგ მოდიოდა ციმბირი (180 ათასზე მეტი დასჯილი, მათგან 120 ათასი დახვრეტილი), შორეული აღმოსავლეთი (90 ათასი დასჯილი, აქედან 52 ათასი დახვრეტილი) და ურალი (88 ათასი დასჯილი, მათ შორის 45 ათასი დახვრეტილი).
მკითხველს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: რამდენად სჯეროდა თვით სტალინს „შეთქმულებებისა“, რომლებსაც ვითომდა მის წინააღმდეგ ამზადებდნენ სხვადასხვა „იმპერიალისტური ქვეყნის ჯაშუშები“?
სტალინის მიმოწერა რეპრესიული აპარატის ხელმძღვანელობასთან გვიჩვენებს, რომ მას შეთქმულებებისა არ სჯეროდა. მოვიყვან ერთ მაგალითს: 1930 წელს, როცა ОГПУ ამზადებდა „შეთქმულების“ საქმეს რიკოვისა და სხვა „მემარჯვენეების“ წინააღმდეგ, ОГПУ-ს ხელმძღვანელმა მენჟინსკიმ საქმეში საკუთარი ინიციატივით ჩართო სამხედროები მიხაილ ტუხაჩევსკის მეთაურობით. 10 სექტემბერს, აგარაკზე მყოფმა სტალინმა მენჟინსკისგან მიიღო საგანგაშო ტონით შედგენილი უსტარი, სადაც პირველი ჩეკისტი იუწყებოდა, რომ ლენინგრადის სამხედრო ოლქის მეთაური ტუხაჩევსკი, „მემარჯვენეებთან“ ერთად, სტალინის მოკვლასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას გეგმავდა: „ცალ-ცალკე მათი დაპატიმრება საშიშია. გამოსავალი ორია: ან ერთიანად უნდა იქნეს დაპატიმრებული დაჯგუფების ყველა აქტიური მონაწილე, ან დაველოდოთ თქვენს ჩამოსვლას.“ მენჟინსკის ეს წერილი სტალინმა გადაუგზავნა ორჯონიკიძეს საკუთარი მინაწერით: „ხედავ, ტუხაჩევსკი მაგრად დაამუშავეს ანტისაბჭოთა ელემენტებმა. (...) ოღონდ კოლმეურნეობები გააუქმონ და მემარჯვენეები (რიკოვი და ბუხარინი − ლ.ო.), ეტყობა, სამხედრო დიქტატურაზეც ყაბულს არიან.“ მიუხედავად ტუხაჩევსკის მიერ „სამხედრო გადატრიალების მომზადებისა“, ერთი წლის შემდეგ სტალინმა ის დააწინაურა: თავდაცვის მინისტრის მოადგილედ და წითელი არმიის შეიარაღების ხელმძღვანელად დანიშნა. 1935 წელს ჯუღაშვილმა ტუხაჩევსკის მარშლის წოდებაც კი მიანიჭა. ეს უკანასკნელი მხოლოდ 1937 წლის ზაფხულში დააპატიმრეს და დახვრიტეს სულ სხვა, არანაკლებ აბსურდული ბრალდებით. მენჟინსკის მიერ 1930 წელს შეთითხნილი საქმე მაშინ არავის გახსენებია...
ასობით დოკუმენტის კითხვისას, რომლებსაც ადევს სტალინის რეზოლუციები ასიათასობით ადამიანის დახვრეტაზე, კაცს შეიძლება კიდევ ერთი კითხვა გაუჩნდეს: რატომ არ მალავდა სტალინი საკუთარ დანაშაულს? რატომ ტოვებდა ეს „სერიული კაბინეტური მკვლელი“ ნაკვალევს დანაშაულის ადგილას? ეს მით უმეტეს გასაოცარია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სტალინის დირექტივები, რომლებიც რეპრესიულ მანქანას უფლებას აძლევდნენ არასასამართლო განსჯით ხალხი დაეხვრიტა, არღვევდა იმდროინდელ საბჭოთა კანონმდებლობასაც და კონსტიტუციასაც. იქნებ სტალინს ისტორიული დაუსჯელობის იმედი ჰქონდა? თუ მართლაც ჰქონდა, რამდენად სწორი გამოდგა მისი ვარაუდი? ამ კითხვაზე პასუხს მკითხველს მივანდობ, მე კი შემდეგ ბლოგში ტერორის მიზეზებზე ვისაუბრებ.