Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კინოსტუდიაში - მხატვრების საძებნელად


თამარ ხმიადაშვილი (მარცხნივ), დავით კუხალაშვილი, ლიკა ჭავჭანიძე
თამარ ხმიადაშვილი (მარცხნივ), დავით კუხალაშვილი, ლიკა ჭავჭანიძე

ძველი კინოსტუდიის ეზოში, დიღომში, პირველად ადამიანის ზომის “ოსკარის” ქანდაკება შეგხვდებათ. აქვეა ბუტაფორიები, ხის და მინის საამქროები. ადმინისტრაციული შენობის გვერდით, ძველ და მოუვლელ, მიტოვებულ ნაგებობაში, მხატვრების სახელოსნოებია განთავსებული.

სამხატვრო სახელოსნოებამდე მისასვლელად გრძელი დერეფნები უნდა გაიარო - ბნელი, ცივი, ძველი ნივთებით სავსე დერეფნები, რომლის კედლებზეც სხვადასხვა დროს გაკეთებული წარწერები იკითხება: მოწოდებები ჰიგიენის დაცვისკენ, ცნობილი როკ-ჯგუფების სახელები, ჟარგონები და უცენზურო სიტყვები…

აქ, ამ ძველსა და კეთილმოუწყობელ შენობაში, ფართის დაქირავება ხელსაყრელი აღმოჩნდა ახალგაზრდა მხატვრებისთვის, რომლებსაც არც ბევრი ფული აქვთ და თან საკუთარი სივრცე სჭირდებათ სამუშაოდ. ასე მოვიდა დათო კუხალაშვილი სამი წლის წინ მეგობრის რჩევით და დარჩა. ადრე აქ მუსიკოსების სარეპეტიციოებიც იყო, ახლა მეორე სართულზე მხოლოდ მხატვრები არიან.

ოთახი დიდია და ნათელი. ჭერის ერთი ნაწილი ღიაა. აქედან მილი გამოდის, რომელსაც წვიმის წყალი, რაც მანამდე ოთახში ჩამოდიოდა, ფანჯარაში გააქვს. ფანჯრებზე ძველი ჭრელი ფარდებია დაკიდებული. ეს ფარდები, ისევე როგორც ყველა სხვა ნივთი, რასაც მხატვრები იყენებენ, ამავე შენობაშია ნაპოვნი. აქ ნაპოვნი ქსოვილები დათოს ზოგჯერ ტილოდაც ადგება და ინსტალაციის მასალადაც.

ოთახის ბინადრები ელექტროგამათბობლით თბებიან, სველი წერტილი შენობის პირველ სართულზეა. დათო და მისი მეგობრები ამბობენ, უკეთესი პირობები რომ იყოს, ფართიც უფრო ძვირი იქნებოდა, მეტი ქირის გადახდას კი ისევ ასე ყოფნა სჯობსო. უკვე შეეჩვივნენ.

აქ ყოფნის ყველაზე ხანგრძლივი გამოცდილება დათოს აქვს, ერთი წლით მოვიდა და დარჩა. სხვები შედარებით ახალი მოსულები არიან და არც იმდენ დროს ატარებენ აქ.

“მანამდე სახლში ვმუშაობდი, ლილოში მაქვს მშობლების სახლი და იქ ვმუშაობდი. მერე მოქანდაკე კოკა რამიშვილმა მითხრა, რომ აქ იყო ფართები, მოვედი და ერთწლიანი კონტრაქტი გავაკეთეთ, მომაქირავეს. ადრე მარტო კოკას სახელოსნო იყო აქ. დღესაც აქ მუშაობს, პირველ სართულზეა. კოკას მერე მე ვიყავი პირველი მხატვარი. მესამე წელია უკვე აქ ვარ. ყურადღება არ გეფანტება, სამსახურივით არის: მოდიხარ, მუშაობ“.

თავიდან სხვა, შედარებით პატარა და დაბალფასიანი, ფართი ჰქონდა. მერე მის ძველ ოთახში თამარ ხმიადაშვილი შევიდა. კედლებზე ისევ არის დათოს ძველი ნამუშევრებიდან ფრაგმენტები. ფანჯარაზე სალაღობო სასიყვარულო მიმოწერაა, კარზე პატარა სტიკერი, შავი ეკლესიის ფონზე თეთრი გამოსახულება - “არა სიბნელეს”.

ზოგადად, დათოს ნამუშევრები გამოირჩევა იუმორით, პოლიტიკური სატირით და ხშირად ეხება მძიმე სოციალურ თემებს. მის ნახატებში ბევრ ნაცნობს იპოვით: ქვეყნის მმართველებს, სამსახურის მაძიებლებს, ოჯახის სარჩენად წასულ ემიგრანტ ქალებს, მაღაროელებს, მუშებს, პოლიტიკოსებს, უზარმაზარ ნაცრისფერ კვარტალებში ჩაკარგულ ადამიანებს.

ნაცრისფერი კვარტალები სახელოსნოების ფანჯრებიდანაც ჩანს. დათო ამბობს, რომ აქ როცა გადმოვიდა, მრავალსართულიანი კორპუსების ნაცვლად სივრცე ჩანდა, ეს ყველაფერი ბოლო 2 წელიწადში აშენდა.

მაგიდაზე ჩაფხუტი დევს, რომელშიც ჩანგალი, მაკრატელი, დანა და სხვა ნივთებია ჩარჭობილი. იგივე იარაღები ტილოზეც გვხვდება, კოსტუმში გამოწყობილი უთავო ადამიანის ზურგზე. ტილოების და ინსტალაციების გვერდით ქალაქის სხვადასხვა უბანში გადაღებული ფოტოებია, სადაც შენობების ნაწილი ამოჭრილია. დათო ამბობს, რომ ის ადგილები გააქრო, რომლებიც, მისი აზრით, არ ფუნქციონირებს: მაგალითად, კულტურის სამინისტრო, სამხატვრო აკადემია, პრეზიდენტის სასახლე, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ლაღიძის წყლები და ა.შ.

იასამნისფერ ხავერდზე ერთმანეთის მიყოლებით დახატულია კუჭი, ტრიბუნა, სანაგვე ურნა და რეანიმაციის საწოლი. დათო ამბობს, რომ ეს პოლიტიკოსის გზაა, რომელსაც ისინი სოცოცხლის განმავლობაში ბევრჯერ გადიან.

გამოფენებში ხშირად იღებს მონაწილეობას, მაგრამ ნამუშევრების პოპულარიზაციისთვის ყველაზე ეფექტურად სოციალურ ქსელებს იყენებს. ნახატებს ინტერნეტში უფრო მეტი ხალხი ნახულობს, ვიდრე გალერეებში. ამბობს, რომ აქ ცოტაა, ვისაც ხელოვნება აინტერესებს და უფრო ცოტა, ვისაც მისი ყიდვა შეუძლია:

“აქ ძალიან ცოტა ადამიანია, ვისაც მხატვრობა აინტერესებს და თან მისი შეძენა შეუძლია. თუ ფული აქვთ, მაინც ურჩევნიათ, უკვე ცნობილი იყიდონ. თან ნახატების შეძენა ერთგვარი ფულის ჩადებაა. ცნობილს რომ იყიდი, იცი, რომ მერეც გაყიდი. ახალგაზრდას და უცნობს რომ იყიდი, შეიძლება ვეღარ გაყიდო. მე, მაგალითად, გასაყიდად უფრო ხელნაკეთ სუვენირებს ვამზადებ ხისგან. „17 კვადრატში“ იყიდება ჩემი დამზადებული ხის ვაგინები და პენისები. ეკონომიური მდგომარეობაც ისეთია ქვეყანაში, რთულია ვინმეს უთხრა, ნახატებს რატომ არ ყიდულობო”.

დათოს ეთანხმება თამარ ხმიადაშვილიც:

“ძალიან ძნელია მხატვრობით თავის რჩენა და, საერთოდ, ხელოვნებაში დარჩენა. აქ ყოველდღე მოვდივარ თითქმის. ვხატავთ, ერთმანეთს ველაპარაკებით, ფილმებს ვუყურებთ. ზოგჯერ ჩვენი მეგობრებიც მოდიან, ძირითადად ისინი, ვინც თვითონაც ხატავს. გამოფენებზეც ასეა, ძირითადად ერთი და იგივე ხალხი დავდივართ ერთმანეთის ნამუშევრების სანახავად”.

მათ გარდა, აქ სხვებიც მუშაობენ: გეგა ქუთათელაძე, ნიკა ჯაფარიძე, თამარ მაღლაფერიძე, არჩილ კორძაია.

“შემოდიან, ერთად ვიკრიბებით. შემოდიან ისინი, მეც გავდივარ, ერთად განვიხილავთ ერთმანეთის ნამუშევრებს. აქ გვინდა ღია კარის დღე გავაკეთოთ, სახელოსნოების კარები გავხსნათ და ვინმეს მოსვლა თუ მოუნდება, ნახოს, რას ვაკეთებთ. ალბათ, რომ დათბება, მერე“.

XS
SM
MD
LG