იმ საშინელი პოლიტიკური კრიზისებისა და ჰუმანური ტრაგედიების ჯაჭვი, რომლის მოწმენიც დიდი ხანია ვართ ყოფილი ოსმალეთის ტერიტორიის დიდ ნაწილზე, დიდწილად განპირობებულია იმ ფაქტით, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ოსმალეთის იმპერიას ვერ მოუნახა სიცოცხლისუნარიანი მემკვიდრე. ევროპული მოდელი სახელმწიფოსი, დაფუძნებული ეთნიკურ და ნაციონალურ კრიტერიუმებზე, ძნელად მისასადაგებელი აღმოჩნდა მსოფლიოს იმ რეგიონისთვის, სადაც ისტორიული მეხსიერება ხშირად ფოკუსირდება არა ეთნოლინგისტურ, არამედ რელიგიურ ერთიანობაზე. თვით აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპას დასჭირდა ეთნიკური წმენდის საშინელი ერთი საუკუნე, რათა ძველი იმპერიების (რუსეთისა და ჰაბსბურგების) ტერიტორიებზე აღმოცენებულიყო ეთნოლინგვისტურად უნიფიცირებული სახელმწიფოები.
განსხვავებით ევროპისაგან, პოსტიმპერიულ ახლო აღმოსავლეთში არა ადგილობრივი ნაციონალიზმი, არამედ ზენაციონალური და ზესახელმწიფოებრივი იდეოლოგიები - პანარაბიზმი და ისლამიზმი - გახდა მოსახლეობის პოლიტიკური მობილიზაციის ერთადერთი წყარო.
ყოფილი ოსმალეთის იმპერიის არაბულ ნაწილში ერთადერთი ხალხი, რომელსაც აქვს ათასწლიანი თვითიდენტიფიქაციის ისტორია, საერთო ტრადიციებსა და საერთო ენაზე (კურმანჯი და სორანი) დაფუძნებული თვითიდენტიფიკაციისა - ეს ქურთები არიან. აგერ უკვე ერთი საუკუნეა, რაც 30-დან 35 მილიონამდე ქურთი, გაყოფილი ოთხ სახელმწიფოს შორის (თურქეთი, სირია, ერაყი, ირანი), თავის ნაციონალურ კერას ითხოვს. მიუხედავად კონფესიური სხვაობისა (რაც დღევანდელ ახლო აღმოსავლეთში სისხლისღვრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია) სუნიტი, შიიტი თუ იეზიდი ქურთები თვლიან, რომ ისინი საერთო ბედის მქონე თემს წარმოადგენენ.
მაშინ, როცა ერაყისა და სირიის სახელმწიფოები მხოლოდ ქაღალდზე არსებობენ, ხოლო თურქეთისა კი წააგავს გემს, რომელსაც მთვრალი კაპიტანი მართავს, სირიული და ერაყული ქურთისტანი ერთადერთ სტაბილურ კუნძულებად გამოიყურებიან იმ ქაოსის ოკეანეში, რომელსაც ახლო აღმოსავლეთი ეწოდება. ამ გეოპოლიტიკურმა ქაოსმა, (რომელიც დიდწილად დასავლეთის პოლიტიკის შედეგია), ყველა უბედურებასთან ერთად სიცოცხლე შთაბერა ურჩხულს - ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“. და დღეს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ქურთები არიან, რომლებიც ამ ურჩხულთან ბრძოლაში ფრონტის წინა ხაზზე დგანან. განთქმული, როგორც მეომარი ხალხი, ქურთები დღესაც ამტკიცებენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში, რომ სალადინის (ყველაზე განთქმული მუსლიმი მთავარსარდალი) მემკვიდრეები არიან. იმ სალადინისა, რომელიც ქურთი იყო და რომლის შთამომავლობას იბრალებდა XX საუკუნის თითქმის ყველა არაბი ლიდერი - დაწყებული გამალ აბდელ ნასერით და დამთავრებული ჰაფეზ ასადით. რაც შეეხება სალადინივით თიქრითში დაბადებულ სადამ ჰუსეინს, ერაყელი ქურთების ქიმიური იარაღით ამომჟლეტველ ყოფილ დიქტატორს, მან თავისი დაბადების წელი ორი წლით უკანაც კი გადაწია (1939 წლიდან 1937 წელზე), რათა არაბული სამყაროსთვის დაემტკიცებინა, რომ „სალადინ II“ მსოფლიოს ზუსტად რვაასი წლის შემდეგ მოევლინა (ტრადიციის თანახმად, სალადინი 1137 წელს არის დაბადებული).
მეთორმეტე საუკუნეში ჯვაროსნების (ანუ დასავლეთის) მძლეველი ქურთი სალადინი, XX საუკუნეში გადაიქვცევა არაბების მთავარ გმირად. საინტერესოა, XXI საუკუნეში თუ დადგება დღე, როცა არაბები აღიარებენ აწ უკვე „XX საუკუნის ჯვაროსნების“ მოკავშირე სალადინის შთამომავლებისათვის ნაციონალური კერის ქონების უფლებას...