Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

რაიონები სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის გარეშე მუშაობენ


სიღნაღი
სიღნაღი

კახეთში მუნიციპალიტეტების უმრავლესობას სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი გეგმა არ გააჩნია. არადა, ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის დროს კანდიდატების ერთ-ერთი დაპირება სწორედ ამ გეგმის მომზადება იყო, გეგმისა, რომელიც შემდეგ ერთგვარი სახელმძღვანელო უნდა გამხდარიყო მუშაობის პროცესში.

მაგალითად, სიღნაღის გამგებელი დავით ჯანიკაშვილი პასუხად შეკითხვაზე, როგორია მისი რაიონის განვითარების გრძელვადიანი გეგმა, თითოეული საჯარო მოხელის ყოველდღიურ საქმიანობაზე გველაპარაკება და გვეუბნება, რომ გრძელვადიან გეგმაში აქვთ 2 სასტუმროს აშენება:

„სამწლიანი ინფრასტრუქტურული გეგმა გვაქვს.რაც შეეხება სხვა გეგმებს, თავისთავად ცხადია, რომ თვითმმართველობა ქარხნებს და საწარმოებს ვერ ააშენებს, ეს ინვესტორმა უნდა გააკეთოს. ამ მხრივ ვიცი, რომ სიღნაღში ორი სასტუმროს მშენებლობა უკვე დაგეგმილია“.

სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი გეგმა არც ლაგოდეხს გააჩნია. მუნიციპალიტეტის პირველი პირი ადასტურებს, რომ ამომრჩევლისთვის ერთ-ერთი დაპირება სწორედ ამ გეგმის მომზადება იყო. კახა ჯამბურიას თქმით, ამ დოკუმენტს აუცლებლად შექმნიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობით, მანამდე კი პრიორიტეტების დოკუმენტით ხელმძღვანელობენ:

„ახლა პრიორიტეტების დოკუმენტით ვხელმძღვანელობთ, მაგრამ როგორც კი სოციოეკონომიკური გეგმა გვექნება, მასზე მორგება მოგვიწევს.ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ დღეს არსებულ დოკუმენტებში ცვლილებები განხორციელდეს“.

სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის გარეშე მუშაობს ყვარელიც. გამგებლის მოადგილე ქეთევან ზაუტაშვილი გვეუბნება, რომ ამ დოკუმენტის მომზადება ადგილობრივი ძალებით შეუძლებელია, თუმცა მუშაობა უკვე დაიწყეს. ზაუტაშვილი, ისევე როგორც სხვა თანამდებობის პირები, ამბობს, რომ ყვარელი ინფრასტრუქტურის განვითარების 3-წლიანი გეგმისა და საჭიროებათა დოკუმენტის თანახმად მუშაობს:

„ამ დოკუმენტზე უკვე ვმუშაობთ და მასუახლოეს მომავალში დავდებთ“.

გიორგი მოსიაშვილი, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „თელავი ევროპული დემოკრატიისთვის“, ამბობს, რომ გრძელვადიანი გეგმების არარსებობაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ქვეყანა სათანადოდ ვერ ვითარდება. მოსიაშვილი აქვე შენიშნავს, რომ არსებობს მთლიანად რეგიონის განვითარების გრძელვადიანი დოკუმენტი, თუმცა ამის შესახებ საზოგადოება არ არის ინფორმირებული:

„ამ დოკუმენტის შედგენა ადვილი არ არის, თუმცა თვითმმართველობებს ამისთვის წლის ბოლომდე კიდევ აქვთ ვადა. ვიმედოვნებ, რომ ამ დოკუმენტს შეადგენენ მოსახლეობასთან დისკუსიებისა და საჯარო განხილვების შედეგად, შემდეგ კი განახორციელებენ“.

საზოგადოებას მუნიციპალიტეტების განვითარების საკუთარი გეგმა აქვს.

„ყველა თანამდებობის პირმა მოსახლეობის პრობლემები უნდა შეისწავლოს, გაიაზროს და ამის მერე მიხვდება, რა არის საჭირო. სხვისი მითითებების შესრულებით ისინი ადამიანების საჭიროებებს ვერ გაიგებენ“.

„უნდა მოეწყოს ინფრასტრუქტურა, მთავარია მშენებლობა დაიწყოს“.

„საზოგადოება უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული. უნდა მოხდეს ადამიანების ინფორმირება მიმდინარე საკითხებზე“.

სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმა ინდივიდუალურია ყველა ქალაქისთვის, სოფლისა და თემისთვის. გეგმა მუშავდება დასახლების გეოგრაფიული მდებარეობის, შესაძლებლობებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. თვითმმართველობაც, საზოგადოებაც და მესამე სექტორიც თანხმდებიან, რომ ამ გეგმის გარეშე მუშაობა არაეფექტურია.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG