Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დრანდის ციხიდან გაათავისუფლეს კიდევ ერთი ქართველი პატიმარი


რვათვიანი პატიმრობის შემდეგ დრანდის ციხე დატოვა აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციული საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულმა არჩიკო როგავამ. როგორც მისმა შვილმა, თინათინ როგავამ, რადიო თავისუფლებას განუცხადა, გათავისუფლებული ენგურის ხიდთან 5 ნოემბერს მიაცილეს დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავებმა. არჩიკო როგავას ადმინისტრაციულ საზღვართან ოჯახი ელოდებოდა. ის ახლა საკუთარ სახლში, ზუგდიდის სოფელ რიყეში იმყოფება, განსხვავებით მისი შვილის, პაატა როგავასგან, რომელიც ამ დრომდე დრანდის ციხეში პატიმრობაში რჩება.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მამა-შვილი 2017 წლის აპრილში დააკავეს, "საზღვრის" დარღვევისთვის. მოგვიანებით პაატა როგავას ბრალად დასდეს დაკავებისას აფხაზი მესაზღვრისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. როგორც ოჯახს გათავისუფლებულმა უთხრა, როგავას დრანდის ციხიდან 2 თვეში გაუშვებენ.

მამაჩემმა დაამთავრა სასამართლოს გადაწყვეტილებით ის ორწლიანი სასჯელი. იმ ციხეში 24 საათი ითვლება სამ დღედ. ის გამოუშვეს 5-ში. რაც შეეხება მდგომარეობას, არის ძალიან სუსტად, ლაპარაკით არაფერს არ ლაპარაკობს. ის კი თქვა, რომ ძალიან კარგად მექცეოდნენო. პაატას ალბათ ორი თვის შემდეგ გამოუშვებენ...

საქმესთან დაკავშირებით ოჯახისთვის ცნობილი ინფორმაცია რადიო თავისუფლებას თინათინ როგავამ გააცნო, რადგან თავად არჩიკო როგავას ჟურნალისტებთან საუბარი არ სურს. გათავისუფლებულის შვილი ამბობს, რომ არჩიკო როგავას, რომელსაც ორი წელი ჰქონდა მისჯილი, პატიმრობა, დე ფაქტო ხელისუფლების კანონმდებლობის მიხედვით, გაცილებით ადრე ჩაეთვალა სრულიად მოხდილად.

„მამაჩემმა დაამთავრა სასამართლოს გადაწყვეტილებით ის ორწლიანი სასჯელი. იმ ციხეში 24 საათი ითვლება სამ დღედ. ის გამოუშვეს 5-ში. რაც შეეხება მდგომარეობას, არის ძალიან სუსტად, ლაპარაკით არაფერს არ ლაპარაკობს. ის კი თქვა, რომ ძალიან კარგად მექცეოდნენო. პაატას ალბათ ორი თვის შემდეგ გამოუშვებენ“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, როგავების გათავისუფლება აქტიური მოლაპარაკებების შედეგია. როგორც რადიო თავისუფლებას სუსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, საკითხზე მიმდინარეობდა მჯელობა როგორც გალის IPRM-ის, ისე ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში და მოხერხდა არჩიკო როგავას უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება. რაც შეეხება მის შვილს, სუსში აცხადებენ, რომ ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ამ მიმართლებით.

როგავების ოჯახმა ენგურის ხიდზე მანამდე არაერთხელ გამართა საპროტესტო აქცია დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით. საკითხს თბილისი აყენებდა გალში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ შეხვედრაზე, სადაც როგავებთან ერთად განიხილება დრანდის ციხეში მყოფი სხვა პატიმრების საქმეც.

28 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, წინა შეხვედრებიდან გამომდინარე, გამართლდა პოზიტიური მოლოდინები და ორმა მსჯავრდებულმა, ხვიჩა ლიპარტიამ და გიორგი კორსანტიამ, უკვე დატოვა დრანდის ციხე. რაც შეეხება როგავების საკითხს:

როგავების ოჯახის წევრების შეხვედრა კახაბერ ქემოკლიძესთან გალში
როგავების ოჯახის წევრების შეხვედრა კახაბერ ქემოკლიძესთან გალში

„ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვისაუბრეთ მამა-შვილი როგავების საკითხზეც. ამ მიმართულებით კონკრეტული შედეგი რაც გვაქვს, არის ის, რომ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მივიღეთ გარანტიები, რომ მათ ოჯახის წევრებს მიეცემათ მამა-შვილის მონახულების საშუალება დრანდის ე.წ. ციხეში“, - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ 28 ნოემბერს, გალში შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მამა-შვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის მცხოვრებლები არიან. მათი ოჯახის წევრების ცნობით, პაატა და არჩიკო როგავები მდინარე ენგურის სანაპიროზე დე ფაქტო რესპუბლიკის მესაზღვრეებმა 5 აპრილს დააკავეს მაშინ, როცა ცხენს ეძებდნენ. ირწმუნებოდნენ, რომ მათ "საზღვარი" არ გადაუკვეთიათ.

XS
SM
MD
LG