„იძულებითი გადაადგილება-გამოწვევები, გამოცდილება და პერსპექტივები“ - ასე ერქვა საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისში. კონფერენცია იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ მუშაობის 20 წლისთავს მიეძღვნა.
კონფერენციაზე ჩამოვიდნენ იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების სპეციალისტები და ადამიანის უფლებადამცველები უკრაინიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, დევნილთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა კომპაქტურ დასახლებაში მცხოვრები დევნილები. კონფერენციაზე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იძულებით გადაადგილებულ პირთა არაინფორმირებულობა დასახელდა. ხშირია შემთხვევები, როცა დევნილებმა სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების სერვისების შესახებ არაფერი იციან. შავშვების დევნილთა დასახლებაში მცხოვრები გალინა ქელეხსაევა ამბობს, რომ კონფერენციაზე არაერთი მისთვის სრულიად ახალი ინფორმაცია მიიღო.
კონფერენციის მონაწილეებმა ჯგუფებში იმუშავეს, სადაც განხილული იყო დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტილებები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონების მდგომარეობა, დევნილები მასმედიის სარკეში, ადამიანური უსაფრთხოება საქართველოსა და რეგიონში, რეგიონალური უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხები. მოწვეულმა სტუმრებმა თავიანთ ქვეყნებში დევნილთა მდგომარეობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გააკეთეს მოხსენებები. რუსეთში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა ორგანიზაცია „სამოქალაქო თანადგომის“ ხელმძღვანელმა სვეტლანა განუშკინამ. მისი თქმით, რუსეთში არასამთავრობო სექტორს მეტად მძიმე პირობებში უწევს მუშაობა, ეგრეთ წოდებულ „შავ სიაში“ შეტანილ ორგანიზაციებს კი მთლიანად გადაკეტილი აქვთ სახელისუფლებო სტრუქტურებიდან ინფორმაციის მიღების წყაროები. განუშკინას აზრით, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონალურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეინარჩუნონ ერთმანეთთან ურთიერთობა და ერთად იფიქრონ პრობლემების მოგვარებაზე.
ბოლო დროს მთიანი ყარაბაღის მიმართულებით განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების საკითხი. მომხსენებლებმა სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან კონფლიქტის ესკალაციაზე და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. აზერბაიჯანული საზოგადოებრივი გაერთიანება „ჰუმანიტარული კვლევების“ ხელმძღვანელი ავაზ გასანოვი ამბობს, რომ მაშინ როცა მხარეების პოლიტიკოსები და ხელისუფლების წარმომადგენლები საერთო ენას ვერ პოულობენ, სამოქალაქო საზოგადოების როლი უსაფრთხოების საკითხების გადაჭრაში უფრო მეტად იზრდება.
კონფერენციის მონაწილეებმა ხელისუფლებისადმი რეკომენდაციების პაკეტი მიიღეს, რაც გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების ერთიან პოზიციას კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარების თაობაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეულ განსახლებას და მათთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ქალთა გააქტიურებას პრობლემების მოგვარებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. კონფერენციის მასპინძელი, იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ ხელმძღვანელი იულია ხარაშვილი ამბობს, რომ მედიის ჩართულობა და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა ამ პრობლემების მოგვარების გზაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მათი კოორდინირებული მუშაობითა და ხელისუფლების მუდმივი ჩართულობით რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარება შესაძლებელია, ოღონდ ამისთვის საჭიროა მონდომება, ამ საქმეში თვითონ დევნილების ჩართვა და მათი გააქტიურება.