Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ქუთაისელთათვის მნიშვნელოვანია ქუთაისს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი შეუნარჩუნდეს


პარლამენტის შენობა ქუთაისში
პარლამენტის შენობა ქუთაისში
ქუთაისელთა ნაწილი ფიქრობს, რომ მიმდინარე წელს ქალაქში განვითარებული მოვლენებიდან ზოგი პოზიტიური იყო, ზოგი კი ნეგატიური. საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსსა და აქ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებას ადგილობრივები დადებითად აფასებენ. რადიო თავისუფლების რესპონდენტებს უარყოფით ფაქტად მიაჩნიათ ის, რომ მოქალაქეები საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ძალისმიერ მეთოდებს იყენებენ, რის მაგალითადაც გასულ კვირაში პრეზიდენტისა და უმცირესობის წევრების შეხვედრისას მომხდარ ინციდენტს ასახელებენ.

2012 წელი ქუთაისისთვის პოლიტიკურად საინტერესო აღმოჩნდა, თუმცა ეკონომიკური ზრდა ქალაქისთვის არც ამ წელს მოუტანია. ინდუსტრიული ზონის შემდეგ, ქუთაისს ვერც საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსმა მოუზიდა დამატებითი ინვესტიციები და სოციალური პრობლემები იგივე დარჩა. იმის ერთ-ერთ მიზეზად, თუ რატომ ვერ მოუტანა ქალაქს პოლიტიკური ცენტრის სტატუსმა ეკონომიკური კეთილდღეობა და მეტად ვერ განვითარდა ინფრასტრუქტურა, ან რატომ ერიდებიან ინვესტორები ინვესტიციების განხორციელებას, საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბრუნება სახელდება. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აქტუალური გახდა საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსის შენარჩუნება და ადგილობრივმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა ქუთაისში პარლამენტის დატოვების არგუმენტირებული მოთხოვნით ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოს უკვე მიმართეს. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მერაბ მეშველიანის აზრით, ამ ეტაპზე ქალაქისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ქუთაისი ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი გახდა.

საპარლამენტო არჩევნებისა და ახალი მთავრობის დანიშვნა მეტ-ნაკლებად აისახა ადგილობრივ თვითმმართველობაზე - ქუთაისის საკრებულომ 1 ოქტომბრის არჩევნებიდან ერთ კვირაში ქალაქის მერად საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბესიკ ბრეგაძე აირჩია. საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შვიდმა წევრმა დატოვა, მათგან ორი ერთ თვეში ისევ ფრაქციას შეუერთდა. საკრებულოში ახალი ფრაქცია „ქუთაისი“ შექმნა „ნაციონალური მოძრაობის“ ორმა ყოფილმა წევრმა და „ახალი მემარჯვენეების“ ასევე ყოფილმა ადგილობრივმა წარმომადგენელმა მამუკა მღვდელაძემ. მღვდელაძე წლის მონაპოვარს უწოდებს არჩევნების შედეგებს და აცხადებს, რომ ჯერჯერობით უარყოფითია ის, რომ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის ურთიერთობა გაურკვეველია.

პარლამენტის რეზიდენციასთან 26 მაისს ჩატარებული მასშტაბური აღლუმი, რასაც მალევე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, წინასაარჩევნო პროგრამის გახმაურება მოჰყვა, საერთაშორისო დიპლომატებისა და კვლევითი ორგანიზაციების გახშირებული ვიზიტები და შეხვედრები ადგილობრივ არასამთავრობო თუ პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ქუთაისელებს აფიქრებინებს, რომ ქალაქს პოლიტიკური მნიშვნელობა ეძლევა, თუმცა წლის ბოლოს დახურული და უფუნქციოდ დატოვებული მთავრობის სახლი, როგორც თავად ამბობენ, მოქალაქეებში არასტაბილურობის შეგრძნებას იწვევს.
XS
SM
MD
LG