Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოზე. 15 ივნისი, 2013


გასულ კვირაში უცხოეთში გამოქვეყნდა ორი წერილი, რომლებიც შეეხებოდა ეგვიპტელი ქრისტიანების, კოპტების, საქართველოში ემიგრაციის თემას, მის მიზეზებს და განწყობილებას როგორც ემიგრანტების, ისე მასპინძლისა. „აჰრამონლაინი“ ჰქვია საინტერნეტო გამოცემას, რომელმაც გამოაქვეყნა პირველი სტატია, სათაურით “ეგვიპტური ემიგრაცია საქართველოში, აღთქმული ქვეყანა თუ შეშლილების სამოთხე“. წერილის დასაწყისში მოყვანილია ახალგაზრდა დიზაინერის ალფრედ გამალის სიტყვები, რომ სურს იოცნებოს და ვერ ახერხებს ამას ეგვიპტეში. ამ ოცნებისთვის ცდილობს ის გაემგზავროს საქართველოში, სადაც მცირე მეწარმეობას აპირებს. კაიროში საქართველოს საელჩოსთან შეკრებილი სხვა კოპტებიც ამ ქვეყანაში არაბული გაზაფხულის შემდგომ ისლამურ აგრესიას გაურბიან. სხვადასხვა წყარო სხვადასხვა რაოდენობაზე ლაპარაკობს. „აჰრამონლაინის“ წერილის ავტორი იმოწმებს მენას სააგენტოს, რომლის თანახმად, 90 ათასმა კოპტმა ქრისტიანმა მიაშურა საქართველოს რელიგიური დაპირისპირებისთვის თავის ასარიდებლად. ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ რიცხვს არ ადასტურებს. კაიროში საქართველოს საელჩო იტყობინება, რომ 2011 წლის შემდეგ, წლევანდელ მარტამდე, ექვსი ათასამდე კოპტი გაემგზავრა საქართველოში. მათგან ხანმოკლე ცხოვრების უფლება რამდენიმე ასეულმა მოიპოვა, 12-მა კი - მუდმივი ცხოვრებისა. წერილში წაიკითხავთ, რომ საქართველოს საელჩო ეპატიჟებოდა ქრისტიანებს საქართველოში, რომლის ხელისუფლება ტურიზმის ხელშეწყობას და ინვესტიციებს მოელოდა. ამის ფონზე ბევრი ეგვიპტელი ქრისტიანისთვის ეს ქვეყანა, უბრალოდ, ევროპისკენ ჭიშკრის როლს შეიძლება ასრულებდეს. როგორც ამ წერილის ავტორს უთხრა ერთმა 60 წლის ეგვიპტელმა, საქართველო იმ იშვიათ ქვეყანათაგანია, რომლებიც ეგვიპტელებს იქ ცხოვრების ნებართვას აძლევს და ამისთვის რთულ პირობებს არ აყენებს, განსხვავებით აშშ-ისგან. ეგვიპტელთა მხოლოდ მცირე ნაწილს თუ შეუძლია დასავლეთში წასვლა, ჩვენნაირები საქართველოში მიდიანო, ამბობს გამალი. ოდნავ განსხვავებულად მსჯელობს აჰმედ მოჰამადი, 40-ს გადაცილებული კაცი, რომელიც საქართველოში წასვლას აპირებს მარტივი რწმენის საფუძველზე - პირველი ივლისისთვის ეს ქვეყანა ევროკავშირში შედისო, ამბობს ის. ამ სტატიაში ლაპარაკია ასევე ტურისტული ფირმების მცდელობაზე შეცდომაში შეიყვანონ მომხმარებლები, რომლებიც ყველაფერს ყიდიან, შემდეგ კი საქართველოში არსებობა უჭირთ. თუმცა ზოგიერთი ახერხებს მიწის ნაკვეთის ყიდვას სახლის ასაშენებლად ან სასოფლო-სამეურნეო მიზნით. სტატიის ავტორის ერთი თანამოსაუბრე რჩევას აძლევს თანამემამულეებს, ჩავიდნენ საქართველოში თავიდან ერთი კვირით, შეისწავლონ ქვეყანა და შემდეგ გადაწყვიტონ იქ დიდი ხნით გადასახლება. მიუხედავად იმისა, რომ არწმუნებენ, საქართველოში ცხოვრება მშვენიერიაო, კოპტ აქტივისტს სულეიმან შაფიქს სჯერა, რომ ეგვიპტეში ცხოვრება სჯობს. მისი თქმით, ეგვიპტე ცხოვრების უკეთეს სტანდარტს სთავაზობს ადამიანს. ყოფილი საბჭოთა კავშირი და 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდგომი საქართველო კვლავაც განვითარებად ქვეყნად რჩება, თვლის შაფიქი. თუმცა ყველა მასავით არ ფიქრობს და ბევრი ეგვიპტელი კვლავ აპირებს ბედი საქართველოში ეძიოს, წერია „აჰრამონლაინის“ ამ წერილში, რომლის, ასე ვთქვათ, თემას აგრძელებს „იურეიჟავიუ“ და უკვე თბილისში ჩასულ კოპტებზე გვიამბობს. ეგვიპტეში ზეწოლის გამო, ეს ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავს ორთოდოქს ქრისტიანებად მიიჩნევენ, იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სამშობლო და წასულიყვნენ ასევე ორთოდოქსული მემკვიდრეობის ქვეყანაში, რომელსაც კაიროდან ორსაათნახევრიანი ფრენა აშორებს, წერს წერილის ავტორი. მისი მონაცემებით, რომელიც იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამსახურს ეყრდნობა, ახლა საქართველოში 2500 კოპტია. ისინი კათოლიკურ ეკლესიას არიან შეკედლებული და იქ ეწევიან ღვთისმსახურებას. თბილისში ჩასულ ერთ კოპტს, ალექსანდრიელ სამირს, ტელევიზიით უნახავს საქართველოს შესახებ რეკლამა და ამიტომ გადაუწყვეტია იქ წასვლა. სტატიაში ლაპარაკია სირთულეებზე, რომლებსაც წააწყდნენ ეგვიპტელები საქართველოში. აი, მაგალითად, კოპტები თუმცა თავიანთ თავს ორთოდოქსებად მიიჩნევენ, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელი, იგივე ორთოდოქსული, ეკლესია ასე არ ფიქრობს. სტატიაში მოყვანილია თეოლოგ იაკობ ჩიჩილიძის შეფასება: სასულიერო თვალსაზრისით კოპტები და მართლმადიდებლები ერთმანეთისგან იმდენად განსხვავდებიან, რომ ჩვენს ეკლესიებში ლოცვა არ შეუძლიათო. ჩიჩილიძე იქვე დასძენს, თუმცა კოპტების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვსო. კოპტებს, შეიტყობთ სტატიიდან, არა აქვთ საქართველოს ეკლესიის ლოცვა-კურთხევა საკუთარი ეკლესიის აშენების თაობაზე. ამ სტატიაში მოყვანილია თბილისში მცხოვრები კოპტების ნალაპარაკევი იმის შესახებ, თუ როგორ გძნობენ თავს ისინი იქ. ერთი მათგანი, სოლოლაკში პატარა მაღაზიის მფლობელი, ამბობს, რომ სხვა ქვეყანაში წასვლა სურს - აქ ბიზნესი არ მუშაობს, ხალხი ღარიბიაო, უთქვამს მას „იურეიჟავიუს“სტატიის ავტორისთვის.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG