Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IMF: ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაცვა არსებითია მხარდამჭერი პროგრამის პროგრესის გაგრძელებისთვის


სავალუტო ფონდი ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაცვის საჭიროებას უსვამს ხაზს
სავალუტო ფონდი ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაცვის საჭიროებას უსვამს ხაზს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF-ი) აცხადებს, რომ საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის „პროგრესის გაგრძელებისთვის კვლავ არსებითია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ის) დამოუკიდებლობისა და სანდოობის დაცვა“.

წინა კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF-მა) საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის მეორე ტრანშის დირექტორთა საბჭოზე წარდგენა და, შესაბამისად, დამტკიცება „გადადო“.

მხარდამჭერ პროგრამაზე (Stand-by Arrangement) საქართველოს ხელისუფლება და სავალუტო ფონდი 2022 წლის აპრილში შეთანხმდნენ. სამწლიანი პროგრამა 289 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა - სესხის სახით. ტრანშის პირველი ნაწილი, 40 მილიონი უკვე ათვისებულია.

2023 წლის მაისში გაიმართა მოლაპარაკებები მეორე ტრანშის გამოყოფის შესახებ. ამ მოლაპარაკებებისას საქართველოს ხელისუფლება და სავალუტო ფონდის მისია მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის დასრულებაზე შეთანხმდნენ, - ტექნიკურ დონეზე.

საბოლოო გადაწყვეტილება IMF-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს უნდა მიეღო ივნისში. თუმცა, როგორც ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა, „სავალუტო ფონდის ბორდზე პროგრამის მიმოხილვის წარდგენა გადაიდო“.

მსოფლიოს წამყვანი სარეიტინგო სააგენტოს, Fitch-ის ინფორმაციით, სავალუტო ფონდის მიერ „შეფასების გადადების“ მიზეზი „ნაწილობრივ არის საქართველოს ეროვნული ბანკის სტრუქტურაში განხორციელებულ ცვლილებებზე უთანხმოება“.

სებ-ის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის უფლებამოსილების გასვლის ფონზე, საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის კანონში ცვლილებები შეიტანა - და ამ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოც დაძლია, - რის შემდეგაც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ნათია თურნავა გახდა.

სავალუტო ფონდი მთავრობასთან შეხვედრების შემდეგ, 21 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ „სსფ-ს მისია სწავლობს სებ-ის კანონის ბოლოდროინდელი ცვლილების გავლენას ქვეყანაში მიმდინარე იმ ეკონომიკური პროგრამის მიზნების მიღწევაზე, რომელსაც სსფ უჭერს მხარს (SBA)“.

„სსფ-ს მისიამ განიხილა ვითარება ხელისუფლებასთან და მიესალმება ხელისუფლების პირობას, შეინარჩუნოს სებ-ის დამოუკიდებლობა და სანდოობა, და განზრახვას, განაგრძოს თანამშრომლობა სსფ-სთან SBA პროგრამის ფარგლებში“, - აცხადებს სავალუტო ფონდი.

„საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისა და სანდოობის დაცვა კვლავ არსებითია სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი პროგრამის პროგრესის გაგრძელებისთვის“, - წერია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG