Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფრთხილდით არარეალურ მოლოდინს!


ბევრმა ჩემმა კოლეგამ აღფრთოვანება ვერ დამალა, როდესაც შეიტყო, რომ ნატოს სამიტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებსა და სხვა ოფიციალურ სტუმრებს დაურიგდებათ საქართველოში საგანგებოდ ვარშავის სამიტისათვის ჩამოსხმული ღვინო.

„ეჰ, ნეტა მეც ვიყო დელეგაციაში, მომენატრა თქვენი ღვინის დალევაო“, − ამოიხვნეშა ჩემმა უკრაინელმა კოლეგამ, დენის პოპოვიჩმა. ბოლოს ის ნატოს ნიუპორტის სამიტზე, უელსში ვნახე. ამის შემდეგ დენისი მამა გახდა, ბიჭი შეეძინა. უკრაინამ კი წინ წაიწია ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით და ახლა, ვარშავაში, კიევი ზუსტად ისეთივე „არსებითი პაკეტის“ მიღებას ელოდება, როგორიც საქართველოს აქვს.

7 ივლისის საღამოა, ვარშავის ცენტრში, სტალინისდროინდელ ცათამბჯენში, მერიის მიერ ჟურნალისტებისათვის ორგანიზებულ წვეულებაზე, არგენტინულ ღვინოს ვწრუპავთ. ყველაფერი ლაზათიანადაა ორგანიზებული: ჯაზი, სამახსოვრო ფოტოები, რასაც რამდენიმე წამში დაგიმზადებენ თავაზიანი პოლონელი გოგოები, გემრიელი საჭმელ-სასმელი, სუვენირები და, რა თქმა უნდა, ჩემი საყვარელი საფოსტო ღია ბარათები. შეავსებ ნატოს დროშებითა და ვარშავის ღირშესანიშნაობებით მორთულ ამ ღია ბარათს და შენს სტრიქონებს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მიიღებენ.

7 ივლისს დაბადების დღეს აღნიშნავს ჩემი ორი მეგობარი. ნატოში შესვლა დაგბედებოდეთ-მეთქი, მივწერე. ვიცი, ამ დღეს ორივე ელოდება. მაგრამ ისიც ვიცი, საქართველოს ბევრი მოქალაქის მსგავსად, ისინიც ნელ-ნელა კარგავენ იმედს, რომ ეს როდისმე მოხდება.

იმედგაცრუება ჯერ კიდევ ბუქარესტის სამიტით დაიწყო, როდესაც გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ნაცვლად, რასაც გარანტირებულად თვლიდა მაშინდელი ხელისუფლება, საქართველომ მიიღო დაპირება, რომ აუცილებლად გახდებოდა ალიანსის წევრი, როგორც კი ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებდა. გულახდილად ითქვას, მაშინ ეს ჩანაწერი დიდი მიღწევა იყო. თუმცა, მაშინდელი არარეალური მოლოდინის ფონზე მან დაკარგა ფასი და წარუმატებლობად უფრო შეფასდა, ვიდრე წარმატებად. მიუხედავად სკეპტიკოსთა ქილიკისა,ბუქარესტის ეს კომუნიკე დღესაც აქტუალურია და საქართველოც უფრო ახლოსაა მიზანთან. თუმცა, ახლა, რვა წლის შემდეგ, მხოლოდ ამ ჩანაწერის უცვლელად გადატანა ვარშავის სამიტის კომუნიკეში, საქართველოსთვის მაინც იმედგაცრუება იქნება.

„ყველა გრძნობს, რომ რაღაც მეტის თქმა და გაკეთებაა საჭირო“, მეუბნება ჩემი კოლეგა, რადიო თავისუფლების მიმომხილველი ბრაიან უიტმორი, რომელიც ასევე ვარშავაშია და ნატოს სამიტის პარალელურად მიმდინარე ექსპერტთა ფორუმში მონაწილეობს. „თუმცა, ამ ეტაპზე რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება და გადაჭარბებული მოლოდინის შექმნა სწორი არ არის.“

არადა მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ისევ ასწია მოლოდინის თამასა: თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ევროატლანტიკურ საკითხთა მინისტრები ერთხმად აცხადებენ, რომ ნატოს ვარშავის სამიტის შემდეგ ქვეყანა კიდევ უფრო დაცული გახდება.

არ მიყვარს სიტყვებზე გამოკიდება და პოლიტიკოსთა გამონათქვამების ინტერპრეტაცია, მაგრამ ნატოს მერვე სამიტს ვაშუქებ, როგორც ჟურნალისტი, პირადად ვიცნობ ბევრ მათგანს, ვინც ქმნის და ახორციელებს ნატოს პოლიტიკას, მაგრამ იშვიათად შემხვედრია არათუ ნატოში გაწევრიანების მოსურნე, არამედ ალიანსის წევრი ქვეყნის ლიდერი, რომელსაც ამ ცვალებად სამყაროში „ერთმნიშვნელოვნად“ შეეძლოს იმის თქმა, რომ მისი ქვეყანა უფრო დაცული იქნება.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ტარდება სამიტის პარალელურად, სულ რამდენიმე საათი რჩება. კულუარებში საქართველოსათვის რაიმე იარაღის ან თავდაცვითი პროგრამის შეთავაზებაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

არ მინდა, საქართველოს ხელისუფლების ეს მოლოდინი მხოლოდ პიარისათვის განკუთვნილ „აუცილებელ ოპტიმიზმად“ დარჩეს, რადგან ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ არარეალურმა მოლოდინმა, შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს ნეიტრალიტეტის მომხრე ან, სულაც, პრორუსული ძალების გაძლიერება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG