Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარატ კულახმეტოვი ცხინვალში რუსეთის ელჩად დაინიშნა


მარატ კულახმეტოვი
მარატ კულახმეტოვი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ეგრეთ წოდებულ ელჩად მარატ კულახმეტოვი დანიშნა. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი მარატ კულახმეტოვი 2004 წლის ოქტომბრიდან ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო ძალების მეთაური იყო. აგვისტოს ომის მოვლენებში ჩართული პირის ეგრეთ წოდებულ დიპლომატად დანიშვნაში საქართველოს მთავრობის წევრები, მართალია, ცინიზმს ხედავენ, მაგრამ აღნიშნავენ, რომ კულახმეტოვის დანიშვნას სამართლებრივი განზომილება არ აქვს და საქართველოს ხელისუფლების მთავარი საზრუნავი რეგიონში რუსეთის ოკუპაციის დასრულებაა.

გადმოწერა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ეგრეთ წოდებულ ელჩად მარატ კულახმეტოვის დანიშვნის შესახებ განკარგულებას 23 მაისს მოაწერა ხელი. მანამდე, 2011 წლიდან, გენერალ-მაიორი მარატ კულახმეტოვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა და მეორე ხარისხის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო. სამხედრო გენერლის ელჩობის პირველ რანგში გადასვლას რუსული დიპლომატიის მახასიათებლად მიიჩნევს ზურაბ ბენდიანიშვილი, თავმჯდომარე კოალიციისა „დევნილთა უფლებებისათვის“. მისი თქმით, ძალიან ძნელია ცხინვალში სამუშაოდ გაუშვა კადრის დიპლომატი იმ მარტივი მიზეზით, რომ იქაურობა არავისთვისაა მიმზიდველი, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი, ზურაბ ბენდიანიშვილის შეფასებით, შეიძლება სამხედრო კომპონენტი იყოს:

“სამხედრო კომპონენტი იმ თვალსაზრისით, რომ გაერთიანდნენ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის თავდაცვის ძალები, ერთი ქოლგის ქვეშ არიან დღეს და ამ თვალსაზრისით, ალბათ, კულახმეტოვის ყოფნა დღეს ცხინვალში ამ მიმართულების გაძლიერებას და კონტროლს, ამ კომპონენტისათვის მეტი ყურადღების მიპყრობას უსვამს ხაზს“.

ეს არის ოკუპანტის მიერ წარდგენილი ერთ-ერთი კიდევ მათი წარმომადგენელი. ამიტომ არანაირი კომენტარი ამაზე არ შეიძლება იყოს...
მიხეილ ჯანელიძე

ზურაბ ბენდიანიშვილი, ზოგადად, საოკუპაციო რეჟიმის დიპლომატიურ მისიაში განხორციელებული როტაციის ფაქტზე კომენტარის გაკეთებას აბსურდად მიიჩნევს და საოკუპაციო ძალების სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან გასვლას ითხოვს. სწორედ ამ ტონალობაში გამოეხმაურნენ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ძალების ყოფილი სარდლის, მარატ კულახმეტოვის, რუსეთის ელჩად დანიშვნას საქართველოს მთავრობის წევრები.

“ეს არის ოკუპანტის მიერ წარდგენილი ერთ-ერთი კიდევ მათი წარმომადგენელი. ამიტომ არანაირი კომენტარი ამაზე არ შეიძლება იყოს. და, შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ ყველა მიმართულებით ჩვენს პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა ოკუპაცია დასრულდეს, ოკუპანტების წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიაზე დასრულდეს და ჩვენ შევძლოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სუვერენიტეტის აღდგენა და, რაც მთავარია, საზოგადოებების გაერთიანება“, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

კულახმეტოვი არის ჩვეულებრივი ოკუპანტი, ისეთივე, როგორიც სხვა დანარჩენი რუსი სამხედროები, რომლებიც ადგილზე არიან...
ვიქტორ დოლიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის, აზრს ეთანხმება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ვიქტორ დოლიძე, რომელიც, ამავდროულად, ფიქრობს, რომ მარატ კულახმეტოვის დანიშვნა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ეგრეთ წოდებული ელჩის თანამდებობაზე რუსეთის მხრიდან პროვოკაციული და ცინიკური ნაბიჯია:

“მე მახსოვს კულახმეტოვი, არაერთხელ შევხვედრივართ ჩვენ ვენაში ელჩობის პერიოდში, იგი იყო ეგრეთ წოდებული მშვიდობისმყოფელი ადგილზე, ცხინვალის რეგიონში, და ეს ნაბიჯიც არის, მე ვიტყოდი, მორიგი პროვოკაცია. კულახმეტოვი არის ჩვეულებრივი ოკუპანტი, ისეთივე, როგორიც სხვა დანარჩენი რუსი სამხედროები, რომლებიც ადგილზე არიან. ამიტომ ნამდვილად ერთგვარ ცინიკურ ნაბიჯადაც შეიძლება აღვიქვათ ის, რომ სწორედ იგი მოავლინეს უკან, ცხინვალის რეგიონში“.

კიდევ უფრო რადიკალურად გამოეხმაურა ცხინვალში მარატ კულახმეტოვის რუსეთის ელჩად დანიშვნის ფაქტს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი, რომლის თანახმადაც, მარატ კულახმეტოვი სამხედრო დამნაშავეა და მისი ეგრეთ წოდებულ ელჩად დანიშვნა არის რუსეთის დამოკიდებულების გამოხატვა როგორც ოკუპაციის, ასევე საერთაშორისო სამართლის მიმართ.

მარატ კულახმეტოვი ცხინვალში რუსეთის ელჩად დაინიშნა
please wait

No media source currently available

0:00 0:02:48 0:00

მარატ კულახმეტოვი არის ტიპიური რუსი სამხედრო, რომელსაც სამხრეთ ოსეთში რუსეთის გენერალ-გუბერნატორის ფუნქციის შესრულება დაევალა, გვითხრა, თავის მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, შოთა უტიაშვილმა:

“კულახმეტოვი არის ის კაცი, რომელსაც პირადად მიუძღვის ბრალი იმაში, რომ მან ვერ შეაჩერა, არ მოინდომა შეეჩერებინა ქართული პოზიციების დაბომბვა ჯერ კიდევ მაშინ, როცა მისი დაწყების თავიდან აცილება იყო შესაძლებელი. ომის მერე ის წამოიყვანეს ჟენევაში და რამდენჯერმე მომიწია მასთან შეხვედრა ჟენევაში მოლაპარაკებების დროს, სადაც ის ასრულებდა ჩვეულებრივი პროვოკატორის მოვალეობას. ავრცელებდა ინფორმაციას ქართული მხარის მიერ თითქოსდა განხორციელებული ოპერაციების შესახებ, რომელთაც არაფერი საერთო სიმართლესთან არ ჰქონდა. სამხრეთ ოსეთი რეალურად არის სამხედრო ბაზა რუსეთის და მეტი არაფერი და ლოგიკურიც არის, რომ გენერალ-გუბერნატორი გამოაგზავნეს ამ სამხედრო ბაზის და მისი მომსახურე ტერიტორიის გასაკონტროლებლად“.

შოთა უტიაშვილისთვის ძნელი სათქმელია, სამხრეთ ოსეთში მარატ კულახმეტოვის ეგრეთ წოდებულ ელჩად დანიშვნის საპასუხოდ რისი გაკეთება შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა, მეორე მხრივ, იგი მიიჩნევს, რომ რუსეთის კეთილ ნებასა და არგაღიზიანების პოლიტიკაზე დაყრდნობა საკმარისი არ არის და საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია საერთაშორისო არენაზე საქართველო უფრო მეტი ყურადღების ობიექტად აქციოს.

XS
SM
MD
LG