Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საყოველთაო სახალხო განხილვები კონსტიტუციის შესაცვლელად


საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხზე საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო. 1 ოქტომბერს საყოველთაო-სახალხო განხილვები ბათუმსა და ოზურგეთში გაიმართა. საერთო-სახალხო განხილვის პროცესი ერთ თვეს გასტანს, რის შემდეგაც კონსტიტუციაში ცვლილებების პროცედურები პარლამენტში გადაინაცვლებს. “ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული ცვლილებების პროექტის მიუღებლობის მიუხედავად, პარლამენტსგარეთა ინტერპარტიული ჯგუფი ითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გამჭვირვალედ წარიმართოს და შეხვედრების გრაფიკი წინასწარ გამოქვეყნდეს.

ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალი პოლიტიკური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვის პროცედურის დაწყებას მიიჩნევენ ფორმალობად, რომელიც, მართალია, კანონის მოთხოვნებს შეესაბამება, მაგრამ არსებითი დისკუსიისთვის არ არის მოწოდებული. როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა გვეუბნება, განხილვის მიზანი უნდა იყოს საზოგადოებას გააცნო შენი შეხედულებები და მისგან საპასუხოდ შენიშვნები მოისმინო, რაც, მისი აზრით, ამჯერად არსებული მოცემულობის მიხედვით, შეუძლებელია:

“უკვე ორი წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტის ინსტიტუტი, სახალხო დამცველი და, ზოგადად, საზოგადოების განწყობა - თვითონ ხელმოწერებიც გროვდება და საკმაოდ სოლიდური რაოდენობა ხელმოწერებისა აუცილებლად შეგროვდება - არის ერთ პოზიციაზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ცდილობს სირაქლემის პოზაში იყოს, წაუყრუოს და არანაირი შენიშვნები არ გაიზიაროს და მიიღოს“.

ასეთი რეალობის მიუხედავად, არასაპარლამენტო ოპოზიცია გეგმავს დაესწროს შეხვედრებს და მკაფიოდ გამოხატოს თავისი უარყოფითი დამოკიდებულება შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ. ცვლილებები კი, პროექტის თანახმად, ითვალისწინებს პარლამენტის არჩევის ახალი წესის შემოღებას, ანუ შერეული საარჩევნო სისტემის შეცვლას პროპორციული სისტემით, ოღონდ არა მომავალი არჩევნებიდან, ანუ 2016 წლიდან, არამედ მისი მომდევნო არჩევნებიდან, ანუ 2020 წლიდან. 2016 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები მოქმედი შერეული სისტემით გაიმართება. იმისათვის, რომ უმრავლესობის 80 წევრის ხელმოწერით მომზადებული პროექტი დამტკიცდეს, სულ ცოტა, 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. პოტენციურად ეს საპარლამენტო ოპოზიციის - მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ - ხმებსაც გულისხმობს, თუმცა მმართველ პარტიაში, ამ მხრივ, ოპტიმისტური მოლოდინები არ აქვთ. აი, რა განუცხადა მედიას ამასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა:

“თუ ‘ნაციონალური მოძრაობა’ დარჩა იმ პოზიციაზე, როგორზეც ახლა ის არის, ისინი ცდილობენ სხვა პარტიებთან ერთად შეაგროვონ ხელმოწერები, რათა ახალი საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება მოახდინონ, რომელიც გულისხმობს 2016 წელს ცოტა სხვანაირად, მაგრამ ისევ პროპორციული სისტემის შემოღებას, რა თქმა უნდა, ეს ორი ერთმანეთის საწინააღმდეგოა და მაშინ გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული“.

რაც შეეხება უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობისა“ და საპარლამენტო უმცირესობაში გაერთიანებული სხვა ფრაქციების პოზიციას, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვების კომისიას ბოიკოტს უცხადებენ, არ მონაწილეობენ საპარლამენტო პროცესში და, არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად, 200 000 ხელმოწერის შეგროვების გზით სურთ ალტერნატიული საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება (საუბარია შერეული სისტემის რეგიონალურ-პროპორციული სისტემით ჩანაცვლებაზე უკვე 2016 წლის არჩევნებისთვის). „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი, შესაბამისად, ფარსს უწოდებს „ქართული ოცნების“ პროექტს და გაუმართლებლად მიიჩნევს საარჩევნო სისტემის შეცვლამდე მხოლოდ ერთი საარჩევნო ვადით დაგეგმილ ისეთ ცვლილებას, მაგალითად, როგორიცაა საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლა:

“რატომ უნდა დავამახინჯოთ საარჩევნო ოლქები და რატომ უნდა წავართვათ თავისი დეპუტატი, თუ მაინც მაჟორიტარებს ვტოვებთ, მაგალითად, ხულოს, ან ამბროლაურს, ან იგივე ხონს? იმიტომ რომ „ქართულმა ოცნებამ“ დათვალა, რომ ასე უფრო მოიგებს? არა, რა თქმა უნდა, არ გავა ეს ცვლილებები. ჩვენ უფრო მარტივ რამეს ვთავაზობთ, ყველა საპარლამენტო ოპოზიციასთან და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად. ესაა რეგიონულ-პროპორციული სისტემა, რომელიც ბევრად უფრო სამართლიანია, ვიდრე ხონი-ვანის ან ბაღდადი-ხარაგაულის გაერთიანება“.

2020 წლისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლის საკონსტიტუციო კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის არეალი კი, სპეციალური კომისიის წევრის, „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ თავმჯდომარის, ქეთევან ჩაჩავას თანახმად, ყველა თვითმმართველი ქალაქი იქნება:

“აღნიშნულმა საკონსტიტუციო კომისიამ დღეს უკვე გამართა შეხვედრები ბათუმსა და ოზურგეთში და უკვე 5 ოქტომბრიდან იგეგმება ახალციხე, გორი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ქუთაისი, ანუ, ფაქტიურად, ყველა თვითმმართველ ქალაქში იგეგმება შეხვედრა სწორედ ამ საჯარო საყოველთაო განხილვებისათვის და უკვე 17 ოქტომბერს იგეგმება თბილისში შეხვედრების გამართვა მთელი დღის განმავლობაში. ჩვენ, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, წარმოვადგენთ ჩვენს პოზიციას რეალურად აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებთან დაკავშირებით ვსაუბრობთ და ვისმენთ ასევე მოქალაქეების პოზიციას აღნიშნულ სისტემასთან დაკავშირებით“.

ქეთი ჩაჩავა ამბობს, რომ შეხვედრები ბათუმსა და ოზურგეთში უინტერესო არ ყოფილა და მის აუდიტორიაში ძირითადად თვითმმართველობების, სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ჭარბობდნენ, აქტიურობითა და სიმწვავით კი სწორედ პოლიტიკური პარტიები გამოირჩეოდნენ. თუ შესაცვლელია, რატომ არ იცვლება საარჩევნო სისტემა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის? - ეს იყო დისკუსიის მთავარი შეკითხვა, რის პასუხადაც, ქეთი ჩაჩავას თანახმად, პარლამენტის წევრები განმარტავდნენ, რომ კოალიციის შიგნით ამ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა ადვილი არ აღმოჩნდა.

XS
SM
MD
LG