Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართველთა მარშის“ შესახებ


14 ივლისს თბილისში მოეწყო ულტრანაციონალისტების აქცია, ე.წ. „ქართველთა მარში“. მარშის ოფიციალური მოთხოვნა იყო უცხოელი არალეგალების დეპორტაცია საქართველოდან, თუმცა მისი ორგანიზატორების მიერ ფეისბუკზე, ღონისძიების ოფიციალურ გვერდზე გაკეთებულ განცხადებას თუ ვნახავთ, უფრო კარგად გავიგებთ, თუ სინამდვილეში რას ეძღვნებოდა ის. „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორების განცხადებაში ვკითხულობთ:

„გადაწყდა!!! ყველას!!! ყველას!!! ყველას!!! ვისაც სამშობლოსთვის გული გიძგერთ!!! ან ჩვენ ან ისინი!!! 14 ივლისს 20 საათზე აღმაშენებლის გამზირზე 24 სკოლიდან იწყება ქართველთა მარში!!! 14 ივლისამდე ულტიმატუმი რომ ყველა არალეგალმა უცხოელმა(ირანელები,არაბები,აფრიკელები და ა.შ.)დატოვოს საქართველოს ტერიტორია!!! ეს არის ჩვენი პასუხი იმაზე,რომ 51 წლის ირანელმა ქართველი ბავშვები (ბიჭები)გააუპატიურა!!! ჩვენ გავწმინდავთ ჩვენს ქუჩებს უცხოელი კრიმინალებისგან!!!ქართული საქართველოსთვის!!!“

აქ მინიმუმ სამ მოთხოვნას ვკითხულობთ: პირველი, ისინი ითხოვენ არალეგალი უცხოელების დეპორტაციას; მეორე, ისინი ამტკიცებენ, რომ ირანის მოქალაქემ ქართველი არასრულწლოვნები გააუპატიურა და ამის გამო კოლექტიურ პასუხისმგებლობას ყველა არალეგალს აკისრებენ („ეს არის ჩვენი პასუხი იმაზე, რომ 51 წლის ირანელმა ქართველი ბავშვები (ბიჭები) გააუპატიურა!!!“) და მესამე, ითხოვენ „ქართულ საქართველოს“.

პირველ შემთხვევაში, ერთი შეხედვით, მარშის ორგანიზატორები მხოლოდ კანონის აღსრულებას ითხოვენ. მეორე შემთხვევაში კი, ფაქტობრივად, ყველა არალეგალს ერთი უცხოელის მიერ ბავშვების გაუპატიურების გამო სთხოვენ პასუხს (სავარაუდოდ, გულისხმობენ ახალციხეში მომხდარ ფაქტს, სადაც ირანის მოქალაქეს ბრალი ედება ხუთი არასრულწლოვნის გაუპატიურების მცდელობაში. აქ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ განცხადებაში დაზუსტებული არ არის, რომელ ფაქტზეა საუბარი და, შესაძლოა, ბრალდებულისა და დამნაშავის გაიგივება ხდება, რაც უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა). არადა, წესით, ცხადი ჭეშმარიტებაა, რომ თუ ადამიანი არალეგალია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ბავშვებს აუპატიურებს ან რამე სხვა სახის დანაშაულს სჩადის (არალეგალობის გარდა). ამ ლოგიკით, იგივე შეიძლება ითქვას ყველა არალეგალზე, მათ შორის ქართველ არალეგალებზე, მთელ მსოფლიოში.

მესამე მოთხოვნაში ქსენოფობია უკვე ყოველგვარი შელამაზების და შეფუთვის გარეშე ჩანს: „ქართული საქართველოსთვის“. ეს არის ფაშისტური ლოზუნგი, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს და მხოლოდ პრიმიტიული რასისტული და შოვინისტური აზროვნების ნაყოფია.

სხვა საქმეა ის, თუ საიდან გაჩნდა ეს „ქართველთა მარში“ ამ ქსენოფობიური და ფაშისტური ტონალობებით. ამაზე შესანიშნავად საუბრობს ქართველი ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ასეთ მარშებზე ჯერ კიდევ გამოდის მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა, ის არის, რომ მათ უწევთ არანორმალური სოციალური და ეკონომიკური გაჭირვების გადატანა და ამ გაჭირვებით გაწამებულებს ადვილად ატყუებენ თაღლითები, რომელთა მიზანიც არის იაფი საშუალებებით პოლიტიკური ქულების ჩაწერა და საეჭვო მიზნების განხორციელება.

კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ თანამედროვე საზოგადოებები უპრეცედენტო ცვლილებებს განიცდიან გლობალურ დონეზე, მიგრაციის მასობრივი ტალღების გამო. ქართველი ემიგრანტები მიდიან და სახლდებიან რუსეთში, ევროპასა და ამერიკაში, სადაც ლეგალურად და არალეგალურად წვლილი შეაქვთ მასპინძელი ქვეყნების განვითარებაში. თავის მხრივ, უცხოელი იმიგრანტებიც მოდიან საქართველოში და აქ აწარმოებენ ბიზნესს. ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია და ჩრდილო კორეის მსგავსი, ყველა მხრიდან ჩაკეტილი საზოგადოებების გარდა, ის ყველა საზოგადოებას ეხება. მაგალითად, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ინდოეთიდან, პაკისტანიდან და ბანგლადეშიდან წამოსული მიგრანტები ადგილობრივი კერძო მუშახელის 90%-ს შეადგენენ აშშ-ში, სადაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სწორედ იმიგრანტების წინააღმდეგ აგრესიული რიტორიკით გამოირჩევა, 17 ივლისს სპეციალურად დაუშვეს დროებითი ვიზების გამოყოფა ათასობით იმიგრანტისთვის, სწორედ იმის გამო, რომ აშშ-ის ეკონომიკა, გარკვეულწილად, სწორედ მათ მიერ გაწეულ შრომაზეა დამოკიდებული.

ერთი სიტყვით, ამ სახის „სოციალური“ გლობალიზაციის შეჩერება შეუძლებელია და მისი ალტერნატივა მხოლოდ ჩრდილო კორეასავით საზღვრების მთლიანად ჩაკეტვა და გარესამყაროსთან ყოველგვარი კონტაქტის გაწყვეტაა (რაზეც ზოგიერთი ქართველი ულტრანაციონალისტი არ იტყოდა უარს, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ასეთ იზოლაციონიზმს მხარს არც ერთ შემთხვევაში არ დაუჭერს). ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ არ უნდა გააკონტროლოს საკუთარი საზღვრები და მიგრაციის ტალღები და არ დააწესოს შეზღუდვები ბინადრობაზე. აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში არსებობს ამგვარი შეზღუდვები, თუმცა მის პარალელურად, ადგილობრივი საზოგადოება მზად უნდა იყოს უცხოელების მისაღებად, შეუქმნას მათ გარემო მშვიდობიანი ცხოვრებისთვის და ქართული საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანისთვის.

საქართველოს და ქართულ საზოგადოებას სჭირდება თანასწორობაზე დაფუძნებული და ჰარმონიული განვითარება. „ქართველთა მარში“ და მისი ორგაზატორები თავიანთი რასისტული და ფაშისტური ლოზუნგებით ამას ხელს უშლიან. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ჩვენი საზოგადოება გამოუვალი კრიზისის და ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დადგება, რაც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ.

პ.ს. ფეისბუკზე 17 ივლისს „ქართველთა მარშის“ ორგანიზატორების პროფილებიდან გაკეთდა სექსისტური და მუქარის შემცველი კომენტარები მათი ახალგაზრდა კრიტიკოსის, თათია დოლიძის მისამართით. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ასეთი ზნეობას და ღირსებას მოკლებული კომენტარები, ვისი გაკეთებულიც უნდა იყოს, დამატებით ანგრევს საჯარო სივრცეში დამკვიდრებულ ქცევის კულტურასა და სტანდარტებს და საზოგადოების უფრო მეტად დაყოფას და დაპირისპირების გაღვივებას უწყობს ხელს. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ერის უდიდესი ნაწილი არ დაუშვებს ამ დონეზე ჩვენი საჯარო სივრცის ჩამოშლას და განადგურებას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG