Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში გადაიღებენ ფილმს აბრეშუმის ძაფსახვევი საწარმოს დამაარსებელ გრაფზე


ბერტა ფონ ზუტნერის შესახებ ფილმის გადაღების პროცესი
ბერტა ფონ ზუტნერის შესახებ ფილმის გადაღების პროცესი

გრაფ ჟანტი დე როზმორდუკზე, ფრანგზე, რომელმაც სამეგრელოს მთავრის, დავით დადიანის მხარდაჭერით, ზუგდიდში 1848 წელს აბრეშუმის ძაფსახვევი საწარმო დააარსა, დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ. გადამღები ჯგუფის შესარჩევად ტენდერი ზუგდიდის მერიამ უკვე გამოაცხადა. გაწერილი პირობების თანახმად, ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს და ის ქართულ ენაზე, ინგლისური სუბტიტრებით უნდა გავიდეს. დოკუმენტურ ფილმში ფრანგი გრაფის ბიოგრაფიული მონაცემები და მისი სამეგრელოში მოღვაწეობის პერიოდი აისახება.

დოკუმენტური ფილმის გადაღების ინიციატორის, მერიის ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განყოფილების უფროსის, ბესიკ არახამიას ცნობით, შარშან, მერიის დაკვეთით, მასალა ბერტა ფონ ზუტნერზე მომზადდა და სწორედ მაშინ დაანონსდა ფილმების ციკლის შექმნა სახელწოდებით – „ქართველებთან და საქართველოში“. მისი სიტყვებით, ეს იქნება ფილმები ზუგდიდში მოღვაწე ევროპელების წარმოჩენა-პოპულარიზაციისთვის, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ტერიტორიული ერთეულის განვითარებაში.

„მართალია, დავით დადიანის ხელშეწყობით მოხდა აბრეშუმის საწარმოს დაარსება, მაგრამ სწორედ 1848 წელს გრაფმა როზმორდუკმა ორთქლის მანქანა შეიძინა მასთან ერთად და საფრანგეთიდან ჩამოიტანა სპეციალური დანადგარები. ჩვენთვის ეს თემა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ზუგდიდში წარმოებული აბრეშუმი გაიყიდა ლიონში“, – გვითხრა ბესიკ არახამიამ.

როგორც ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განყოფილების უფროსმა გვითხრა, 1852 წელს ერთ-ერთ გამოფენაზე ზუგდიდში წარმოებულმა აბრეშუმმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. მისივე თქმით, გრაფ როზმორდუკის სახელს უკავშირდება უცხოეთში შეძენილი აბრეშუმის ჭიის სამეგრელოში გამრავლებაც და ასევე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მეაბრეშუმეობის განვითარების პროცესში ეკატერინე ჭავჭავაძის წვლილიც:

„მეგრელ ქალბატონებს, თავდაპირველად, სირცხვილადაც კი მიაჩნდათ ამ საწარმოში მუშაობა და დასაქმება. თავდაპირველად, აქ მხოლოდ ორი ფრანგი ქალბატონი მუშაობდა. სწორედ ეკატერინე ჭავჭავაძემ აიძულა მეგრელი ქალბატონები ემუშავათ აქ. მან უჩვენა, რომ ქალებისთვის მუშაობა არ არის სირცხვილი. ეკატერინე ჭავჭავაძეს ძალიან მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის სწორედ ამაში“, – განაცხადა ბესიკ არახამიამ.

საწარმომ 1863 წლამდე იფუნქციონირა. შემდეგ თურქებმა გადაწვეს და აღდგენა ცოტა მოგვიანებით მოხერხდა. კერძოდ, გრაფმა როზმორდუკმა, რომელიც თბილისში საფრანგეთის კონსულის შვილი იყო, თურქეთს უჩივლა და აიძულა მეზობელი სახელმწიფო, მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად გარკვეული თანხა გადაეხადა. დოკუმენტური ფილმის გადაღება წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

XS
SM
MD
LG