Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

იმერეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს


ქუთაისი
ქუთაისი
იმერეთის მხარის მასშტაბით საკადრო ცვლილება განხორციელდა. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, იმერეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს. პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობას ვახტანგ ბალავაძე ლაშა მაქაცარიასგან ჩაიბარებს. გასული კვირის ბოლოდან ვრცელდებოდა ინფორმაცია ყოფილი გუბერნატორის, ლაშა მაქაცარიას, თანამდებობიდან წასვლის შესახებ. წინასწარი ინფორმაციით, გუბერნატორთან ერთად თანამდებობებს დატოვებენ მისი გუნდის წევრებიც.

პირველი ვიცე-გუბერნატორის თანამდებობაზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პარლამენტარი გოჩა თევდორაძე სახელდება. თავად გოჩა თევდორაძის განცხადებით, ვიცე-გუბერნატორის თანამდებობის დასაკავებლად მასთან კონსულტაციები ამ დრომდე არ გამართულა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ ბალავაძე, მე-6 და მე-7 მოწვევის საქართველოს პარლამენტის (2004-2008/2008-2012 წწ) დეპუტატია. ის საკანონმდებლო ორგანოში პარტიული სიით იყო არჩეული. მიმდინარე წლის აგვისტოდან კი ვახტანგ ბალავაძე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად დაინიშნა. მინისტრობამდე ბალავაძე ასევე იყო რეგიონალური პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე. ვახტანგ ბალავაძის მსგავსად, გოჩა თევდორაძე ორი მოწვევის საქართველოს პარლამენტის (2004-2008/2008-2012 წწ) დეპუტატია. თევდორაძესაც დეპუტატის მანდატი „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით ერგო. 2011 წლამდე გოჩა თევდორაძე ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ საქალაქო ორგანიზაციასაც ხელმძღვანელობდა. როგორც თავად გოჩა თევდორაძე აცხადებს, ბალავაძესთან კოლეგიური თანამშრომლობა აკავშირებს.

საკადრო ცვლილებების განხორციელებას და იმერეთის გუბერნატორისა და მისი გუნდის „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებით ჩანაცვლებას პოლიტიკურ შეფასებას აძლევს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი წულაია. მისი თქმით, მაქაცარიას თანამდებობიდან გათავისუფლება დაკავშირებულია 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან 8 რაიონში კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების გამარჯვებასთან.

ლაშა მაქაცარიას იმერეთის გუბერნატორის თანამდებობა 2009 წლიდან ეკავა. მაქაცარიამ გუბერნატორობის დროს იმერეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში განახორციელა საკადრო ცვლილებები.
XS
SM
MD
LG