„უხილავი ფარდის“ დღევანდელი გამოშვების სტუმარია მალტის უნივერსიტეტის დიპლომატიის კვლევის ხმელთაშუა ზღვის აკადემიის სტუდენტი ვაჟა გვარამია, რომელთან საუბრითაც განვაგრძობთ ციკლს უცხოეთში მყოფი ქართველების შესახებ. ბუნებრივია, რომ გადაცემის ავტორი და წამყვანი, ოქროპირ რუხაძე, ვაჟა ესაუბრება დიპლომატიაზე, დიპლომატების უნარებზე, სახელმწიფოს სამსახურში ყოფნის თავისებურებებზე. გვარამიების ოჯახი აფხაზეთიდანაა, თვითონ ვაჟა კი მოლდავეთში დაიბადა. განათლება მან თბილისში მიიღო, ხოლო შემდეგ ერთხანს მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. სწორედ საგარეო უწყების დახმარებით ჩავიდა ჩვენი გადაცემის სტუმარი მალტაში, კუნძულზე, რომელიც მრავალი თვალსაზრისით გამოირჩევა ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებს შორის.