Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოზე


გამოცემა „ბლუმბერგი“ აქვეყნებს სტატიას, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვებით იწყება. ეს სიტყვები წერილის სათაურიცაა. ვლადიმირ პუტინს სურს ან მკვდარი მიხილოს, ან საპატიმროში, ეუბნება ჟურნალისტებს სააკაშვილი და აშშ-ს მოუწოდებს, წინ აღუდგეს რუსეთის მზარდ გავლენას მის ქვეყანაში. სტატიის ავტორები წერენ: „სააკაშვილმა, 45 წლის ამერიკაში განათლებამიღებულმა იურისტმა, რომელმაც 2003 წელს ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ საქართველო შეაკავშირა აშშ-თან და რომლის ქვეყანას 2008 წელს რუსეთთან ომი ჰქონდა, გვითხრა, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს სურს დამაპატიმრონ პუტინის შეკვეთით შეთითხნილი კორუფციის ბრალდებითო“. ივანიშვილიცაა დახასიათებული იქვე როგორც პირი, რომელმაც, საქართველოს პოლიტიკაში მოსვლის სურვილის გამო, რუსეთის პასპორტი ჩააბარა და დააფინანსა კოალიცია, რომელმაც დაამარცხა სააკაშვილის პარტია შარშანდელ არჩევნებში. სტატიაში წაიკითხავთ ასევე, რომ საქართველოს ბედმა შეიძლება გაზარდოს რუსეთსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა, რომელიც გამძაფრდა სირიაში ომის გამო და იმ მიზეზითაც, რომ რუსეთმა თავშესაფარი მისცა აშშ-ის დაზვერვის სამსახურის კონტრაქტორს, საიდუმლო მასალის გამავრცელებელ სნოუდენს. მკითხველს „ბლუმბერგი“ამცნობს, რომ ამას მოჰყვა პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილება, არ შეხვდეს თავის კოლეგას რუსეთში სტუმრობის დროს. იქვე გამოცემას მოჰყავს სააკაშვილის სიტყვები, რომ საქმე გვაქვს შეჯიბრთან რეგიონისთვისაც: თუ არ მივაქცევთ სათანადო ყურადღებას საქართველოს, რუსეთი შეიძლება მოვიდეს და დაიკავოს ისო. გამოცემას თავისი მოსაზრება წერილობით მიაწოდა კარნეგის ცენტრის თანამშრომელმა, საქართველოს ექსპერტმა ტომას დე-ვაალმა: „ვაშინგტონის უმრავლესობა მიესალმება საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დათბობას, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს მათ ეხმარება, სულ მცირე, ერთი თავის ტკივილი მაინც მოიშორონ აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობაშიო“.

„ინტერნეშნელ ჰერალდ ტრიბიუნი“ აქვეყნებს სტივენ ბლანკის, ვაშინგტონელი ანალიტიკოსის, სტატიას რუსეთის დამოკიდებულებაზე მეზობლების მიმართ. სტატიაში განხილულია სხვადასხვა ფორმები ზეწოლისა, რომელსაც მოსკოვი მიმართავს მეზობლების - ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების - მიმართ და აღნიშნულია, რომ კრემლი არ იწონებს ღიად თავისი მეზობლების დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ავტორს მოჰყავს ვლადიმირ პუტინის ეკონომიკური მრჩევლის, სერგეი გლაზიევის სიტყვები უკრაინის მისამართით, რომ კიევის იდეა, აირჩიოს ევროპული კურსი, საკუთარი თავის ავადმყოფური მოტყუებაა. გამოცემა წერს, მხოლოდ ევროკავშირმა გამოთქვა რუსეთის მიმართ უკმაყოფილება უკრაინისადმი მისი დამოკიდებულების გამო, აშშ კი კვლავაც დუმსო. სტივენ ბლანკი განაგრძობს, ვაშინგტონისა და ევროკავშირის უუნარობა, დაესახათ მკაფიო პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპის, უკრაინის, კავკასიისა და შუა აზიის მიმართ, მოსკოვმა ისე გაიგო, რომ ეს იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის გავლენის მის სფეროდ მდუმარე აღიარება და ნებართვა, რომ შეუძლია კვლავ დაამყაროს ჰეგემონია ამ რეგიონშიო. წერილის ბოლოს ავტორი წერს, შეიძლება პუტინს, მართლაც, მე-20 საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ ტრაგედიად მიაჩნდეს საბჭოთა კავშირის დაშლა, მაგრამ ის არ უნდა წაახალისოს დასავლეთმა თავისი უუნარობით, ჩამოაყალიბოს მკაფიო ევრაზიული პოლიტიკა და არ უნდა აფიქრებინოს პუტინს, რომ შეუძლია აღადგინოს საბჭოთა კავშირი. ეს, მართლაც, კატასტროფა იქნებოდაო, ასრულებს წერილს სტივენ ბლანკი.

„ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა“ დაბეჭდა სტატია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში დაბრუნდნენ სირიიდან, როცა იქ ამბოხება და სამოქალაქო ომი დაიწყო, და რომლებიც თავს ეთნიკურ აფხაზებად მიიჩნევენ. წერილის თანახმად, მათი რიცხვი 500-ია. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს ვიაჩესლავ ჩიკირბას უთქვამს, სირიაში მცხოვრები აფხაზები აფხაზი ერის განუყოფელი ნაწილია და ჩვენი ძმების პრობლემების უგულებელყოფა არ შეგვიძლიაო. სირიელ აფხაზთა მოგზაურობის ხარჯები სამთავრობო რეპატრიაციის ფონდმა იკისრა. მათთვის სახლები შენდებოდა დრანდაში. წერილის ავტორები მკითხველს ამცნობენ, რომ ამ ადამიანების წინაპრები ოსმალეთის იმპერიაში მე-19 საუკუნის 60-იან წლებში გადასახლდნენ, საქართველოსგან ცალმხრივად გამოყოფის შემდეგ და რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აპირებდა ისინი - „მუჯაჰიდები“ - ისტორიულ სამშობლოში მიეწვია. სტატიაში იქვე წერია, რომ ყველა პირი დედამიწის ნებისმიერ კუთხეში, თუ ის ეთნიკური აფხაზია, ავტომატურად იღებს მოქალაქეობას.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG