Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეცნიერული აზროვნებისა და განათლების პრობლემა საქართველოში


ამას წინათ, „მსოფლიო ღირებულებების კვლევის“ მონაცემების თვალიერებისას, ჩემი ყურადღება მიიპყრო გამოკითხვის ერთმა კომპონენტმა: ჩვენი ერის დამოკიდებულებამ მეცნიერების მიმართ. გამოკვლევაში არის ერთი კითხვა: მიგაჩნიათ თუ არა, რომ, როდესაც რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს ეწინააღმდეგება, რელიგია ყოველთვის მართალია? ამ კითხვაზე თანამედროვე საქართველოს მოსახლეობის 58% დადებითად უპასუხებს (კვლევა 2010-2014 წლების პერიოდშია ჩატარებული). ჩვენზე მაღალი მონაცემები აქვთ გამოკითხულ ისლამურ ქვეყნებს და აფრიკის სახელმწიფოებს, მაგრამ საქართველო, ფაქტობრივად, ერთადერთია კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის, სადაც მეცნიერებას ასე დამაჯერებლად სჯაბნის რელიგია. შედარებისთვის, სომხებისა და აზერბაიჯანელების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 33 პროცენტია, ხოლო უკრაინელების, რუსებისა და ბელორუსების, შესაბამისად, 26, 22 და 18%. რატომ ვიღებთ ასეთ შედეგს საქართველოში? ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებსა და ჩვენ წესით, თითქოს, მსგავსი მონაცემები უნდა გვქონდეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო ერთი საუკუნის მანძილზე მსგავსი ისტორია გვაქვს.

აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ მორწმუნეობასთან მეცნიერების მიმართ დამოკიდებულებას კავშირი არ აქვს. ღმერთი შეიძლება გწამდეს ისე, რომ, მაგალითად, არ გჯეროდეს იმისა, რომ სამყარო სასწაულებით იხსნება და არა მეცნიერული ფაქტებით. მაინც, რატომ ვიღებთ საქართველოში ასეთ შედეგს? ამ კითხვაზე კომპეტენტური პასუხი, ალბათ, თეოლოგებს ეცოდინებათ. კათოლიკეებისა და პროტესტანტების დიდმა ნაწილმა გადალახა ის ეტაპი, როდესაც ისინი მეცნიერებას რელიგიური დოგმებით ეწინააღმდეგებოდნენ (თუმცა, პროტესტანტების შემთხვევაში საქმე შედარებით რთულად არის). მაგალითად, ვატიკანმა დიდი ხანია, აღიარა, რომ ევოლუციის თეორია არ ეწინააღმდეგება ღმერთის სწავლებას (შესაბამისად, მართალია), ისევე, როგორც ე.წ. „დიდი აფეთქების თეორია“, რომელსაც სტივენ ჰოკინგი და სხვა გამოჩენილი ასტროფიზიკოსები უჭერენ მხარს და რომელიც დღემდე სამყაროს შექმნის შესახებ ყველაზე დასაბუთებულ მეცნიერულ თეორიად არის მიჩნეული. საქართველოში ამ საკითხებს სერიოზულადაც კი არ განიხილავენ და, შესაბამისად, მათზე ინფორმაცია ცოტა ვინმეს თუ აქვს.

ამას გარდა, აქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რას ფიქრობენ სასულიერო ლიდერები (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურებს ხშირად გაცილებით უფრო ლიბერალური პოზიციები აქვთ მეცნიერულ საკითხებზე, ვიდრე მრევლისა თუ ცალკეული სასულიერო პირების ნაწილს!), არამედ ისიც, თუ რამდენად ძლიერია მეცნიერული საზოგადოება მოცემულ ქვეყანაში. რუსეთს, უკრაინასა და ბელორუსიას მეცნიერების უფრო მდიდარი და თვითმყოფადი ისტორია აქვთ, ვიდრე საქართველოს. როგორც ჩანს, იქ მეცნიერების პრესტიჟიც უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში. ამ ქვეყნებში საქართველოზე მაღალია მეცნიერული განათლების დონეც. ასე რომ არ იყოს, ძნელი იქნებოდა იმის ახსნა, რატომ ვიღებთ ასეთ განსხვავებულ მონაცემებს.

საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენა იმდენად დიდია, რომ თუ მოისურვა, მას შეუძლია, ხელის ერთი დაქნევით გადაწყვიტოს, რა უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, როგორი უნდა იყოს უმაღლესი განათლების დაწესებულებები, რა დამოკიდებულება უნდა არსებობდეს მეცნიერების მიმართ და ა.შ. საპირისპირო მხარე, ანუ მეცნიერები, ასეთი გავლენითა და პრესტიჟით ვერ დაიკვეხნის. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეცნიერებს არ შეუქმნიათ არაფერი ისეთი, რაც ქვეყანასა და საზოგადოებას რადიკალურად შეცვლიდა. ეკლესიას, სულ ცოტა, ის მაინც შეუძლია, რომ ადამიანს სულიერი სიმშვიდე და იმქვეყნიურ სასუფეველში დამკვიდრების იმედი მისცეს. შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში განუზომლად დიდია, ხოლო მეცნიერების სიკეთეთა ხელშესახები მაგალითები საქართველოში მრავლად არ მოგვეპოვება.

მეორე მხრივ, თუ საკითხს ასე მივუდგებით, მეცნიერება საქართველოში კიდევ დიდხანს ვერ განვითარდება, და საამისოდ ობიექტური მიზეზები არსებობს: უცხოეთში მეცნიერებისთვის უკეთესი მატერიალური პირობები, უკეთესი ინფრასტრუქტურა, საქართველოს განათლების სისტემის ჩამორჩენილობა და ა.შ. ამ ფონზე, თუ სახელმწიფომ შეწყვიტა მოსახლეობის მეცნიერულ განათლებაზე ზრუნვა, მივიღებთ საზოგადოებას, რომელიც იოლად დაიჯერებს, რომ სამყაროში მიმდინარე მოვლენები ირაციონალურად აიხსნება. ასეთი ადამიანები ადვილად შეიძლება დააჯერო, რომ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებზე „მხეცის ნიშანია“ (მიუხედავად იმისა, რომ ამ ბარათებზე ანტიქრისტეს ბეჭდის არსებობა რამდენიმეჯერ უარყო თავად საპატრიარქომ, მართლმადიდებელი მრევლის ნაწილი მაინც მოითხოვდა ამ მიზეზით მათ არმიღებას); რომ ხატს ლიტრობით მირონი სდის; რომ წინასწარმეტყველი ლელა კაკულია მართლა ხედავს, რა მოხდება მომავალში და უამრავი სხვა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, უმრავლეს შემთხვევაში, თავად მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერები უარყოფენ მთელ რიგ სასწაულებს, მაშინ როდესაც ცალკეული სასულიერო პირები და მრევლის გარკვეული ნაწილი მაინც აღიარებს მათ.

მეცნიერული განათლების გაძლიერება შეიძლება მოხდეს მხოლოდ სახელმწიფოს, საგანმანათლებლო სისტემისა და საზოგადოებრივი მედიის, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის, ანუ ჩვეულებრივი მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევით. საქართველოში ერთი მეტნაკლებად პოპულარული და ავტორიტეტიანი მედიაგამოცემაც კი არ არსებობს, რომელიც ტექნოლოგიურ სიახლეებსა და მეცნიერულ მიღწევებზე მოგვითხრობდა. რიგ შემთხვევებში ექსპერიმენტულად დასაბუთებული მედიცინა უფრო ნაკლებად პოპულარულია, ვიდრე დაუსაბუთებელი და ა.შ.

ფსევდომეცნიერების პოპულარობა, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი. დასავლეთის მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც კი ხშირია შემთხვევები, როცა ვრცელდება მეცნიერულად სრულიად დაუსაბუთებელი ჩვევები (განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე კვების რაციონს ეხება), მაგრამ, ჩვენგან განსხვავებით, იქ ამაზე ბევრს მსჯელობენ საჯარო სივრცეში. ჩვენში მეცნიერება და მეცნიერები საზოგადოებრივ დისკურსს მოკვეთილი არიან. პოპულარულ ტელეგადაცემებში მეცნიერებს არავინ ეკითხება აზრს და საზოგადოებაც ფოლკლორული ცოდნის ამარაა დარჩენილი. ობსკურანტიზმი კი, ანუ მეცნიერებისა და განათლების უარყოფა, აუცილებლად აისახება პოლიტიკაზე, ეკონომიკური და სოციალური განვითარების დონეზე. ამიტომ სრულიად აუცილებელია, რაც შეიძლება მალე დავიწყოთ ფიქრი მეცნიერული განათლების წახალისებაზე.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG