Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვეროპტიმიზებული ქართული ჯარი


რაც თავი მახსოვს, სულ მესმის, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, რომელიც მთელი თავისი პირადი შემადგენლობით დაახლოებით 35 ათას კაცს ითვლის, მიმდინარეობს ოპტიმიზაცია, რეორგანიზაცია, რესტრუქტურიზაცია თუ მოდერნიზება. თუმცა, შესაძლებლიდან ოპტიმალური ვარიანტის ამორჩევას საშველი მაინც არ დაადგა. ასეთ ვითარება შეიძლება აიხსნას როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური მიზეზებით. მთავარი ობიექტური ფაქტორია პრობლემის სოციალური შემადგენელი და მკაფიოდ დასახული ამოცანის არარსებობა. გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ საქართველოს არც ერთმა ხელისუფლებამ ბოლომდე არ იცოდა, ზუსტად რა ამოცანისათვის სჭირდებოდა შეიარაღებული ძალები. ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს დამკვიდრებული კლიშე, რომ საქართველოს უნდა ჰყავდეს უნარიანი სამხედრო ძალა, რათა არც ერთი მოწინააღმდეგისათვის არ იყოს კომფორტული საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფა. კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან საქართველოს მთავარი მოწინააღმდეგის, რუსეთისათვის, დისკომფორტის შესაქმნელად საქართველოს დღევანდელზე, სულ მცირე, 50-ჯერ აღმატებული არმია უნდა ჰყავდეს. ასეთ მძლავრ ძალას კი, ცხადია, არც ადამიანური რესურსი ეყოფა, და არც ფინანსური. სამაგიეროდ, უფრო იოლია, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ გამოაცხადო მორიგი რეორგანიზაცია თუ საშტატო ოპტიმიზაცია, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა მასობრივი ფსიქოზის პროვოცირება სამხედრო ძალებშიც და საზოგადოებაშიც.

ვგულისხმობ იმას, რომ ნებისმიერ ოპტიმიზაციას აუცილებლად ახლავს კადრების შემცირება, ეს კი მტკივნეული პროცესია ყველგან, მით უფრო საქართველოში, სადაც ადამიანი ძნელად თუ იჯერებს, რომ შემცირებაში ვიღაცის პირადი ანგარიშსწორების გამო არ აღმოჩნდა. ამიტომ როდესაც შემცირებაში მოყოლილთა სოციალური პროტესტი პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი ხდება, შეშინებული ხელისუფლება უკან იხევს, რეორგანიზაციას დასრულებულად აცხადებს და ისევ ჩვეული მეთოდით, ანუ შტატების გაბერვით ცდილობს შელახული იმიჯის აღდგენას.

ასე იყო მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, განსაკუთრებით 2008-2009 წლებში, როდესაც სამსახურიდან არალოიალურად მიჩნეული ოფიცრების ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე, მასობრივი დათხოვნის პარალელურად, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ხუთჯერ მეტი სამუშაო ადგილი შექმნა გენერალურ შტაბსა და სამოქალაქო ოფისში. ამასთან, პროფესიონალიზმის დონე, ბრძოლისუნარიანობა, არმიის კომპლექტაცია და მოტივაცია დიდად არ შეცვლილა.

ამ თვალსაზრისით ახალი არაფერი მოუგონია დღევანდელ ხელისუფლებას და მის თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას, რომელიც ჯერ კიდევ პოლიციის აკადემიის რექტორობის პერიოდიდან, ანუ მიხეილ სააკაშვილის დროიდან არის ცნობილი, როგორც კადრების ცივსისხლიანი გამცხრილავი. განსხვავება ისაა, რომ სამხედრო უწყების ხელმძღვანელობამ ამჟამად ფულადი კომპენსაცია შესთავაზა, როგორც სისტემაში უწოდებენ, ოპტიმიზაციის პროცესში შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილ 209 ოფიცერს, რისთვისაც 5,2 მილიონი ლარი გამოიყო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში თავდაცვის უწყება 2250-ადამიანმა დატოვა, მათ შორის 1750-მა სამოქალაქო პირმა, რომლებსაც, ჩანს, არავითარი საკომპენსაციო თანხა არ მიუღია.

სამხედრო უწყება ირწმუნება, რომ ეს ყველაფერი კეთდება „სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისა და უწყების სტრატეგიული განვითარებისათვის“. ანუ ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული თანხა, თავდაცვის სამინისტროს დათვლით, დაახლოებით 32 მილიონი ლარი, ეტაპობრივად დაიხარჯება თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად, სამხედრო ტექნიკისა და ტყვია-წამლის შესაძენად.

ჩანაფიქრი კეთილშობილურია, მაგრამ საკითხავი ისაა, თუ ვინ იქნება ამ ფულით შეძენილი ტექნიკისა და ტყვია-წამლის მომხმარებელი? ან კი დაუსრულებელი ოპტიმიზაციით გაბეზრებულ ქართველ ოფიცრებს შერჩებათ ხალისი და ფიზიკური ძალა ქვეყნის სამსახურისათვის?

ვრცელდება ინფორმაცია (რომელიც დამოუკიდებელმა წყაროებმაც დაგვიდასტურეს), რომ სულ მალე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას, გენერალურ შტაბთან შეთანხმებით, განზრახული აქვს გორში დისლოცირებული მეხუთე ქვეითი ბრიგადის გაუქმება. მიზეზი, როგორც ამბობენ, აღნიშნული სამხედრო ნაწილის დაუკომპლექტავობაშია, რაც, თუ მართლაც ასეა, უკვე ნამდვილად შეუძლებელია, ნაციონალური მოძრაობის ცხრაწლიან მმართველობას დაბრალდეს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG