Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღია მმართველობის ღია და დახურული უწყებები


„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ საჯარო ინფორმაციის გაცემის მიხედვით ყველაზე დახურული და ყველაზე გახსნილი დაწესებულებები დაასახელა. რიგით მეოთხე დაჯილდოებაზე შეფასდა როგორც 2010-2015 წლების ჯამური მონაცემები, ისე უშუალოდ მიმდინარე წლის შედეგები. ხუთწლიანი მაჩვენებლების მიხედვით, ყველაზე ანგარიშვალდებულ საჯარო დაწესებულებებად საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი და დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა დასახელდნენ, 2015 წელს კი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის 4 სამინისტრო დაჯილდოვდა. მიმდინარე წლის მონაცემებით, ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.

საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით, 2015 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ 44 მოთხოვნა დატოვა უპასუხოდ. როგორც ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე ლევან ავალიშვილი ამბობს, ორგანიზაციას პრობლემები ეკონომიკის სამინისტროსთან დაახლოებით ორი წლის წინ დაეწყო, როდესაც“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის“ ინფორმაციის მიცემის რეკომენდაცია, რომელიც სახალხო დამცველს ეკუთვნოდა, სამინისტრომ არ გაითვალისწინა.

ლევან ავალიშვილი
ლევან ავალიშვილი

“არ დააკმაყოფილეს ჩვენი ადმინისტრაციული საჩივრები და ბოლოს მივმართეთ სასამართლოს და სასამართლოს პირველ ინსტანციაში სადღაც ორი თვის წინ მოვუგეთ პროცესი და სასამართლომ დაავალა მათ, რომ გაეცათ სრულყოფილად ჩვენთვის 16-პუნქტიან მოთხოვნაზე პასუხი. ჯერჯერობით არ ვიცი, წაიღებენ თუ არა ზემდგომ ინსტანციაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ წააგებენ როგორც სააპელაციოში, ისე უზენაესში, იმიტომ რომ ზუსტად ასეთი საკითხები იმავე თემატიკაზე ჩვენ უკვე მოვუგეთ ფინანსთა სამინისტროს ცალკე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვედავებით,სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მოვუგეთ აბსოლუტურად იდენტური ქეისი“.

ლევან ავალიშვილისვე განმარტებით, 2014 წელთან შედარებით, 2015 წელს, ეკონომიკის სამინისტროს გარდა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლები ასევე გააუარესეს ისეთმა უწყებებმა, როგორიცაა იუსტიციის სამინისტრო და მთავრობის ადმინისტრაცია.

მიმდინარე წელს კი საქართველოს 286 ადმინისტრაციულ ორგანოს შორის მხოლოდ 8 დაწესებულება აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც სრულიად უგულებელყო კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება და უპასუხოდ დატოვა ინსტიტუტის ყველა განცხადება საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით. კერძოდ, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების“ - იმავე IDFI-ის - მიერ გაგზავნილი ყველა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულმა 7-მა უწყებამ და წალკის საკრებულომ.

საჯაროობა ჩვენ გვიწერია კანონშიც. ვალდებულებაა, რომ ყველა საჯარო უწყება იყოს საჯარო და გამჭვირვალე ჩვენი მოქალაქეებისათვის. შესაბამისად, IDFI-ის მიერ ჩვენი შეფასება არის მკვეთრად დადებითი...
ლაშა თორდია

რაც შეეხება გაუმჯობესებას, ამ ნომინაციაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ გაიმარჯვა, ხოლო საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი და სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაჯილდოვდნენ. გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია დაჯილდოებას შემდეგნაირად გამოეხმაურა:

“საჯაროობა ჩვენ გვიწერია კანონშიც. ვალდებულებაა, რომ ყველა საჯარო უწყება იყოს საჯარო და გამჭვირვალე ჩვენი მოქალაქეებისათვის. შესაბამისად, IDFI-ის მიერ ჩვენი შეფასება არის მკვეთრად დადებითი“.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ სიგელი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის ყველა იმ უწყებას გადაეცა, რომელთაც, პროექტის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100-პროცენტიანი მაჩვენებელი აჩვენეს. ასეთი სულ 57 საჯარო დაწესებულება აღმოჩნდა.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ 2010-2015 წლების შემაჯამებელი ანგარიშის იმ ნაწილში კი, რომელიც ტენდენციებს გამოხატავს, აღნიშნულია, რომ, მიუხედავად ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლის ხშირი ცვლილებისა, 2010 წელთან შედარებით, მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე კი გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა დაწესებულებების ხელმძღვანელთა დამოკიდებულება ღია და ანგარიშვალდებული მმართველობისადმი და არჩევნები. ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ხელმძღვანელი ქეთევან ხუციშვილი ამბობს, რომ სწორედ ამიტომ აუცილებელია სამოქალაქო სექტორი მთავრობას დაეხმაროს, რომ იგი მუდმივად ფორმაში იყოს:

ქეთევან ხუციშვილი
ქეთევან ხუციშვილი

“უშუალოდ 2012 წლის არჩევნების შემდეგ მკვეთრი გაუმჯობესება იყო ინფორმაციის მოწოდებაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ტენდენცია ოდნავ შემცირდა თუ შეიცვალა ისევ ბოლო წლებში. სწორედ ამიტომ არის საჭირო IDF-ის და სხვა მსგავსი ორგანიზაციების მუდმივი მუშაობა და მუდმივად, ასე ვთქვათ, ფორმაში ყოლა ხელისუფლების, რომ ის მზად იყოს უპასუხოს ყველა კითხვას“.

ქეთევან ხუციშვილის აზრით, იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქის გარანტიები ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით კიდევ უფრო გამყარდეს, საჭიროა ხელისუფლებამ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონი მიიღოს. მიმდინარე წელს კი სპეციალური სიგელებით 2015 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის დაჯილდოვდნენ რეგიონალური განვითარების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ლტოლვილთა და განსახლების, გარემოსა და ბუნების დაცვის სამინისტროები და აჭარის მთავრობის აპარატი და სამინისტროები.

XS
SM
MD
LG