Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ის ქალი“ − უშიში და უხორცო


პაულ ვერჰოვენის „ის ქალი“ თბილისის კინოთეატრებში

პაულ ვერჰოვენის ფილმი საქართველოში თარგმნეს, როგორც „ის“. არადა, ამ სურათის მთელი აზრი სწორ სათაურშია − ფილმს „ის ქალი“ ჰქვია. სათაურის სიზუსტე მნიშვნელოვანია, რადგან ვერჰოვენის ახალი ნამუშევარი, დიდხანს რომ ელოდნენ ჰოლანდიელი რეჟისორის შემოქმედების მოყვარულები, გვიამბობს ქალზე, მე ვიტყოდი „სხვა ქალზე“, „სხვანაირ ქალზე“. სხვანაირზე არა იმიტომ, რომ უკვე ასაკოვანმა და მარტოხელა მიშელმა მოახერხა და კარიერა ააწყო − ვიდეოთამაშების დიდ კომპანიას ჩაუდგა სათავეში, დაიმორჩილა ახალგაზრდა კაცები, რომლებიც, მართალია, ბოსს ვერ იტანენ, მაინც იძულებული არიან, ფარ-ხმალი დაყარონ მის წინაშე. არა, მიშელი არ მიეკუთვნება იმ ქალებს, თავიანთი უფლებებისთვის რომ იბრძვიან. მან დიდი ხანია, მიაღწია იმას, რაზეც, ალბათ, ყველა წვრილი ბურჟუა ოცნებობს − გახდა „მსხვილი ბურჟუა“. კარგადაც გამოიყურება, როგორც საყვარელი ახსენებს, „ვიწრო ხვრელით“, დიდი, ბაღიანი ბინა აქვს პარიზში. ცხოვრობს მარტო, კატასთან ერთად, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მარტოობაც აკმაყოფილებს. მიშელის, როგორც ემანსიპირებული ქალის, სახის გამოსაძერწად ვერჰოვენი არ ერიდება მაყურებლის შენჯღრევას („დაშოკვას“) − გვიჩვენებს, მაგალითად, როგორ მასტურბირებს იგი მეზობელ მამაკაცზე, რომელიც ამ დროს წმინდანთა ქანდაკებებს ეზიდება. ფილმის კომპოზიტორი, ენ დადლი, ჰიჩკოკის „ფსიქოს“ მსუბუქ სტილიზაციას მიმართავს. ჰიჩკოკთან მამაკაცები მეზობელ ქალებს უყურებდნენ და აღიგზნებოდნენ. ვერჰოვენმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ქალს ყურებისა და თვალთვალის უფლება დაუბრუნა.

ფილმის პირველივე „შავ კადრში“ მიშელი გაუპატიურების მსხვერპლი ხდება. ნიღბიანი მოძალადის გაუჩინარების შემდეგ, სასტიკად ნაცემი, მშვიდად აკრეფს მინის ნატეხებს და მიიღებს აბაზანას. პოლიციაში არ რეკავს. როგორც გაირკვევა, პოლიცია და მედია სძულს მას შემდეგ, რაც ბავშვობაში მამამისის ძალადობის მოწმე გახდა − პროვინციელმა ფრანგმა მღვდელმა ზედიზედ დახოცა თავისი მრევლის წევრები. მეტიც, ცხოველებიც მიაყოლა. მამას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მას მერე დიდი დრო გავიდა, მაგრამ მიშელს გაუთავებლად ახსენებენ, ვისი შვილია.

„ძალაუფლება მოქმედებს მცირე ელემენტების მეშვეობით, როგორიცაა ოჯახი, სექსუალური ურთიერთობები, აგრეთვე ცხოვრების პირობები და მეზობლობა“ − მიშელ ფუკოსთან ასოციაცია აუცილებლად გაჩნდება ვერჰოვენის ფილმით. თუნდაც იმიტომ, რომ მოქმედება პარიზში ხდება. არ ვიცი, როგორი გამოვიდოდა ფილიპ ჯიანის წიგნის ის ეკრანიზაცია, რომლის გადაღებასაც ვერჰოვენი ჰოლივუდში აპირებდა, მაგრამ მაინც მადლობა უნდა ვუთხრათ ნიკოლ კიდმანს, უარი რომ განაცხადა როლზე, და ამერიკელ პროდიუსერებს, ვერჰოვენის დაფინანსება რომ ვერ გაბედეს. „ის ქალი“ ხომ პირველ რიგში დღევანდელი ევროპის პორტრეტია − ევროპისა, რომელმაც წარმატებით შექმნა „ინსტიტუტები“, მაგრამ სრულიად უსუსური გამოდგა ძალადობის წინაშე; ევროპისა, სადაც ქალისა და მამაკაცის უთანასწორობის პრობლემა მეტ-ნაკლებად გადაჭრილია (ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან შედარებით), მაგრამ, სადაც ათასობით ქალი, მაინც ყოველდღე ხდება ძალადობის მსხვერპლი. თუ ვერჰოვენს დავუჯერებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ერთი შეხედვით მოწესრიგებულ მთლიანობას, ამ ფარისევლობას, ამ პოლიტიკურად კორექტულ გარემოს, სადაც ორ თეთრკანიან ადამიანს „შავი ბავშვი“ უჩნდება, მაგრამ სახალხოდ გაკვირვებასაც კი ვერავინ ბედავს, აუცილებლად სჭირდება ჩირაღდანი, თუ გნებავთ, ფარანი მიმალული, შენიღბული, დათრგუნვილი და, შესაძლოა, სწორედ ძალადობის შედეგად დათრგუნვილი გრძნობების, პერვერსიების გასანათებლად. ასეთი ჩირაღდნის როლს ვერჰოვენი და იუპერი კინოს ენას ანიჭებენ და ნელ-ნელა, თანმიმდევრულად და ძალიან, ძალიან გაბედულად იხედებიან თავიანთი „შავი ფილმის“ კუთხე-კუნჭულებში. შემთხვევით არ ამბობდა რეჟისორი ჯერ კიდევ 80-იან წლებში, დროა კინო გამოვიდეს პლატონის გამოქვაბულიდან, იდეების სამყაროდან, რომელსაც ჰოლივუდის ფაბრიკა ქმნის, და რეალობას თვალი გაუსწოროსო. ოღონდ ეს რეალობა რეჟისორისთვის ერთდროულადაა ადამიანშიც და მის გარეთაც.

ცხადია, ძალადობის ანატომიის კვლევა კინოში არახალია. მომხმარებლური საზოგადოებისთვისაც არაერთხელ დაუსვამთ დიაგნოზი; „იმ ქალზე“ დაწერილ რეცენზიებში გამუდმებით იხსენებენ ხან ლუის ბუნუელს, ხან კლოდ შაბროლს, ხან მიხაელ ჰანეკეს, ხანაც ლილიანა კავანის „ღამის პორტიესა“ და ბრაიან დი პალმას „ვნებას“. მაგრამ „ის ქალი“ არც უკვე ბანალურად ქცეული ისტორიაა სადომაზოხიზმზე („ქალს სიამოვნებს, როცა მასზე ძალადობენ“), და არც მორიგი მიზოგინურ-ნარცისისტული პროვოკაცია ლარს ფონ ტრირის სტილში. ადამიანის ბუნების „ბნელი ნაწილი“ ნათდება. თუმცა ვერჰოვენი ამით არ კმაყოფილდება − ფსიქოლოგიური თრილერი გადაიზრდება სოციალურ დრამაში. უფრო მეტიც, დიდი რეჟისორი არ ერიდება და გვთავაზობს გენიალურ მხატვრულ სურათს აპოკალიფსისა საბოლოო სასაფლაოთი, სადაც, შეიძლება ითქვას, მხოლოდქალი გადარჩება, რადგან დაძლევს მთავარს − შიშს. იმ შიშს, რომლის გამოც ადამიანი „ოჯახს, სექსუალურ ურთიერთობებს, ცხოვრების პირობებს, მეზობლებს“ ეყრდნობა ხოლმე და ამგვარად თავად ექცევა ძალადობის სისტემაში. ვერჰოვენის ფილმს ალბათ სწორედ ამიტომ შეიძლება ვუწოდოთ „შავი ზღაპარი“ − ბედნიერი, მაგრამ ცინიკური დასასრულით.

იზაბელ იუპერი და პაულ ვერჰოვენი კანის წლევანდელ ფესტიველზე (მაისი, 2016).
იზაბელ იუპერი და პაულ ვერჰოვენი კანის წლევანდელ ფესტიველზე (მაისი, 2016).

კომპიუტერული თამაშების ფირმა, რომელსაც მიშელი და მისი მეგობარი ქალი ფლობენ, ქმნის პროდუქციას ძალადობასა და ფლობაზე. მიშელი საყვედურობს კიდეც თავის თანამშრომლებს (ყველა მამრია!), უფრო რადიკალურები რატომ არ ხართო. მიშელი უკვე იმ კულტურის ნაწილია, რომელიც მას ფილმის პირველივე კადრში აქცევს მსხვერპლად. თუმცა, იგი ბავშვობიდან მსხვერპლია, მამის ძალადობის მსხვერპლი. ჰოდა, ახლა უკვე ძალადობრივი კულტურის საშუალებით ცდილობს, შური იძიოს თავად ამ კულტურაზე.

აქ იხლართება ყველაფერი და მაყურებელი (ფარნით) ადამიანისა და სისტემის ლაბირინთში ექცევა. მაყურებელი ხვდება, რომ „ის ქალი“ არც ჰოლივუდის კლასიკური თრილერია, და არც მხოლოდ ევროპული სოციალური სატირა. იუპერი და ვერჰოვენი თავიანთი „ჩაბნელებული კინოთი“ მაყურებელს არ აძლევენ ნაადრევი დასკვნების გამოტანის საშუალებას. ვინაა მიშელი? ადამიანის ის „არქეტიპი“, რომელიც ნადირობისა და ფლობის პირუტყვული ინსტინქტით ცხოვრობს? (როგორც მისი კატა, რომელიც სიამოვნებით ცდილობს, გაუსწორდეს მსხვერპლს), თუ ძლიერი ქალი, რომელიც დიდი შურისძიებისთვის ემზადება? ან იქნებ ძალადობით „ნასიამოვნები“ მონა-ქალი? ან, სულაც, შვილის, დედის, საერთოდ, ადამიანის სიყვარულის უნარს მოკლებული ნიმფომანი?

ყველაფერი! ყველაფერი ერთად! „ის ქალი“ სწორედაც რომ თრთოლავს ირონიასა და ლირიზმს, გროტესკსა და სისასტიკეს, ვნებასა და ზიზღს შორის. და ვერჰოვენის ფილმს ეს წლის მოვლენად აქცევს მსოფლიო კინოში. როგორც კი მაყურებელი დასკვნების გამოტანას იწყებს, ყველაფერი საწინააღმდეგოდ ვითარდება. ეს ქალი-ურჩხული მოულოდნელად თბილი და უსუსური ხდება დედის სარეცელთან, საავადმყოფოში. ქალი, საბოლოოდ, მხოლოდ დედის გარდაცვალების შემდეგ იქცევა მოზრდილადო − ამბობს იუპერი ერთ ინტერვიუში. მიშელის შემთხვევაშიც ასე მოხდა: ინფანტილური, მშიშარა, ისტერიული მამაკაცების გარემოცვაში, ის მარტო, სრულიად მარტო იწყებს მოძალადესთან ბრძოლას. ზოგჯერ ცდუნებას ვერ უძლებს, ვერც ცნობისმოყვარეობას უმკლავდება, მაგრამ მიზანთან ახლოსაა ერთი უბრალო მიზეზით − მიშელს არ ეშინია. არც მარტოობის, არც მემკვიდრეობითი პერვერსიის, არც ინსტიტუტების და, რაც მთავარია, არც მეზობლების.

მთელი ფილმის მსვლელობისას ვერჰოვენის კამერა ცივად და გულგრილად აკვირდებოდა მოვლენებს. იმდენად გულგრილად, რომ ზოგიერთ მაყურებელს, განსაკუთრებით ქალებს, პროტესტიც კი გაუჩნდა ძალადობის სცენების ასეთი სტილით გადაღების გამო. მეტიც, მორალიზმისა და პათეტიკის თავიდან ასაცილებლად, ვერჰოვენი დროდადრო რთავს თავის განუმეორებელ იუმორს, როგორც წესი, ასევე ძალიან შავს, აგებულს შეუთავსებლობათა შეჯახებაზე. მისი იუმორი არ იწვევს ხარხარს, ეს უფრო ჩაცინებაა, რადგან კომიკურის მისაღწევად ვერჰოვენი არაფერს იგონებს − აჩვენებს იმას, რაც არის, აჩვენებს იმას, რასაც, როგორც წესი, არ აჩვენებს პოლიტკორექტულობისა და სტერეოტიპების ჭაობში ასევე ჩაფლული ევროპის თანამედროვე საავტორო კინო.

მაგრამ სადღაც ფინალისკენ ჩვენს დაკვირვებასა და კვლევას აღსასრული ემუქრება. მიშელისადმი ჩვენი გულგრილობა არ შეიძლება, უსასრულოდ გაგრძელდეს. ის არ გვთხოვს დახმარებას, მაგრამ ვერჰოვენის კამერა მაინც მშველელის როლში აღმოჩნდება. მოძალადის განადგურების ეპიზოდი „სხვანაირად“ რომაა გადაღებული, კინოს ნიუანსებში ჩაუხედავი მაყურებელიც იოლად მიხვდება. დაკვირვებული თვალი კი დაინახავს, რომ ამ ეპიზოდში საქმეში ერთვება სუბიექტური კამერა. თუკი პირველ სცენაში მიშელის კატა გულგრილად უყურებდა თავისი ქალბატონის გაუპატიურებას, რის გამოც მოგვიანებით იუპერის გმირის შენიშვნაც დაიმსახურა („შეგეძლო, მისთვის თვალები მაინც ამოგეკაწრა“), ფინალური ძალადობისგან მიშელს, არც მეტი, არც ნაკლები, კამერა იხსნის! მართალია, მოგვიანებით გაირკვევა, ვინ დგას ამ კამერის უკან, უფრო სწორად, ვინ განასახიერებს სუბიექტურ კამერას (და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ფილმის გაგებისთვის). მთავარი ისაა, რომ ვერჰოვენმა მაყურებელი მაინც „ააყენა სავარძლიდან“ და სოლიდარობის გრძნობა გაუღვიძა უშიში და უხორცო მიშელის მიმართ.

ძალაუფლება ძალადობს ქალის სხეულზე. როგორც უნდა დალაგდეს სისტემა და როგორც უნდა სცადოს, თავი ადამიანურად მოგვაჩვენოს, ქალის სხეულის „დაპატრონებას“ ფესვები ცივილიზაციის ქვესკნელში აქვს გადგმული. იქ ჩასასვლელად გამბედაობაა საჭირო. მხოლოდ იზაბელ იუპერი (ვერც კიდმანი, ვერც კოტიარი, და ვერც ვინმე სხვა) თუ შეძლებდა ამ ქვესკნელში ჩასვლას. პაულ ვერჰოვენის კინოს დახმარებით, რა თქმა უნდა. ფინალში ორ მდედრს − ერთს, ვაჟი რომ შობა და მეორეს, მას ძუძუს რომ აწოვებდა − აღარავინ სჭირდება.

78 წლის პაულ ვერჰოვენი კი ახალ ფილმზე, „ქრისტეშობაზე“, იწყებს მუშაობას კვენტინ ტარანტინოს სცენარების თანაავტორის, როჯერ ევერის ტექსტის მიხედვით. თუკი ეს პროექტი განხორციელდა, გამორიცხული არ არის, ვიხილოთ სახარების ტექსტის ყველაზე გაბედული ინტერპრეტაცია კინოში.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG