ლარის კურსის ვარდნა და ხელისუფლებაში მომხდარი გადაადგილებები გვაფიქრებინებს, რომ „ქართული ოცნება“ კრიზისშია. ჟურნალი „ეკონომისტი“ წერს მთავრობის რეიტინგის ვარდნაზე და ლეგიტიმაციის კრიზისის საფრთხეზეც კი. უკვე ყველა აღიარებს, რომ ხალხს მილიარდერი ოლიგარქის - ბიძინა ივანიშვილის ყოვლისშემძლეობის უპირობო რწმენა აღარ აქვს. ივანიშვილმა, როგორც პოლიტიკურმა ფიგურამ, თავისი თავი ამოწურა. დღეს უკვე მის მიერ გადადგმული ვეღარანაირი ნაბიჯი ვეღარ დაგვარწმუნებს იმაში, რომ მას არსებული მდგომარეობის რადიკალურად გამოსწორება შეუძლია.
ამავე დროს, ივანიშვილის ყოვლისშემძლეობის რწმენის გარდა, არის კიდევ ერთი საფუძველი, რომელსაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ძალა ემყარება. ეს არის ოპოზიციური პარტიების არაპოპულარობა. ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი დრამატულად არ იზრდება. ჯერჯერობით ძნელია იმაზე ლაპარაკი, როგორი რეიტინგი აქვთ ირაკლი ალასანიას და მის პარტიას, მაგრამ დრამატულ შემოტრიალებასთან რომ არ გვაქვს საქმე, ამის შემჩნევა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება.
„ქართული ოცნება“ დღესდღეობით სწორედ იმის წყალობით არის ხელისუფლებაში, რომ მისი შემცვლელი პოლიტიკური ძალა არ არსებობს. ღარიბაშვილის და მისი პოლიტიკური გუნდის ლეგიტიმაცია სწორედ რეალური შემცვლელის არარსებობას ემყარება და არა ბიძინა ივანიშვილის ყოვლისშემძლეობის რწმენას.
მიზეზი, რატომაც ოპოზიციური პარტიების რეიტინგს არაფერი ემატება, ცხადია, ის არის, რომ ჯერ კიდევ არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ დაგროვილი აგრესია. ამ აგრესიას, ძირითადად, ორი მიზეზი აქვს: პირველი, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სტილის მიმართ არსებული პრეტენზიები და, მეორე, ამ პარტიის იდეოლოგია. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის სტილი აგრესიული და ავტორიტარული იყო, მაშინ როდესაც „ქართული ოცნება“ უფრო მეტად ლიბერალური ძალის როლს თამაშობს (მაგალითად, ახალმა მთავრობამ მოახერხა გაფიცულ რკინიგზელებთან შეთანხმება, მათი მოთხოვნების ნაწილობრივ დაკმაყოფილებით მაინც, რაც წინა მთავრობის პირობებში წარმოუდგენელი იქნებოდა).
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიას, ის, როგორც ერთ-ერთ წინა სტატიაში უკვე აღვნიშნე, არ მოსწონთ არა იმიტომ, რომ „პროდასავლურია“, არამედ იმიტომ, რომ ეს პროდასავლურობა ძირითადად გამოიხატება მოსახლეობის ფართო ფენების ინტერესების გაუთვალისწინებლობაში. „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი წევრები ძალიან ზედაპირულად ხედავენ იმ უკმაყოფილების მიზეზებს, რაც ხალხში მათ მიმართ არსებობს. მათი აზრით, ამ უკმაყოფილების მიზეზი ის არის, რომ „ხალხი ბნელია“ და ვერ აფასებს ქვეყნის მოდერნიზაციის პროექტის მნიშვნელობას. არადა, დღეს საქართველოს მოსახლეობას სჭირდება, რომ დაანახვონ, რომ ეს „მოდერნიზაცია“ რამე აბსტრაქტული იდეა კი არ არის, არამედ პირველ რიგში თითოეული მოქალაქის სოციალური ინტერესების დაკმაყოფილებას ემსახურება. სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკაში ამის დანახვა დღესაც კი ძნელია.
ირაკლი ალასანიას და მისი „თავისუფალი დემოკრატების“ მიმართაც იგივე პრეტენზია შეიძლება გვქონდეს. ძალიან ძნელია დაიჯერო, რომ მათთვის სოციალური საკითხები ყველაზე მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც აცხადებენ, რომ „ქართული ოცნებისგან“ მათი გამოყოფის მთავარი მიზეზი პოლიტიკური კურსის არარსებული ცვლილებაა. არანაირი გამორჩეული იდეოლოგიური პლატფორმა „თავისუფალ დემოკრატებს“, ფაქტობრივად, არ აქვთ და არც არაფრით განსხვავდებიან სხვა პარტიებისგან (არადა, მოლოდინი იმისა, რომ ეს პარტია რაიმე სახის გარდატეხას შეიტანდა ქართულ პოლიტიკაში, ნამდვილად იყო).
ოპოზიციური პარტიების არაპოპულარობა არის სწორედ ის, რის ხარჯზეც დღეს „ქართული ოცნება“ არსებობს. მომავალ არჩევნებშიც კი, ისე ჩანს, ვერც ერთი ოპოზიციური პარტია ვერ დააგროვებს ხმების აბსოლუტურ უმრავლესობას (50 %-ზე მეტს). ამ ფონზე, დიდი ალბათობით, ისევ „ქართული ოცნება“ გავა პირველ ადგილზე და კოალიციურ მთავრობას შექმნის ალასანიას „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად. მაშინაც კი, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დააგროვებს ხმების ფარდობით უმრავლესობას (სხვებზე მეტ ხმას), იგი მაინც ვერ დაამტკიცებს საკუთარ პრემიერ-მინისტრს და მთავრობას, რადგან ნაკლებად მოსალოდნელია, პარლამენტში ხმების აბსოლუტური უმრავლესობა მოაგროვოს.
ასეთ პირობებში, „ქართული ოცნება“ შეძლებს, სიცოცხლე გაიხანგრძლივოს არა იმიტომ, რომ მოსახლეობის უმრავლესობას მოსწონს ირაკლი ღარიბაშვილი ან ბიძინა ივანიშვილი, არამედ იმ მიზეზით, რომ ოპოზიციურ პარტიებს კიდევ უფრო დაბალი რეიტინგი აქვთ. „ქართული ოცნებისადმი“ ხალხში დაგროვილი უდიდესი აგრესია და იმედგაცრუება ისევ ვერ ჰპოვებს პოლიტიკურ გამოძახილს და ქართული პოლიტიკა ჯერარნახულ კრიზისში ჩავარდება. ცხადია, ამ კრიზისის მიზეზი გახდება „ქართული ოცნების“ არაკომპეტენტური, კლანური და საკუთარი თავის გამდიდრებაზე - კორუფციაზე, პრემიებზე და ბიზნესის „გადანაწილებებზე“ - ორიენტირებული პოლიტიკა; ამ კრიზისის წარმოქმნაში, ამავე დროს, დიდ როლს ითამაშებს ოპოზიციური პარტიების არაპოპულარობა და უნიათობაც.