სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ექს-პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი პოლიტიკაში ისევ გამოჩნდა. იგი ჩრდილო და სამხრეთ ოსეთის ლიდერებთან ერთად ვლადიკავკაზში ოსი ხალხის საერთაშორისო ფორუმს დაესწრო. ედვარდ კოკოითიმ, რომელმაც 2006 წელს რუსეთთან გაერთიანების ინიციატივით დე ფაქტო რესპუბლიკაში რეფერენდუმი ჩაატარა და ყოველთვის რუსეთთან მეტი ინტეგრაციის მომხრე იყო, ახლა მოულოდნელად პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთმა დამოუკიდებლობა უნდა შეინარჩუნოს და სახელმწიფოებრიობა გაამყაროს.
კოკოითი უფრო შორსაც წავიდა: მისი აზრით, სამხრეთ ოსეთმა საქართველოს ტერიტორიული პრეტენზია თრუსოს ხეობაზეც უნდა წაუყენოს. მისი თქმით, ამ მიწისთვის ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. გარდა ამისა, დე ფაქტო რესპუბლიკის ექს- პრეზიდენტმა ის ოსებიც გააკრიტიკა, რომლებიც თბილისში სულ უფრო ხშირად ჩადიან და შემდეგ, უკან დაბრუნებულები, საქართველოს აქებენ.
ოსი ხალხის ყრილობაზე დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლება თითქმის მთლიანად იყო ჩასული. კოკოითის გამოსვლას ყურადღებით უსმენდნენ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი და პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი. ეს ფორუმი კოკოითისა და ბიბილოვის ერთგვარ დისკუსიად იქცა. თავის გამოსვლაში ბიბილოვი, კოკოითისგან განსხვავებით, ამტკიცებდა, რომ სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შენარჩუნება მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში გაერთიანებით არის შესაძლებელი. ბიბილოვის პარტიამ, რომელიც რუსეთთან ინტეგრაციის ლოზუნგით გამოდის, საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ამის შემდეგ ცხინვალში უკვე ყველასთვის ცნობილია ბიბილოვის მომავალი საპრეზიდენტო ამბიციების შესახებ. ინფორმაცია კოკოითის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების თაობაზეც უკვე არაერთხელ გავრცელდა. ამდენად, ოსი ხალხის ყრილობა საპრეზიდენტო ამბიციის მქონე პირებისთვის პირველი პოლემიკის ადგილად იქცა.
კოკოითის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას უარყოფითად აფასებს ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტი თემურ ცხურბათი. მისი აზრით, კოკოითის სახელი სამხრეთ ოსეთში კორუფციასთან არის გაიგივებული და მას ერთ მდინარეში მეორედ შესვლის შანსი თითქმის არა აქვს. ჩვენს რადიოსთან საუბარში თემურ ცხურბათი აცხადებს, რომ კოკოითის იდეური თანამებრძოლები არ ჰყავს.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წელს გაიმართება. ოსი ანალიტიკოსების აზრით, საპრეზიდენტო ამბიციების მქონე კანდიდატებმა საკუთარ პიარზე მუშაობა უკვე დაიწყეს.