Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ენგურის ხიდის შეკეთების თხოვნით მიმართეს


ზუგდიდი
ზუგდიდი

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციიდან“ თენგიზ ხარჩილავა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის აპარატს მიმართავს თხოვნით, დაიწყოს მუშაობა ენგურის ხიდის რეკონსტრუქციის საკითხზე. დეპუტატის განცხადებით, მას გალში წინაპრების სახლ-კარი აქვს და ხშირად უწევს ადმინისტრაციული საზღვრით სარგებლობა. გამომდინარე აქედან, ხარჩილავა ამბობს, რომ კარგად იცის რა მძიმე პირობებში გადაადგილდებიან მგზავრები:

„ვთქვათ და, მე სურვილი მაქვს, რომ იქ ფეხით გავიარო, მაგრამ თუ წვიმიანი ამინდია... ამ ხიდს აქვს ორმოცი მილი მარჯვენა და ორმოცი მილი მარცხენა მხარეს. ხიდის საფარია დაზიანებული, წვიმის წყალი გადადის და იქ ვერ გაივლის ადამიანი. აქ ორი ტიპის მოძრაობაა: ხალხი გადაადგილდება ე.წ. „პადვოდით“ და გადაადგილდება ფეხით. ამ ხიდზე თვის განმავლობაში გადაადგილდება 30 ათასი კაცი. ეს - მინიმუმ. აფხაზებს ვკითხე და მათ მითხრეს ეს, რომ 1000 კაცი მოძრაობს ამ ხიდზე, მინიმუმ. თუ ვინმეს ხელეწიფება ეს საქმე, არის მხარის გუბერნატორი. მას შეუძლია ეს საკითხი დააყენოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში და მოგვარდეს“.

საკრებულოს წევრის განცხადებით, ენგურის ხიდი, რომელიც 1947 წელს აშენდა, საფუძვლიანად ჯერ არ შეკეთებულა. მისი თქმით, თუ ამ პრობლემის მოგვარება არ დაიწყო, დროთა განმავლობაში მოქალაქეთა გადაადგილება შეფერხდება. ამასთან, დეპუტატმა საკრებულოს თავმჯდომარესაც მიმართა თხოვნით, გუბერნატორს მანაც სთხოვოს, რომ საკითხის განხილვა დაჩქარდეს. საპასუხოდ მერაბ ქვარაიამ განმარტა:

„ეს, ალბათ, სხვა მასშტაბის და სხვა დონეზე გადასაწყვეტი თემაა. მე ამ თემაზე ვისაუბრებ ყველა დონეზე, მათ შორის, მხარის გუბერნატორთანაც. ალბათ, კარგი იქნება საერთაშორისო მისიების ჩართვა და დახმარება იმ საკითხში, რომ მოხდეს ამ ხიდის... აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ საკითხი არის აუცილებელი და აბსოლუტურად მიზანშეწონილი, მართებული მისი დაყენება, თუმცა გადაწყვეტა ძალიან დელიკატური საკითხია და მოგვიწევს მუშაობა“.

დეპუტატის მოთხოვნის საპასუხოდ, განმარტებას აკეთებენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში. ლევან შონიას პრესსამსახურის უფროსმა პაატა ლაგვილავამ რადიო თავისუფლებას განუცხადა:

„ენგურის ხიდის პრობლემების შესახებ გუბერნატორი ინფორმირებულია. საქმის კურსშია ჩაყენებული ასევე ცენტრალური მთავრობა. განხილვა მიმდინარეობს და დაწყებულია მუშაობა. აქვე მოგახსენებთ, რომ საკითხი არის მეტად სპეციფიკური და არ არის ჩვეულებრივი ინფრასტრუქტურული პროექტი, თუმცა გიდასტურებთ, რომ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა მიმდინარეობს“.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროცესში ჩართული არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, რათა ოკუპირებული აფხაზეთისა და სამეგრელოს დამაკავშირებელი მთავარი ხიდის შეკეთება მოხდეს შეთანხმებულად.

XS
SM
MD
LG