Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სოციალური ქსელი - სახელმწიფოს სამიზნე


პაველ დუროვი
პაველ დუროვი
რუსეთში კრემლთან კონფლიქტი რომ სახიფათო საქმეა, ბევრმა გაერთიანებამ და კერძო პირმა, ბიზნესმენმა თუ ჟურნალისტმა საკუთარ ტყავზე გამოსცადა, არაერთს ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. რუსეთის სოციალური ქსელი „ვკონტაკტე“, რომელსაც არამხოლოდ ადამიანების ზედაპირული დაკავშირება აქვს მიზნად დასახული, მთავრობის მიერ დადგენილ შავ სიაში მოხვდა, რამაც ხალხი დააბნია. ეს ის სიაა, რომელშიც აკრძალული საინტერნეტო საიტები და უკიდურესად კანონსაწინააღმდეგოდ მოქმედი ქსელები შეაქვთ. რუსეთის „ტელეკომმის“ სახელმწიფო მარეგულირებელმა უწყებამ საზოგადოებას ამცნო, რომ ქსელი შავ სიაში, რომელიც ბავშვთა პორნოგრაფიის რეკლამირებაში შემჩნეულ საიტებს კრძალავს, მოხვდა „შემთხვევით“ და რომ საქმე უკვე გამოსწორდა და „ვკონტაკტე“ კვლავ ფუნქციონირებს. „ვკონტაკტეს“, ჩანს, არ მოუწონეს საზოგადოებრივი აქტიურობა - ამ ქსელის საშუალებით ოპოზიცია ორგანიზებას უკეთებს თავის საქმიანობას, რაც ისეთ უზარმაზარ ქვეყანაში, როგორიც რუსეთია, მისწრებაა. მედიის ანალიტიკოსი და ოპოზიციონერი ბლოგერი ოლეგ კოზირევი ფიქრობს, რომ ეს შემთხვევითობა, სინამდვილეში, განზრახ ჩადენილი ქმედებაა და ის, რაც ახლა რუსეთში ხდება, „ჭკუის სწავლებაა“ - „იმ მიზნით ჭკუის სწავლება, რომ რუსეთის საინტერნეტო საზოგადოება გახადონ უფრო დამთმობი, უფრო დამოკიდებული, უფრო დაქვემდებარებული“.

კოზირევის კოლეგები, საინტერნეტო სივრცეში მოქმედი ბლოგერები, თავიდანვე, როცა შავი სიის შესახებ კანონი მიიღეს, მოელოდნენ, რომ ბავშვების დასაცავად მიღებული კანონი იოლად შეიძლებოდა გამოყენებულიყო ხელისუფლებისთვის არასასურველი საინტერნეტო საიტების წინააღმდეგ, მათი მუშაობის შესაზღუდად და თვით შეწყვეტის მიზნითაც. ეს შავ სიაში “ შემთხვევით“ მოხვედრა პირველი ასეთი ინციდენტი არ ყოფილა „ვკონტაკტეს“ ბოლო თვეების პრაქტიკაში. მიმომხილველთა ნაწილი ფიქრობს, რომ „ვკონტაკტე“ სამიზნეში ჰყავთ ამოღებული, მის მიმართ დაგეგმილი კამპანია მიმდინარეობს, რათა ლაგამი ამოსდონ და შეავიწროონ მისი სხვაგვარად მოაზროვნე ხელმძღვანელი.

ეს ყველაფერი საინტერნეტო რესურსებისთვის ხიფათის შემცველი ატმოსფეროს შექმნისკენააა მიმართული. მე მგონია, რომ ახლა დაიწყებენ საინტერნეტო რესურსებიდან დამოუკიდებელი ადამიანების, ხელმძღვანელი პირების განდევნას...
ოლეგ კოზირევი
„ვკონტაკტე“ 2006 წელს დააფუძნა 28 წლის პეტერბურგელმა პაველ დუროვმა. მას ფეისბუკის დამაარსებელ ზაკერბერგსაც ადარებენ. დუროვის ქსელიც წარმატებულია - დღეში მას 47 მილიონი ადამიანი მოიხმარს. კრემლის საწინააღმდეგო გამოსვლების შემდეგ, რაც 2011 წლის სადავო საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, დუროვმა ყური არ ათხოვა უშიშროების ფედერალურ სამსახურს, რომელმაც მოსთხოვა, არ მიეცა ოპოზიციისთვის მისი საიტის გამოყენების შესაძლებლობა.ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდათ, თითქოს ამას უშუალო შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ აპრილში დუროვს დააბრალეს, რომ მანქანით დაეტაკა საგზაო პოლიციელს და ინტერნეტით შესაბამისი ვიდეოც გაავრცელეს.16 აპრილს „ვკონტაკტეს“ სათავო ოფისში პოლიციამ ჩხრეკა მოაწყო და დუროვი, რომელიც უარყოფს საერთოდ მანქანის ყოლასაც კი, იძულებული გახდა მიმალულიყო, რუსეთი დაეტოვებინა და საჯაროდ მას მერე აღარც გამოჩენილა. „ვკონტაკტეს“ ოფისის გაჩხრეკის მეორე დღეს კი საინვესტიციო ფირმა „იუნაიტედ კაპიტალ პარტნერზმა“, რომელიც კრემლთან არის დაახლოებული, დუროვთან ერთად მისი ქსელის ორი თანადამაარსებლის - ვიაჩესლავ, იმავე იცხაკ, მირილაშვილისა და ლევ ლევიევის - კომპანიის აქციათა 48 პროცენტი შეისყიდა. დუროვმა წინააღმდეგობა გაუწია ინვესტორებს, რომლებსაც ამ აქციების ყიდვა სურდათ და უარის ნიშნად თავისი ფოტო გაავრცელა, უხამსი ჟესტით, რასაც ოფიციალური პასუხი უწოდა.

ფირმა „იუნაიტედ კაპიტალ პარტნერზის“ პრეზიდენტია ილია შერბოვიჩი, რომელიც რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ მმართველთა საბჭოს წევრიცაა. ის დაახლოებულია „როსნეფტის“ აღმასრულებელ დირექტორთან, იგორ სეჩინთან, რომელიც პუტინის ახლობელთა წრეში ირიცხება. „ვკონტაკტეს“ აქციების მსხვილი მფლობელია ასევე საინტერნეტო კომპანია „მეილ.რუ“, რომელსაც კრემლთან დაახლოებული მაგნატი ალიშერ უსმანოვი აკონტროლებს. მას მერე, რაც მან გამომცემლობა „კომერსანტი“ შეიძინა, უსმანოვს ბრალად სდებენ, თამამი რედაქტორები გაათავისუფლა და კომპანიის მედია ჰოლდინგებს ცენზურას უწესებსო. დუროვს კომპანიის 12 პროცენტი კვლავ ხელთ აქვს. აქციონერთა ხელშეკრულების მიხედვით, მას აქვს უფლება „მეილ.რუს“ აქციების სახელითაც მიიღოს ხოლმე მონაწილეობა კენჭისყრაში. „იუნაიტედ კაპიტალ პარტნერზი“ აცხადებს, რომ გეგმაში არა აქვს დუროვის შეცვლა, აქტივისტების აზრით კი, საბოლოო მიზანი სწორედ ეს უნდა იყოს. თუ რატომ, კოზირევი განმარტავს:

ბლოგოსფეროში არსებული მოსაზრებები მზარდ ზეგავლენას ახდენს ყველაზე სერიოზულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ასევე სოციალურ პროცესებზე და ეს ტენდენცია მომავალშიც მხოლოდ გაიზრდება...
ვლადიმირ მარკინი
„ეს ყველაფერი საინტერნეტო რესურსებისთვის ხიფათის შემცველი ატმოსფეროს შექმნისკენააა მიმართული. მე მგონია, რომ ახლა დაიწყებენ საინტერნეტო რესურსებიდან დამოუკიდებელი ადამიანების, ხელმძღვანელი პირების განდევნას, რათა მთლიანად შეიცვალოს ასეთი საინტერნეტო პროექტების ხელმძღვანელობა“.

უშიშროების სამსახურები რუსეთში არ მალავენ, რომ ინტერნეტის მოთოკვა სურთ. საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა ამ საკითხზე თავისი შეხედულება ინტერფაქსის სააგენტოს გაუზიარა:

„ბლოგოსფეროში არსებული მოსაზრებები მზარდ ზეგავლენას ახდენს ყველაზე სერიოზულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ასევე სოციალურ პროცესებზე და ეს ტენდენცია მომავალშიც მხოლოდ გაიზრდება. მიმდინარეობს საინფორმაციო ომი, რომელსაც აწარმოებენ იმ მიზნით, რომ ხალხს სახელმწიფოს, მათ შორის, სამართალდამცავი უწყებების მიმართ რწმენა შეურყიონ“.

მარკინმა ამ ნათქვამს დასძინა, სხვათა შორის, ეწყობა კამპანიები, რომელთა უკანაც დგას ზოგიერთი ოლიგარქი და უცხოეთში მოქმედი ცენტრებიო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG