Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვა იწყება


პარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი

საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა 5 მაისს ქუთაისიდან დაიწყება. 9 წევრისაგან შემდგარი საორგანიზაციო კომისია კონსტიტუციის პროექტზე მსჯელობას მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართავს. კონსტიტუციის ცვლილებების კანონპროექტის განხილვის ეს ეტაპი საზოგადოებაში გამოთქმული მოსაზრებების გაზიარებასა და პროექტში ასახვასაც გულისხმობს, თუმცა კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს წარმოუდგენლად მიაჩნიათ, რომ პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში არსებითი ცვლილება განხორციელდეს. მათი ნაწილი კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო განხილვაში მონაწილეობას არ აპირებს, ნაწილი კი, მონაწილეობის მიუხედავად, პროექტის შესაცვლელად თავის აქტივობებსაც გეგმავს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი, თავის მხრივ, ირწმუნებიან, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი გამართული და დაბალანსებულია, სრულად პასუხობს როგორც კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, ისე ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების ინტერესებს და ამაში საყოველთაო განხილვის პროცესში მოსახლეობაც დარწმუნდება.

გადმოწერა

საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას, რომელიც დეპუტატებმა 3 მაისს დაამტკიცეს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მოქმედი საარჩევნო სისტემა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნებით, დემოკრატიული სისტემით იცვლება. საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის ახლებურ დებულებებში კი, პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებისა და საპრეზიდენტო უფლებამოსილების შეზღუდვასთან ერთად, საარჩევნო საკითხები ერთ-ერთი მთავარი სადავო თემაა. ოპოზიციის განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს არჩევნების შედეგად გაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებულისთვის მიკუთვნება და საარჩევნო ბლოკების აკრძალვა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ზემოხსენებული განცხადება კი პასუხი იყო „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელთა განცხადებაზე, რომ კონსტიტუციის პროექტით წარმოდგენილი საარჩევნო სისტემა პრინციპების დონეზე იმეორებს სისტემას, რომელიც მუსოლინიმ შესთავაზა იტალიის პარლამენტს:

საორგანიზაციო ფუნქციებს შეასრულებს ეს კომისია, მაგრამ კონკრეტულად ვინ ივლიან შეხვედრებზე, ის პირები, რომლებიც წარუდგენენ მოსახლეობას კონსტიტუციური კანონის პროექტს, რა თქმა უნდა, ამას გადაწყვეტს უკვე საორგანიზაციო კომისია...
გიორგი კახიანი

“მუსოლინიმ იტალიას შესთავაზა სისტემა, რომლის მიხედვითაც პარტია, რომელიც იღებდა 25 პროცენტს, ავტომატურად იღებდა ორ მესამედს. ეს შესთავაზა მუსოლინიმ იტალიელებს. მუსოლინის სისტემა თქვენ დაგვიტოვეთ მემკვიდრეობით და ჩვენ მუსოლინის სისტემას ვცვლით დემოკრატიული სისტემით. ეს არის რეალობა“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც, 9 წევრისაგან შემდგარი საყოველთაო განხილვის კომისიის ფორმატში, კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის ძირითად ნორმებს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში სპეციალურ ფოკუსჯგუფებს გააცნობს.

როგორც საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი, განმარტავს, კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვის პროცედურა ნაწილობრივ სპეციფიკურად წარიმართება:

„კერძოდ, ეს შემადგენლობა იქნება საორგანიზაციო კომისია, რომელიც ასევე დაგეგმავს შეხვედრებს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში და ქალაქებში და, იმავდროულად, დაგეგმავს ასევე შემადგენლობას, თუ ვინ იქნებიან წარმოდგენილნი ამ შეხვედრებზე. ანუ საორგანიზაციო ფუნქციებს შეასრულებს ეს კომისია, მაგრამ კონკრეტულად ვინ ივლიან შეხვედრებზე, ის პირები, რომლებიც წარუდგენენ მოსახლეობას კონსტიტუციური კანონის პროექტს, რა თქმა უნდა, ამას გადაწყვეტს უკვე საორგანიზაციო კომისია“.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში, საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩევლის, ფიქრია ჩიხრაძის, განცხადებით, ჩაერთვება პრეზიდენტის ადმინისტრაციაც, რომელიც, თავის მხრივ, უკვე აწარმოებს კამპანიას „კონსტიტუცია ყველასია“:

“გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ამ პროცესის დასაწყისშივე განვაცხადეთ, რომ არ ვერთვებოდით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, მაგრამ ძალიან აქტიურად ვაპირებდით ჩართვას შემდგომ ეტაპზე, უკვე საერთო-სახალხო განხილვების ეტაპზე, ჩვენ ველოდებით ამჯერად პარლამენტისაგან შემოთავაზებას. თუ როგორი იქნება სამუშაო წესი, ამას უკვე განსაზღვრავს შემოთავაზებული ფორმატი“.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პასუხს საპარლამენტო უმრავლესობისგან, გავრცელებული ინფორმაციით, 4 მაისს მიიღებს. როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე, განმარტავს, „ქართული ოცნების“ შიდა კონსულტაციების გარდა, საკითხი განიხილება ასევე კონსტიტუციის საყოველთაო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა შეთავაზებას მიიღებს პრეზიდენტი პარლამენტისგან.

პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციებიდან კი კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესს ემიჯნება „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, მიიჩნევს, რომ პროცესი ფორმალური იქნება, მასში მონაწილეობა კი - უშედეგო:

“მათ უნდათ, რომ ჩვენ გამოგვიყენონ ფასადად და შექმნან ილუზია, თითქოსდა მთელი ქვეყანა საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად იხილავს კონსტიტუციას. ეს არის რაიონებში სიარული, შეხვედრა, ერთ სცენაზე უნდა ვიდგეთ უმრავლესობასთან ერთად და უნდა ვესაუბროთ გამგეობიდან შეკრებილ აქტივს და შევუქმნათ საზოგადოებას ილუზია, თითქოსდა ჰარმონიულად ვთანამშრომლობთ და ეს კონსტიტუცია არის თითქოსდა მისაღები“.

რომან გოცირიძე ამბობს, რომ კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის განხილვა საჭიროა, მაგრამ მასში ყველა პარტიამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, გარდა „ქართული ოცნებისა“. პროექტის დებულებები მიუღებელია ასევე „ევროპული საქართველოსთვის“, რომელიც, „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, საყოველთაო განხილვებში ჩაერთვება, მაგრამ პარალელურად პლებისციტის იდეასაც უერთგულებს:

ზურაბ ჭიაბერაშვილი
ზურაბ ჭიაბერაშვილი

“იმ საერთო-სახალხო განხილვების დროსაც, რომელსაც საკონსტიტუციო კომისია განახორციელებს, „ევროპული საქართველო“ ისაუბრებს ძირითადად იმის აუცილებლობაზე, რომ საჭიროა ჩატარდეს საერთო-სახალხო გამოკითხვა, პლებისციტი და, საბოლოო ჯამში, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს იმ კონსტიტუციური ცვლილებების ბედი, რომელსაც გვთავაზობს „ქართული ოცნება“ და რომელსაც იწუნებს მთელი საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები“, აღნიშნა კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის საერთო-სახალხო განხილვის პროცესში მონაწილეობას გეგმავს, თავის მხრივ, სამოქალაქო სექტორიც, თუმცა რა ფორმებსა და მასშტაბებს მიიღებს მათი აქტივობა, ჯერჯერობით არ დაზუსტებულა. არსებული ინფორმაციით, კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესი რამდენიმე ეტაპად გაიწერება და ერთ თვეს გასტანს. უკვე დაგეგმილია პირველი ეტაპის ღონისძიებები: შეხვედრები 5 მაისს ქუთაისში დაიწყება და 15 მაისს თბილისში დასრულდება.

XS
SM
MD
LG